ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) 2020 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ანგარიშში დიდი ფრაგმენტია წარმოდგენილი და დეტალურადაა განხილული 2021 წლის გეგმები, სადაც არაერთი საკითხია მიმოხილული ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით.
„განსაკუთრებით გამოვყოფდი UNICEF - თან და UN Women - თან თანამშრომლობით განხორციელებულ თუ მიმდინარე პროექტებს, რომელიც მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს ქმნის კარგ შესაძლებლობას, რომ შემდგომი გაუმჯობესებისთვის გადაწყვეტილებები იქნეს მომზადებული, რომელიც დაფუძნებული იქნება მტკიცებულებებზე და კონკრეტული ინდიკატორები იარსებებს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ანგარიში სხდომაზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ წარმოადგინა.
„საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, შემუშავდა და საქართველოს მთავრობას წარედგინა „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. ახალი კანონპროექტი ეფუძნება გლობალური შეფასების რეკომენდაციებს, ასევე ევროპის სტატისტიკის მოდელურ კანონს და სრულ შესაბამისობაშია ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან“, - განაცხადა მომხსენებელმა.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში მზარდია მოთხოვნა სტატისტიკური მონაცემების მიმართ, რის საფუძველზეც გამოიკვეთა პრიორიტეტები, რომელიც მაქსიმალურ შესაბამისობაში იქნება მოთხოვნებთან და საჭიროებებთან.
„ჩვენი ვებგვერდით წლის განმავლობაში 662 000 მომხმარებელი სარგებლობს. 2020 წელს შევქმენით არაერთი ინტერაქტიული პორტალი, როგორიცაა ეროვნული ანგარიშების პორტალი, საგარეო ვაჭრობის პორტალი. UNICEF - ის მხარდაჭერით შეიქმნა „სტატისტიკა ბავშვებისა და მოზარდებისთვის“, რომელიც სრულიად ახალი სიტყვაა ოფიციალური სტატისტიკის სისტემაში, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით არ აქვს ანალოგი. მსგავსი ტიპის ვებპორტალი აქვს მხოლოდ ბელგიის სტატისტიკას, თუმცა ჩვენი ფუნქციონალი ბევრად აღემატება მას. პორტალი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბავშვებს და მოზარდებს გაიღრმავონ ცოდნა სტატისტიკის სფეროში, გაიუმჯობესონ ინფორმაციის სწორად აღქმისა და ანალიტიკური აზროვნების უნარები, იყვნენ უფრო მეტად ინფორმირებულები ბავშვთა უფლებების შესახებ და მიიღონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინდივიდუალური გადაწყვეტილებები,“ - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
მისი თქმით, დაინერგა დასაქმებისა და უმუშევრობის ახალი სტანდარტები; გაეროს მხარდაჭერით დაიწყო მონაცემთა ალტერნატიული წყაროების გამოყენების შესაძლებლობის შეფასება ტურიზმისა და მიგრაციის მიმართულებით.
მან ყურადღება გაამახვილა განხორციელებულ პროექტებზე, რომელიც ითვალისწინებდა მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის გავლენის შეფასებას ბავშვებზე და მათი ოჯახების კეთილდღეობებზე.
„UNICEF - ის მხარდაჭერით დავიწყეთ ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე კოვიდ19-ის ზეგავლენის შეფასება, რომელიც რამდენიმე ეტაპიანია“, - აღნიშნა მომხსენებელმა.
მისი თქმით, საქსტატი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ევროპის ქვეყნების სტატისტიკის სამსახურებთან.
„საქართველო აირჩიეს გაეროს აზიის და წყნარი ოკეანის ქვეყნების სოციალური და ეკონომიკური კომისიის სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს თავმჯდომარედ 2 წლის ვადით“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
მისი თქმით, 2020 წელს ევროსტატთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდროდ თანამშრომლობდა და სწორედ მათ შეფასებებშია აღნიშნული, რომ საქართველომ უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სტატისტიკის სისტემის განვითარების და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დანერგვის თვალსაზრისით.
„საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლობის (UN Women) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 2020 წლის სექტემბრიდან დაიწყო „დროის გამოყენების გამოკვლევის“ საველე სამუშაოები. გამოკვლევის ფარგლებში, მონაცემთა შეგროვება განხორციელდება ერთი წლის განმავლობაში და დასრულდება 2021 წლის სექტემბერში. გამოკვლევის მიზანს წარმოადგენს გენდერული სტატისტიკის გაუმჯობესება და დროის გამოყენების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება, რაც პირველ რიგში, გულისხმობს ინფორმაციის მიღებას ქალებისა და კაცების მიერ სხვადასხვა აქტივობებზე დახარჯული დროის შესახებ“, - განაცხადა მომხსენებელმა.
მან ისაუბრა ასევე გამოწვევების შესახებ, რომელიც რჩება და სამომავლო გეგმებში 2021 წლისთვის. მისი თქმით, 2021 წლის განმავლობაში დაგეგმილია ახალი სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების დანერგვა, ახალი გამოკვლევების ჩატარება და დამატებითი დეტალიზებული მაჩვენებლების წარმოება, რაც მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის სტატისტიკის არეალის გაფართოებისა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების საბაზისო ინდიკატორების გაანგარიშების თვალსაზრისით.
„დაგეგმილი გვაქვს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის მონაცემთა გავრცელების შესაძლებლობების გაუმჯობესება, რაც გულისხმობს საქსტატის ვებგვერდის ადაპტირებას და მათთვის ოფიციალური სტატისტიკის ხელმისაწვდომობის გაზრდას“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
მომხსენებელმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ანგარიშში წარმოდგენილი 5 პროექტის ფარგლებში არის კვლევა, რომელთა შედეგების გაცნობა, მათ შორის, შუალედური ინფორმაციის არსებობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.
„ბევრი ნიშანდობლივი და საინტერესო მიმართულება იკვეთება, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს ახალი გადაწყვეტილებების მიღების ურგენტულ აუცილებლობაზე“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი თქმით, კომიტეტის სხდომაზე მოისმინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ბევრი სიახლე გახდა ცნობილი.
„ჩვენი თანამშრომლობის საფუძველზე, ბევრ საინტერესო და ნაყოფიერ პროექტებს ჩაეყრება საფუძველი. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება “, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.