ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე კანონპროექტი „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“, გამომდინარე კანონპროექტებთან ერთად, ერთ-ერთმა ინიციატორმა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა წარმოადგინა.
მისი თქმით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მწვავედ დგას ქარსაფარი ზოლების მოვლა-აღდგენის, დაცვისა და, ზოგადად, სამართლებრივი სტატუსის საკითხი.
მისივე განმარტებით, კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე განვითარებული გაუდაბნოების პროცესის პრევენციის მიზნით, ქვეყნის სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე და დასახლებული პუნქტების მიმდებარედ, პრაქტიკულად განადგურებული ქარსაფარი ზოლების აღდგენა–შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც სასოფლო–სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის ამაღლების მხრივ, ისე მოსახლეობისთვის საჭირო ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად.
„კანონპროექტი ქმნის საფუძველს: განისაზღვროს ქვეყანაში ქარსაფარ ზოლებთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკა, დადგინდეს ქარსაფარი ზოლების აღდგენასთან, გაშენებასთან, მოვლასთან და დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისი ინფორმაციით, საქართველოს სოფლის მეურნეობის, მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობის (AMMAR) პროექტის ფარგლებში, 2019 წლის თებერვალში კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მიერ მომზადდა „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ანგარიში.
მისი მომზადების შემდგომ, კანონპროექტმა განიცადა რიგი ცვლილებები, თუმცა, ანგარიშში მოცემული ინფორმაცია. გამოყენებულია როგორც კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგების, ისე სხვა ქვეყნების გამოცდილების მიმოხილვის და კანონპროექტის ფინანსური დასაბუთების ნაწილში.
მომხსენებელმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
თვითმმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა წარმოდგენილი საკითხი შეაფასა როგორც მნიშვნელოვანი და აუცილებელი კანონპროექტი.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კომიტეტის რედაქციული ხასიათის რეკომენდაციებს კომიტეტის დასკვნაში ასახავს.
კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტს.
დღესვე ადამიანის უფლებათა დავისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, კანონპროექტი განიხილა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილება მიზნად ისახავს სისხლის სამართლის პროცესში მოწმეებთან და დაზარალებულებთან კომუნიკაციის გამარტივებას, მათთვის შესაძლო დანაშაულის ჩადენით მიყენებული სტრესის შემცირებასა და მეორეული ვიქტიმიზაციის პრევენციას.
საკანონმდებლო პაკეტი დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარუდგინა.
მისი თქმით, 2011 წლიდან საქართველოს პროკურატურის სისტემაში მოქმედებს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური.
მისივე ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობით, გამომძიებელს არ აქვს უფლება, სისხლის სამართლის პროცესში ჩართოს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი.
„იმ პირობებში, როდესაც მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური მოქმედებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაშიც, არაეფექტურია კოორდინატორის პროცესში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მხოლოდ პროკურორის მიერ მიღება. ოპერატიული რეაგირების მიზნით, აუცილებელია გამომძიებელს გამოძიების ეტაპზე მიენიჭოს მსგავსი უფლებამოსილება“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
მისი თქმით, კანონპროექტის მიღების შედეგად, გამომძიებელს მიენიჭება უფლებამოსილება, საქმის სასამართლოში წარმართვამდე მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი ჩართოს სისხლის სამართლის საქმეში.
ამასთან, პროკურორის მიერ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სისხლის სამართლის საქმეში ჩართვა შესაძლებელი იქნება სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე.
მომხსენებლის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური ფუნქციონირებს მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურაში, საგამოძიებო ორგანოებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, მსგავსად მოქმედი რეგულაციებისა, მიმართონ პროკურორს საქმეში პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ჩართვის მიზნით.
შესაბამისად, პროექტი საგამოძიებო ორგანოებს არ აკისრებს ახალი სამსახურის შექმნის ვალდებულებას და არ ადგენს მათ მიმართ ახალ რეგულაციებს.
კანონპროექტთან დაკავშირებით, დეპუტატებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და კითხვები დაუსვეს მომხსენებელს.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს არსებული 14 კოორდინატორი საკმარისი არ არის და ეს რიცხვი უნდა გაიზარდოს.
მისი თქმით, პირველ რიგში, ეს გააჩენს შესაძლებლობებს რეგიონული დაფარვის თვალსაზრისით და, მეორეც, ოპერატიულობა, ეფექტიანობა და ხარისხი ამასთან იქნება დაკავშირებული.
„ძალიან მნიშვნელოვანია მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტის გაძლიერება, ამ მოქმედი ინსტრუმენტის დანერგვა-განხორციელების პროცესის ხელშეწყობა. მიიჩნევა, რომ ეს სისხლისსამართლებრივ პროცედურებში ერთ-ერთი გაუმჯობესებაა იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ბევრ, სენსიტიურ დანაშაულებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კოორდინატორი, რათა რაც შეიძლება მაღალი სტანდარტით იყოს უზრუნველყოფილი მსხვერპლის და მოწმის (რომელიც ხშირ შემთხვევაში ერთი და იგივე პირი შეიძლება იყოს) უფლებრივი მდგომარეობა. გასულ წლებში ეს საკანონმდებლო ცვლილებებით განმტკიცდა პროკურატურის შემთხვევაში და, ვფიქრობ, აბსოლუტურად ლოგიკური და თანმიმდევრულია, შინაგან საქმეთა სამინისტროში იგივე ინსტრუმენტების განმტკიცება საკანონმდებლო დონეზე“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.