დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი მეორე მოსმენით განიხილეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ენუქიძემ მუხლობრივად წარადგინა.
მისი განმარტებით, პროექტში გათვალისწინებულია ის შენიშვნები, რომელიც საკითხის პირველი და მეორე მოსმენით განხილვისას იქნა გამოთქმული.
მომხსენებლის განმარტებით, 49¹ მუხლის მესამე პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით, „კერძოდ, 2012 წლის 31 დეკემბრის შემდეგ აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზებით სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში, ეს მუხლი არ ვრცელდება საპრივატიზაციო სარგებლობაში გადაცემის საფასურზე და აქედან გამომდინარე, გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმაზე“, - განაცხადა ნინო ენუქიძემ.
მისივე თქმით, ახალი რედაქციით ყალიბდება 49³ მუხლი, რაც ითვალისწინებს მოქმედ რედაქციაში პანდემიის დამატებას.
პროექტის მიხედვით, მთავრობა უფლებამოსილია დელეგირება მისცეს შესაბამის სტრუქტურას - ქონების მმართველს, თავად განახორციელოს პატიებები და ხელშეკრულების მოდიფიცირება.
მომხსენებლის განმარტებით, მთავრობა დაადგენს კონკრეტულ ვადას, თუ როდემდე ექნებათ კონტრაჰენტებს უფლება, რომ პანდემიის გამო არსებული ხელშეკრულებების ცვლილებები და პირობების მოდიფიცირება მოითხოვონ.
პროექტის მიხედვით, მთავრობას დაევალება სამი თვის ვადაში მიიღოს ქონებით მოსარგებლეთა მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ სახელმწიფო მთავრობის დადგენილება.
დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა, კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონების პროექტი წარადგინა.
„კონკურენციის სააგენტოში უნდა შექმნილიყო და წელს ამუშავებულიყო სამეთვალყურეო საბჭო. ვინაიდან პანდემიის გამო, ნებისმიერი დამატებითი ხარჯის გაწევას ბიუჯეტიდან განსაკუთრებით ვუფრთხილდებით, ამიტომ დაყენებული იყო შუამდგომლობა, რომ სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა ორი წლით გადავადდეს. მაქსიმალურად მოვუფრთხილდეთ ნებისმიერ დამატებით ხარჯს, და ეს რესურსი მივმართოთ უფრო მეტად მნიშვნელოვანი მიზნობრიობისკენ“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
სხდომაზე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა, კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი თანმდევ საკითხებთან ერთად წარადგინა.
კანონპროექტის მიღების მიზეზს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში გარკვეული საკითხების დაზუსტება და დარეგულირება წარმოადგენს.
კანონპროექტით ზუსტდება ზოგიერთი ტერმინი, მათ შორის, მცირე ბიზნესის ტერმინი. დგინდება ბიზნეს სტატუსის განმარტება.
კანონპროექტით ხდება ვეტერინარიის, როგორც რეგულირებადი პროფესიის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირება; ასევე, დაზუსტდა ტერმინი ვეტერინარი და ვეტერინარი ტექნიკოსი.
კანონპროექტში შემოდის ტერმინი სპირტიანი სასმელი. ამასთანავე, გარკვეული დარღვევებისთვის მკაცრდება პასუხისმგებლობები.
რიგ შემთხვევებში, შემოტანილი არის ახალი სახის პასუხისმგებლობები, რაც ეხება ბავშვთა და ჩვილ ბავშვთა საკვები პროდუქტების შესახებ მომხმარებლების შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდებას.
ასევე გაზრდილია საჯარიმო სანქციები სხვა სამართალდარღვევებზე.
„განსაკუთრებულად არალოიალურად მივუდექით იმ ჯარიმებს, როდესაც უკვე გაფრთხილებული სუბიექტი ხელახლა იმეორებს კანონდარღვევას და ამ შემთხვევაში ჯარიმა კიდევ უფრო მკაცრია“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, ამავე ცვლილებებით განისაზღვრება აუდიტის წესი, რომელიც იმ ბიზნესოპერატორებთან განხორციელდება, რომელსაც დანერგილი აქვს ჰასპის სისტემა.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომაზე, თანმდევ საკითხებთან ერთად, წარადგინა „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის პროექტი, რომელიც ქმნის საფუძველს განისაზღვროს ქვეყანაში ქარსაფარ ზოლებთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკა; დადგინდეს ქარსაფარი ზოლების აღდგენასთან, გაშენებასთან, მოვლასთან და დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები.
„აღნიშნული ინიციატივა არის სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის გაცილებით ფართო ხედვა, გამომდინარე იქიდან, რომ ქარსაფარი ზოლების აღდგენა და მოწყობა ერთი მხრივ იცავს ნიადაგს ქარისმიერი ეროზიებისგან და მეორე მხრივ, პირდაპირ კავშირშია, განსაკუთრებით კი ერთწლოვანი კულტურების პროდუქტიულობის ამაღლებასთან“, - განაცხადა მომხსენებელმა.
ნინო წილოსანის თქმით, მას შემდეგ რაც ქარსაფარი ზოლი გაშენდება, სახელმწიფო მას ან მუნიციპალიტეტს ან ფერმერთა ჯგუფს გადასცემს, რომელთაც კონკრეტულად ეს ქარსაფარი ზოლი ესაზღვრება თუმცა, ამასთანავე მათ დაევალებათ ამ ქარსაფარი ზოლების მოვლა-პატრონობა.
კანპონპროექტის მიხედვით, ახალი ქარსაფარი ზოლების აღმოჩენისას, აუცილებელია მესაკუთრის თანხმობა და ამასთანავე გაწერილია მწვანე ნარგავების მოსპობა-დაზიანებასთან დაკავშირებით კონკრეტული სანქციები.
კანონპროექტით დარეგულირდება სტატუსის მინიჭება, შეწყვეტა და სპეციალური ჭრები.
„სტატუსის შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებულ პირობებში და ეს პირობა უნდა აღემატებოდეს იმ ძალიან მნიშვნელოვან სარგებელს, რომელიც ზოგადად ქარსაფარ ზოლებს აქვს. კანონი ამოქმედდება გამოცემიდან მეთხუთმეტე დღეს, გარდა იმ მუხლებისა, რომელთა მომზადებისთვის ჩასატარებელია კონკრეტული სამუშაოები“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, კანონპროექტის შემუშავებისას გათვალისწინებულია, რომ ქარსაფარი ზოლი იმგვარად იყოს აღდგენილი და გაშენებული, რომ მას გარკვეულწილად კომერციული სარგებელიც ჰქონდეს.
კომიტეტის წევრებმა ასევე განიხილეს, საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი 2013 წლის 20 აგვისტოს „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი II)“ N3 ცვლილების წერილ-შეთანხმება, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო საქართველოს რეგიონების მასშტაბით, 23 ქალაქში წყალმომარაგების სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.
პროექტის განხორციელების საწყისი ვადები იყო 2014-2016 წწ. პროექტის მიმდინარეობისას დეტალური პროექტირების დაზუსტების ეტაპზე გამოიკვეთა დამატებითი სამუშაოების შესრულების აუცილებლობა, რამაც გამოიწვია სამუშაოების ვადის გახანგრძლივება და შესაბამისად, საჭირო გახდა პროექტის დასრულების ვადის გადაწევა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, EIB- თან შეთანხმების შედეგად, ფინანსურ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები და სესხის ჩამორიცხვის ბოლო ვადად განისაზღვრა 2018 წლის 20 აგვისტო.
„სესხის 40 მლნ ევროდან უკვე ჩამორიცხულია 31,6 მლნ ევრო და ჩამოსარიცხია 8,4 მლნ ევრო. აღნიშნულ ხელშეკრულებას ვადა უკვე გაუვიდა, ანუ ჩამორიცხვის საშუალება უკვე აღარ არის თუმცა, ამავდროულად, ბიუჯეტის რესურსი ოვერდრაფტის სახით დახარჯული გვაქვს დაახლოებით 11,6 მლნ. ლარი და სწორედ იმისთვის, რომ ჩვენ მიერ დახარჯული თანხის ჩამორიცხვა შევძლოთ, ამისთვის შედის ხელშეკრულებაში ცვლილება“, - განმარტა მთავრობის წარმომადგენელმა.
კომიტეტის წევრებმა განხილული საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.