ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე სესიამ მუშაობა დაასრულა
მთავარ დებატებზე საქართველოს მხრიდან მოხსენება გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა.
მან ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობაზე და ევროკავშირი-საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დინამიკაზე.
მთავარ თემაზე სპიკერების გამოსვლის შემდეგ გაიმართა დებატები ასამბლეის წევრების მონაწილეობით.
„ყველა ვთანხმდებით, რომ კოვიდ-19 არ არის მარტო გლობალური პანდემია, ეს არის ჯანდაცვის კრიზისი, რამაც გავლენა მოახდინა გლობალურ ეკონომიკაზე. პანდემიის ფონზე ეკონომიკის გამოწვევების საპასუხოდ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადამწყვეტი ზომები, დონორი ორგანიზაციების, სტრატეგიული პარტნიორების და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით შეიმუშავა და განახორციელა კოვიდპანდემიის საპასუხო კომპლექსური პროგრამა, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა წარმატებით შეგვენარჩუნებინა სტაბილურობა პანდემიის პირველი და მეორე ტალღის დროს“, - განაცხადა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა იმუნიზაციის პროცესზე, რაც საქართველოს ეროვნული პრიორიტეტი გახდა. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ეფექტური ვაქცინაციის პროცესი უზრუნველყოფილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. კოვაქს პლატფორმის დახმარებით საქართველო მიღებს მოსახლეობის 20%-ის საკმარის ვაქცინას.
მარიმ ქვრივიშვილმა კოვიდპანდემიის დროს საქართველოსთვის გაწეული ფინანსური დახმარებისთვის ევროკავშირს მადლობა გადაუხადა.
დებატებისას, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ადგილზე ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე ისაუბრა.
„რუსეთის ფედერაცია აგრძელებს მის დესტრუქციულ ქმედებებს. საოკუპაციო რეჟიმების მიერ ხორციელდება მოქალაქეთა გატაცება და უკანონო დაკავებები, რომელიც კიდევ უფრო აუარესებს ადგილზე არსებულ მდგომარეობას. ამჟამად, საოკუპაციო რეჟიმის მიერ არაერთი ადამიანია უკანონოდ დაპატიმრებული როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში. აღსანიშნავია, უკანონოდ დაპატიმრებული ზაზა გახელაძის საქმე, რომელსაც მისჯილი აქვს 12 წლით უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა. იგი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 2020 წლის 11 ივლისს უკანონოდ დააპატიმრეს. ეს ფაქტი არის დადასტურება იმისა, რომ რუსეთი არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და გაეროს გენერალური მდივნის მოწოდებას გლობალური ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, რუსეთის მიერ უხეშად ირღვევა ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მან ასევე ისაუბრა ირაკლი ბებუას საქმესთან დაკავშირებით, რომელიც 2020 წლის 30 სექტემბერს ე.წ. აფხაზეთის დროშის დაწვისთვის უკანონოდ დააპატიმრეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
„მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ მოვუწოდო ზაზა გახელაძის და ყველა უკანონოდ დაპატიმრებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისაკენ, რაშიც გვჭირდება ევროპელი პარტნიორების აქტიური და ძლიერი მხარდაჭერა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
პლენარულ სესიაზე მიღებულ იქნა ასამბლეის კომიტეტების მიერ შემუშავებული რეზოლუციები:
- „დემოკრატიული პროცესების გაძლიერება: პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, სამართლიანი საარჩევნო გარემოს და თავისუფალი და პლურალისტური მედიის როლი“;
- „ენერგოეფექტურობა, დივერსიფიკაცია და დამოუკიდებლობა: ევროპული ენერგეტიკული პოლიტიკის განმტკიცებისთვის საჭირო შესაძლებლობების განხორციელება და ენერგეტიკული უსაფრთხოების საწინააღმდეგო ქმედებებთან გამკლავება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“;
- „ცხოვრების ხარისხი, გამართული ჯანდაცვის სისტემა და მდგრადი საპენსიო რეფორმები ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“;
- „განათლებისა და ეკონომიკის სინერგია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“.
სესიის ფარგლებში ასამბლეამ შეიმუშავა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის ტექსტი „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის და ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის რეკომენდაციების თაობაზე“.
აღსანიშნავია, რომ Trio Plus Strategy 2030 გათვალისწინებით, რეზოლუცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღმოსავლეთ პარტნიორობის უფრო მოწინავე ქვეყნებისთვის, რომლებსაც აქვთ ასოცირების შესახებ შეთანხმებები, ევროკავშირის გრძელვადიანი ინსტრუმენტების გამოყენების საჭიროებას, რაც ასოცირებულ ქვეყნებს დაეხმარება გაზარდონ მოტივაცია მომდევნო ათწლეულში განსახორციელებელი რეფორმებისათვის.
ინიცირებულ რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავება, რომელიც მთლიანად რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღეობის გარანტს წარმოადგენს. ასევე ხაზგასმულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა უნდა გავრცელდეს იმ პარტნიორებზე, რომლებიც ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის პირობებს აკმაყოფილებენ.
რეზოლუციის პროექტი გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას გაიყვანოს სამხედრო ძალები ამ ქვეყნების ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი ეხმაურება რეგიონში არსებულ გამოწვევებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერის თემას და რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებს.
დოკუმენტი სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს რუსეთის ფედერაციას, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, რომელიც განხორციელდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს და ასევე აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების მნიშვნელობა და მისი შესრულების აუცილებლობა.
რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და ევროკავშირის საბჭოს, რომ გაავრცელონ ევროკავშირის ადამიანის უფლებების სფეროში გლობალური სანქციები იმ პირებზე, რომლებმაც განახორციელეს უკანონო დაპატიმრებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
დოკუმენტში, ასევე, ხაზგასმულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობა.
რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუშვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, მისი მანდატის შესაბამისად, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რეზოლუციის მიღება მოხდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე რამდენიმე თვით ადრე.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე სესიამ მუშაობა დაასრულა, რის შემდგომაც ასამბლეის თანათავმჯდომარეებმა მაკა ბოჭორიშვილმა და ანდრიუს კუბილიუსმა ერთობლივი ონლაინ პრესკონფერენცია გამართეს.