გიორგი ვაშაძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ვაშაძე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა, რომლებმაც საქართველოს პარლამენტსა და აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, პარლამენტში ერთთვიანი პრაქტიკა გაიარეს. პარლამენტის წევრი სტუდენტებს საქართველოს საშინაო და საგარეო მდგომარეობაზე, უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და რუსეთის მცოცავი ოკუპაციის შესახებაც ესაუბრა.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე პროცესებმა გეოპოლიტიკური ვითარება შეცვალა, რაც საქართველოზეც იქონიებს გავლენას. პარლამენტის წევრი სტუდენტებს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზეც ესაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარია, ხელისუფლებამ სწორად დაგეგმოს ქვეყნის სტრატეგია, ასევე, მკვეთრად უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია საერთაშორისო არენაზე.
გიორგი ვაშაძემ სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა. სტუდენტები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაშვებული შეცდომების შესახებ დეპუტატის აზრით დაინტერესდნენ. გიორგი ვაშაძის თქმით, გამოწვეული პრობლემების მიზეზი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ძლიერი ოპოზიციის არ არსებობა და ძალაუფლების მონოპოლიზაცია იყო. დეპუტატის განცხადებით, პოლიტიკური პარტია განახლებას საჭიროებს.
გიორგი ვაშაძეს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის შესახებაც სთხოვეს. „ნებისმიერმა დემოკრატიულმა საზოგადოებამ გაიარა ეს პროცესი. ეს არის ცივილიზებული ქვეყნის ცივილიზებული განცხადება“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა.
სტუდენტებმა დეპუტატს რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობის მომავალზე პროგნოზის გაკეთებაც სთხოვეს. გიორგი ვაშაძის განმარტებით, უკრაინის მოვლენების შემდეგ ევროკავშირისა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სტრატეგია სხვა ჭრილში გადავიდა. რუსეთის წინააღმდეგ ერთ-ერთ მთავარ ბერკეტად პარლამენტის წევრმა ეკონომიკური სანქციები დაასახელა და აღნიშნა, რომ რამდენიმე წელიწადში დასავლური სამყარო ამ ომში გამარჯვებული გამოვა.