იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე პირველი მოსმენით იმსჯელეს.
კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, წვრილმანი ხულიგნობისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელების სამართალდარღვევები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით არის განსაზღვრული.
შესაბამისად, აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელება.
„კანონპროექტით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ახალი რედაქციით ყალიბდება ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა - სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
კომიტეტის წევრებმა განიხილეს ასევე კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას ისახავს მიზნად. ანრი ოხანაშვილის განმარტებით, ინიციატივა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება.
„ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განისაზღვრება. ამიტომ საჭიროა, შესაბამისი ცვლილება შევიდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. კანონპროექტით დგინდება, რომ ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 48 საათისა, წარედგინება სასამართლოს. თუ დაკავებული პირი ამ ვადაში არ წარედგინა სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“, - განაცხადა მომხსენებელმა.
მისი თქმით, სასამართლოში წარდგენამდე, დაკავებული პირი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შეიძლება მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება უზრუნველყოფს პირის დაკავებისა და სასამართლოში წარდგენის ერთნაირი ვადის დადგენას და, ამდენად, თანასწორ მოპყრობას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირთა ჯგუფების მიმართ.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.