იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სისხლის სამართლის საქმეში ჩართვაზე უფლებამოსილი პირი, პროკურორთან ერთად, გამომძიებელიც იქნება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, თანმდევ პროექტებთან ერთად.
ცვლილებების თანახმად, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სისხლის სამართლის საქმეში ჩართვაზე უფლებამოსილ პირად, პროკურორთან ერთად, გამომძიებელიც განისაზღვრა.
ცვლილებების თანახმად, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის მიზანშეწონილობის საკითხი პროკურორის მიერ განიხილება სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე, ხოლო გამომძიებლის მიერ − საქმის სასამართლოში წარმართვამდე.
პროექტის მიხედვით, შსს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი უფლებამოსილი იქნება მოწმესა და დაზარალებულს მიაწოდოს ინფორმაცია გამომძიებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და განხორციელებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების, აგრეთვე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, ხოლო საქმის სასამართლო განხილვისას დასწრების უფლება ექნება მხოლოდ პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორს.
მომხსენებლის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საქართველოს პროკურატურის სისტემაში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური 2011 წლიდან მოქმედებს, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური 2019 წლიდან ამოქმედდა და დღეის მდგომარეობით, საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.
მისივე თქმით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებული რედაქციით, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სისხლის სამართლის პროცესში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი, ხოლო იმ პირობებში, როდესაც სამსახური არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაშიც, ოპერატიული რეაგირების მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიების ეტაპზე მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება გამომძიებელსაც მიენიჭოს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის შეფასებით, წარმოდგენილი ცვლილებები კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს დაზარალებულ პირთა უფლებების დაცვას.
„ეს ინსტიტუტი საკმაოდ წარმატებულ ფუნქციონირებს სამართალწარმოების პროცესში და ვფიქრობთ, რომ აღნიშნული სიახლე ხელს შეუწყობს დაზარალებულ პირთა უფლებების კიდევ უფრო მეტად დაცვას და გაზრდას“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
სამეწარმეო ურთიერთობები ახალი საკანონმდებლო აქტით დარეგულირდება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „მეწარმეთა შესახებ“ კანონპროექტი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალ სხვა კანონპროექტებთან ერთად.
კანონპროექტი: ერთმანეთისგან მიჯნავს კაპიტალის ტიპებს; ადგენს ყველა ფორმის სამეწარმეო საზოგადოების ორგანოებთან - პარტნიორთა კრებასთან, სამეთვალყურეო საბჭოსთან, ხელმძღვანელ ორგანოებთან დაკავშირებულ ზოგად წესებს; აწესრიგებს სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაციის და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მეწარმის რეგისტრაციის საქართველოში გადმოტანის საკითხებს; აწესრიგებს ინდმეწარმის ან სამეწარმეო საზოგადოების არსებობის შეწყვეტის პროცესს და გამოყოფს არსებობის შეწყვეტის სამ სტადიას; არეგულირებს ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებულ საკითხებს და განსაზღვრავს პარტნიორთა კრების, სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორის გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტებს, ვადებს და ასევე, სხვა საკითხებს.
მომხსენებლის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, კანონპროექტს ორი ძირითადი მიმართულება აქვს.
„პირველი, ეს არის უფრო მკაფიო, განჭვრეტადი რეგულაციების შემოტანა, რომელიც ბიზნესს საშუალებას მისცემს ორგანიზაციული საკითხები უკეთ დაარეგულიროს, მაგალითად, უკეთ განახორციელოს ბიზნეს ინიციატივები და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი - ევროპული სტანდარტების შემოტანა, რაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის მოთხოვნებიდანაც გამომდინარეობს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
კანონპროექტით შემოთავაზებული მთელი რიგი ნორმებისა, ერთი მხრივ, საწესდებო ავტონომიის პრინციპს გაამყარებს, ხოლო, მეორე მხრივ, მარეგულირებელ ფუნქციას შეასრულებს ამგვარი ავტონომიით სარგებლობის პროცესში.
კანონის ამგვარი მიდგომით, მხარეები შეძლებენ, უკეთ მოაწესრიგონ კორპორატიული ურთიერთობები, ხოლო ცალკეული საკითხის წესდებით მოუწესრიგებლობის შემთხვევებისთვის იარსებებს შესაბამისი ნორმატიული ბაზა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ის საკანონმდებლო ვაკუუმი, რომელიც დღეისათვის ხელს უშლის, ერთი მხრივ, ამ ურთიერთობის მონაწილეებს და, მეორე მხრივ, სასამართლოს - სადავო საკითხების სათანადოდ განხილვასა და გადაწყვეტაში. ამასთან, გაუმჯობესდება მინორიტარ პარტნიორთა და მესამე პირთა უფლებების დაცვის ხარისხი და გაიზრდება კორპორატიული გამჭვირვალობა.
მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ის, რომ კანონპროექტის ნორმები ადგენს იმ კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც უნდა განისაზღვროს კანონპროექტის კონკრეტული ნორმა დისპოზიციური ხასიათის მატარებელია, თუ იმპერატიული.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
აღსრულების სფერო ერთიანი, სისტემატიზებული სამართლებრივი დოკუმენტით დარეგულირდება, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლიანობის, პროპორციულობის და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზე
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „აღსრულების კოდექსი“ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები.
კანონპროექტით წესრიგდება აღსასრულებელი დოკუმენტების აღსრულების პროცესი, განისაზღვრება საქართველოს აღმასრულებელთა პალატის მოწყობისა და საქმიანობის, აგრეთვე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მომსახურების გაწევის წესი და პირობები.
უქმდება „აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლისა“ და „კერძო აღმასრულებლის“ ინსტიტუტები და ყალიბდება აღსრულების სრულიად ახალი სისტემა.
მომხსენებლის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ახალი მოდელი მთლიანად ორიენტირებულია კერძო სააღსრულებო სისტემის დანერგვაზე.
„ეს იმას გულისხმობს, რომ მთლიანად შემოღებული იქნება „კერძო აღმასრულებლის“ კერძო პროფესია. შესაბამისად, მათზე იქნება დელეგირებული უფლებამოსილება. ეს იქნება, რა თქმა უნდა, რეგულირებული პროფესია. ამ შემთხვევაში მაკონტროლებელი ძირითადი ორგანო იქნება აღსრულების ეროვნული ბიურო, რომელიც შეინარჩუნებს სტატუსს, მაგრამ ეს იქნება თვისობრივად განსხვავებული დაწესებულება თავისი ფუნქციებით. მისი ძირითადი ფუნქცია იქნება, ერთი მხრივ, აღმასრულებელთა საქმიანობის კონტროლი და მეორე მხრივ, სააღსრულებო პროცესის იმ სერვისებით უზრუნველყოფა, რომელიც, ამ შემთხვევაში, შეიძლება გენერალიზებული ფორმით არსებობდეს ერთი დაწესებულების ქვეშ და შესაბამისად, ეს თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს ყველა კერძო აღმასრულებლისთვის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ახალი სისტემის ერთ-ერთი კომპონენტია აღმასრულებელთა პალატა, რომლის შემადგენლობაში შედის ყველა აღმასრულებელი.
მომხსენებელმა, ასევე, აღნიშნა, რომ გარდამავალ პერიოდში კერძო აღმასრულებლებისთვის გათვალისწინებული იქნება, შემთხვევით შერჩევის პრინციპით, საქმეთა ავტომატური განაწილების ელექტრონული სისტემა. აღმასრულებელებს, ასევე, განესაზღვრებათ სამოქმედო ტერიტორია.
მისივე თქმით, ახალი კოდექსის ამოქმედებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, აღმასრულებელი უფლებამოსილი იქნება საქმეთა ავტომატური განაწილების ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიღებული საქმეების გარდა, კრედიტორის მომართვისა და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, სამოქმედო ტერიტორიის პრინციპის გათვალისწინების გარეშეც განახორციელოს სააღსრულებო საქმიანობა.
კოდექსის მიღებით საქართველოს სააღსრულებო კანონმდებლობა მაქსიმალურად ჰარმონიზებული იქნება ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების, მათ შორის, საკუთრების უფლების, დაცვას და, ზოგადად, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
ქარსაფარი ზოლის აღდგენასთან, გაშენებასთან, მოვლასთან და დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები ახალი სამართლებრივი ბაზით იქნება განსაზღვრული
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“, თანმდევ პროექტებთან ერთად.
კანონპროექტით რეგულირდება ისეთი საკითხები, როგორიცაა: ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭება და ქარსაფარი ზოლის აღრიცხვა; ქარსაფარი ზოლის აღდგენა-გაშენება და მართვა; ქარსაფარი ზოლის მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოები და პირები; ქარსაფარი ზოლების აღდგენა-გაშენებისა და მართვის ღონისძიებების დაფინანსება.
მომხსენებლის, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განაცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარების ფართო ხედვის ნაწილია და არა კონკრეტული, ცალკე აღებული ინიციატივა.
„ახალი კანონი დაარეგულირებს, ერთი მხრივ, სოფლის მეურნეობაში არსებულ სერიოზულ გამოწვევას - ნიადაგის ქარის მიერ ეროზიას და პროდუქტიულობის ამაღლებას და მეორე მხრივ, ის პირდაპირ კავშირშია გარემოს დაცვით პრინციპებთან“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
კანონპროექტით განსაზღვრულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვალდებულება 2022 წლის პირველ მარტამდე უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის გეგმის მომზადება და დამტკიცება.
ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის პროცესი 2025 წლის პირველ მარტამდე უნდა დასრულდეს.
კომიტეტმა, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.