იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“- ის შესახებ კანონში ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანმდევ პროექტებთან ერთად.
კანონპროექტის თანახმად, სპეციალური დაცული სადგომების შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, დაინერგება საფასურის გადახდევინების ეფექტური მექანიზმი, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ აღნიშნული სერვისის მიწოდების ეფექტიანობის ამაღლებას.
მომხსენებლის, შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის, ლანა ცანავას განცხადებით, თუ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მესაკუთრე ან კანონიერი მფლობელი დადგენილ ვადაში არ გადაიხდის შესაბამის საფასურს, ასეთ შემთხვევაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“- ის უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს, რითაც პირს აძლევს გარკვეულ ვადას - არანაკლებ 30 დღეს და ამ ვადაში უნდა იქნეს გადახდილი შესაბამისი საფასური.
„იმ შემთხვევაში, თუ ამ საფასურს პირი არ გადაიხდის, ამას მოჰყვება უკვე აღსრულების ფურცლის გამოცემა. სააღსრულებო ფურცელი, დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, იგზავნება სააღსრულებო ბიუროში და იწყება იძულებითი აღსრულების პროცედურები. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ კანონი საკმაოდ ლმობიერ მექანიზმებს ითვალისწინებს. ეს გამოიხატება იმაში, რომ იძულებითი აღსრულება განხორციელდება მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებაში და შესაბამისად, მოვალის სხვა ქონებაზე, როგორიც არის მიწა, სახლი და სხვა, უზრუნველყოფის ღონისძიებები არ იქნება გამოყენებული“, - აღნიშნა მომხსენებელმა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პირს აქვს სურვილი გაასაჩივროს „112“- ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ამის შესაძლებლობა მას ექნება.
„გასაჩივრების მექანიზმები არ არის შეზღუდული, ეს შეიძლება გაგრძელდეს ბოლო ინსტანციამდე. იძულებითი აღსრულების პროცედურები აღნიშნული გასაჩივრების მექანიზმების ამოწურვის შემდგომ განხორციელდება“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა.
ლანა ცანავამ ასევე აღნიშნა, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს „112“-ს მიერ შეტყობინების გაგზავნას და შეტყობინების გაგზავნის მექანიზმები აღებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსიდან“.
მისივე თქმით, კანონპროექტი გარკვეულ ამნისტიასაც ითვალისწინებს.
„ამნისტიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მიუხედავად პირის დავალიანებისა, 100 ლარის გადახდის სანაცვლოდ, მას შეუძლია წაიყვანოს თავისი ავტომანქანა. მთავარია, რომ ეს განახორციელოს კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში. გარდა ამისა, ეს შეეხება არა მარტო იმ ავტომანქანებს, რომლებიც დღეს დგას დაცულ სადგომზე, არამედ, რომელთა მიმართაც დაწყებულია სასამართლო სამართალწარმოება ან დასრულებულია ან გადაცემულია სააღსრულებო ბიუროში“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა.
ლანა ცანავას განმარტებით, დღეის მდგომარეობით „112“-ს არ გააჩნია ეფექტიანი ბერკეტი, რითაც შეუძლია კანონიერი მფლობელი ან მესაკუთრე აიძულოს სატრანსპორტო საშუალების იძულებით გაყვანა.
„2014-2020 წლებში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დაცულ სადგომზე შემოვიდა 73 820 მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, საიდანაც დღემდე დგას 1207 მექანიკური სატრანსპორტო საშუალება. დამატებითი დაცული სადგომების იჯარის ღირებულებამ 2015-2020 წლებში (ოქტომბრის მდგომარეობით) შეადგინა 551,874.07 ლარი. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დაცულ სადგომზე მყოფი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დგომისთვის დავალიანება კი, 3 735 195 ლარს შეადგენს“, - განაცხადა მომხსენებელმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონების პროექტები: „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
კანონპროექტის მიღებით დარეგულირდება ვეტერინარულ საქმიანობასთან დაკავშირებული ურთიერთობები, მოხდება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორების განსაზღვრა და სააგენტოს ექნება შესაძლებლობა ზუსტად დააიდენტიფიციროს აღნიშნული ბიზნესოპერატორები.
ამასთან, სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილ პირს მიეცემა შესაძლებლობა მის მიერ გამოწერილი ყველა საჯარიმო ქვითარი ადრესატს დროულად ჩააბაროს, რითაც უზრუნველყოფილი იქნება საჯარიმო ქვითრების აღსრულება.
შესაძლებელი გახდება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სამართალდარღვევების ზუსტად იდენტიფიცირება და მათზე შესაბამისი რეაგირება.
ასევე, სპირტიანი სასმელის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და დისტილატების წარმოებისა და გადამუშავების ეტაპზე კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ღვინის ეროვნული სააგენტო. კანონპროექტით, ასევე, ხდება ზოგიერთი ტერმინის ცვლილება და ახლის დამატება.
კომიტეტმა განხილვის დროს გამოთქმული შენიშვნებისა და დათქმის გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე გატანას.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ თანმდევ პროექტებთან ერთად.
კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ორი ახალი დანაშაული: კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით და ყალბი ოფიციალური კომპიუტერული მონაცემის შექმნა.
კანონპროექტით განისაზღვრება აღნიშნულ დანაშაულთა შემადგენლობა და სანქციები.
კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საკანონმდებლო წინადადებებზეც იმსჯელა.