ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა
კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გამოიტანა, მეორე მოსმენით განიხილა.
კანონში ცვლილებების მიზანია, გაჩნდეს საფუძველი იმისათვის, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ საქართველოში შემოსვლის ან/და ყოფნის მიზნით, შესაბამის უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა წრის მიმართ, დაადგინოს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობები და წესები და კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომიტეტის წევრებმა აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
დიმიტრი ხუნდაძემ კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გამოიტანა მისივე ინიციატივით წარმოდგენილი კანონპროექტები: „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
მომხსენებლის განმარტებით, სამივე კანონპროექტი ეხება სხვადასხვა მიზეზით ზედმეტად გაცემული თანხების ლეგალიზაციის და ამ თანხების უკან დაბრუნების ვალდებულებისაგან ბენეფიციარების გათავისუფლების საკითხებს.
ინიციატორმა სამივე კანონპროექტთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა და კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია ცალკეულ შემთხვევებთან დაკავშირებით.
წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივების მიხედვით, 2021 წლის 1 აპრილამდე, სხვადასხვა მიზეზით ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობა და სოციალური პაკეტი, ზედმეტად გაცემული პენსია და ასევე ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაცია ითვლება ლეგალიზებულად და დაბრუნებას არ ექვემდებარება.
ამასთანავე, უკვე დაკავებული თანხები, აგრეთვე საარსებო შემწეობის და სოციალური პაკეტის, პენსიის ზედმეტად გაცემის გამო შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება. სახელმწიფოს მიმართ ასევე კომპენსაციის ზედმეტად დარიცხვისა და გაცემის გამო წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებისაგან გათავისუფლდებიან შესაბამისი პირები, რაც ინიციატორთა აზრით, კომპენსაციის მიმღები პირების მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება იქნება კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების ფონზე.
გარდა ამისა, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებების შეწყვეტას, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღებასთან.
ამგვარად, როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, განხორციელდება ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის და სოციალური პაკეტის თანხების ლეგალიზაცია და შესაბამისი პირები გათავისუფლდებიან სახელმწიფოს მიმართ საარსებო შემწეობის და სოციალური პაკეტის ზედმეტად დარიცხვისა და გაცემის გამო წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებისაგან, რაც ღარიბი და მოწყვლადი ოჯახების მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება იქნება კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების ფონზე.
სამივე კანონპროექტის შემთხვევაში, პენსიის, კომპენსაციის, სოციალური პაკეტის მიმღები საერთო ჯამში იქნება 3223 ბენეფიციარი, ფულადი სოციალური დახმარების მიმღები - 3613 ოჯახი, თანხობრივად ეს სულ არის ერთი მილიონ 844 ათას 141 ლარი.
კომიტეტის წევრების აზრით, კანონპროექტები ნამდვილად მხარდასაჭერია, მაგრამ ასევე აუცილებლად უნდა შეიქმნას ისეთი მექანიზმები, რომლებიც მსგავს შემთხვევებს, როდესაც ადამიანებს მათგან დამოუკიდებლად უჩნდებათ ფინანსური ვალდებულებები სახელმწიფოს მიმართ, მინიმუმამდე დაიყვანს.
კომიტეტმა სამივე კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად წარდგენას ერთხმად დაუჭირა მხარი.
კომიტეტმა ასევე იმსჯელა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივაზე - კანონპროექტზე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც კომიტეტს პირველი მოსმენით განსახილველად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ წარუდგინა.
მისი თქმით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონპროექტის შემუშავება კანონში არსებული ხარვეზის გამოსწორების აუცილებლობამ განაპირობა.
მომხსენებლის ინფორმაციით, კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად: „უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, რომლის ოდენობაც შეადგენს უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის მის მიერ დაკავებული უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს მესამედს“.
მისივე თქმით, მუხლის მოქმედი რედაქციის ხარვეზს წარმოადგენს სწორედ ის გარემოება, რომ კომპენსაციის გაანგარიშება ხდება პირის მიერ ბოლოს დაკავებული თანამდებობის ბოლო ერთი წლის ხელფასის მიხედვით, რაც ზოგჯერ უკავშირდება 15-20 წლის წინანდელ, ძალიან დაბალ თანამდებობრივ სარგოებს და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მათ, ვინც, მაგალითად, 15- 20 წლის წინ დაასრულა დიპლომატიური კარიერა და ვინც 5-10 წლის წინ გავიდა პენსიაზე.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, მე-15 მუხლის მოქმედი რედაქცია შეუსაბამობაშია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის ერთ-ერთ ძირითად მიზანთან, სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის გამო წაახალისოს ამავე კანონით განსაზღვრული პირთა წრე, რადგან ამ რედაქციის შესაბამისად დაანგარიშებული სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა იმდენად მცირეა, რომ ხშირ შემთხვევაში არ აღემატება „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონით დადგენილ სახელმწიფო პენსიის ოდენობას.
სწორედ წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრის მიზნით, შემუშავდა კანონპროექტი და კომპენსაციის გაანგარიშება განხორციელდება კომპენსაციის დანიშვნის მომენტისათვის შესაბამისი თანამდებობისათვის დაწესებული თანამდებობრივი სარგოს მიხედვით.
კომიტეტმა კანონპროექტს ერთხმად დაუჭირა მხარი.
კომიტეტმა ასევე იმსჯელა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „დამსაქმებელთა ქარტიის“ შესახებ მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით (საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილება) და მიზანშეუწონლად ჩათვალა მისი საკანონმდებლო ინიციატივად წარდგენა.