ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სოციალური დახმარების სისტემის მუშაობის ანგარიში მოისმინა
ანგარიშში, რომელიც მინისტრის მოადგილემ პრეზენტაციის სახით წარმოადგინა, მისი თქმით, ასახულია სისტემური ცვლილებები და პროგრესი, რომელიც ამ მიმართულებით არის სოციალური დაცვის სიტემაში. მისივე განმარტებით, სოციალური და დასაქმების პოლიტიკა - ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარებას გეგმავს.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ 2010-დან 2020 წლამდე სოციალური დაცვის სისტემის ბიუჯეტი გაოთხმაგებულია, რაც ნიშნავს, რომ შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და ხელმისაწვდომობა სოციალურ დახმარებაზე მოქალაქეებისთვის არის გაუმჯობესებული.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, ძალიან ბევრი კითხვა არსებობს სოციალური დაცვის სისტემასთან დაკავშირებით, მისი თქმით, ეს სისტემა არ არის სრულფასოვანი, აქვს ბევრი ნაკლი და ბევრია გამოსასწორებელი იმ მიმართულებით, რომ უკეთესი იყოს მოქალაქეთა სოციალური დაცვის მდგომარეობა, თუმცა, პროგრესი ამ მიმართულებით ნათლად აჩვენებს, რომ წლიდან წლამდე სისტემა უმჯობესდება, შესაბამისი ფინანსური ასიგნებები იზრდება და უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს სოციალური დახმარებისა და სოციალური დაცვის სისტემებით.
თამილა ბარკალაიამ წარმოადგინა 2020-2021 სახელმწიფო ბიუჯეტით სოციალური ტრანსფერების განაწილებისა და დაფინანსებული სოციალური ტრანსფერების მაჩვენებლები.
მისი განმარტებით, სოციალური დაცვის 2021 წლის ბიუჯეტით 3 779 900 000 ლარია გათვალისწინებული. შესაბამისად,
- საპენსიო უზრუნველყოფისთვის 2 600 000 000- 68,7 %
- მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარებისთვის 816 000 000- 21,5%
- სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა-40 000 000-1%
- სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში 66 300 000-1,75%
- სახელმწიფო ზრუნვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარება- 7 600 000-0,2%
- ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო მოსახლეობის სოციალური დახმარება - 250 000 000-6,6%
მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა იმ შედეგებზე, რაც პენსიების შესახებ კანონით იქნა გათვალისწინებული. მისი თქმით, 2021 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს ინდექსაციის მეთოდი, რომლის მიხედვითაც პენსიონრებისთვის პენსიის ზრდის საკითხი ყოველწლიურად გადაიხედება.
მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის თაობაზე და აღნიშნა, რომ 2015 წლიდან მოქმედებს არსებული მეთოდოლოგია, რომელიც ითვალისწინებს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს და სიღარიბის ტენდენციებს.
გამოყენებულია მეთოდოლოგია - შინამეურნეობების კეთილდღეობის შეფასების არაპირდაპირი, სტატისტიკური მეთოდი - PMT. შერჩეული ინდიკატორებისთვის დადგენილია წონები (ინდიკატორის გავლენის დონე). ყოველ შერჩეულ ინდიკატორს მინიჭებული აქვს გარკვეული სიდიდის წონა, იმის მიხედვით თუ რა გავლენას ახდენს ეს ინდიკატორი ოჯახის კეთილდღეობაზე.
ინდიკატორების დიდი ნაწილის გადამოწმება ხორციელდება ავტომატურად სხვადასხვა მონაცემთა ბაზების გამოყენებით (მათ შორის, შემოსავლები, უძრავი ქონება, ავტოსატრანსპორტო საშუალებები, საზღვრის კვეთა და ა.შ.) გადაიხედა საჭიროების ინდექსი (გათვალისწინებულია სხვადასხვა კატეგორიების საჭიროებები: შშმ პირი, შშმ ბავშვი, მარტოხელა პენსიონერი, მარტოხელა დედა, სარეცელს მიჯაჭვული და სხვა).
ქულის განსაზღვრაში არ მონაწილეობს: სოციალური აგენტის სუბიექტური შეფასება, საყოფაცხოვრებო საგნები (მაცივარი, სარეცხი მანქანა, გაზქურა და სხვა.). მეთოდოლოგიაში გათვალისწინებულია ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების საჭიროებები შემოღებულ იქნა სოციალური დახმარების დიფერენცირებული სისტემა და ბავშვის ბენეფიტი.
მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის ადმინისტრირების მნიშვნელოვან ცვლილებებზე.
თამილა ბარკალაიამ კომიტეტს მიმდინარე რეფორმების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, გრძელდება მიზნობრივი სოციალური დახმარების სისტემის, მათ შორის შინამეურნეობების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიისა და ადმინისტრირების სქემის გადახედვა, რათა გაიზარდოს პროგრამის „დამიზნება“/მიზნობრიობა; შემცირდეს საარსებო შემწეობის დანიშვნის ვადები და ოჯახის საჭიროების გამოვლენიდან მოხდეს მყისიერი რეაგირება; მიზნობრივი სოციალური დახმარების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის - „საჭიროების ინდექსის“ სრულად გადახედვა, რათა სისტემამ უპასუხოს არსებულ გამოწვევებს. პროცესების დიგიტალიზაცია, რათა ჩამოყალიბდეს მოქნილი სისტემა.
კომიტეტმა დეტალური ინფორმაცია მიიღო ასევე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის სამედიცინო მოდელისა და სოციალური ზრუნვის სისტემის ინსტიტუციური ცვლილებების თაობაზე.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მომხსენებელმა კომიტეტის წევრთა კითხვებს უპასუხა. გამოითქვა მოსაზრებები, შეფასებები და რეკომენდაციები სოციალური დახმარების სისტემის მუშაობის გაუმჯობესების მიმართულებით.
„ვფიქრობ, რომ საინტერესო მოხსენება იყო და საინტერესო მსჯელობა გაიმართა. ამანაც დაგვანახა, რომ ეს არის ძალიან მნიშნელოვანი თემა და სიღრმისეული ანალიზი სჭირდება და სამუშაო ბევრია ამ მიმართულებით. ამის ვალდებულებას კოვიდ-პანდემიაც გვიჩენს და ჩვენი ფორსირებული ინტერვენციები იქნება შესაძლებლობის ფარგლებში სწორად დასალაგებელი, რათა მივიღოთ ეფექტი და განსაკუთრებული რისკის ქვეშ არ დავაყენოთ მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ნაწილი.
კომიტეტი გაძლიერებულია შემადგენლობით, მეტი რესურსი აქვს ეფექტური მუშაობის და გთავაზობთ ჩვენს აქტიურ ჩართულობას. რასაკვირველია, ხარვეზები იქნება მუდმივად, რადგან ეს არ არის პროგრამა, რომელიც შეიძლება ნებისმიერმა გუნდმა, მაქსიმალური მონდომებით დაიყვანოს 100-პროცენტიან სიზუსტემდე, ეს წარმოუდგენელია. ვფიქრობ, პროგრამის პრობლემურობა იქნება მანამ, სანამ მისი საჭიროება დგას ქვეყანაში. სწორედ ამიტომ, გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაო, რომ მისი საჭიროება შევამციროთ“, - განაცხადა კომიტეტის სხდომის დასასრულს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ.