პარლამენტის პლენარული სხდომა

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე მიმდინარე კვირის დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, დეპუტატებმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს.
აშშ-ის სენატის ევროპის ქვეკომიტეტში საქართველოს საკითხის მოსმენის შესახებ ისაუბრა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა.
„23 მარტს სენატის ევროპის ქვეკომიტეტში გაიმართა საქართველოს საკითხის მოსმენა სათაურით: „საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებისთვის“ საქართველოს დიდი ხნის მეგობრის და მხარდამჭერის სენატორ ჯინ შაჰინის თავმჯდომარეობით. მოსმენაზე მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა, როგორც სენატორების, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ჯორჯ კენტისა და კარა მაკდონალდის მხრიდან. განცხადებების დიდი ნაწილი შეეხებოდა საქართველოს პოლიტიკური გეზის და რეფორმების მხარდაჭერას. აღინიშნა, რომ საქართველო წარმოადგენს მაგალითს ძალიან ბევრი ქვეყნისთვის და მას კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, ასევე ის, რომ საქართველო ბოლო წლებში განუხრელად მიჰყვება დასავლური ინტეგრაციის გზას, რომელიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისივე თქმით, ქართული დემოკრატია დღევანდელი მდგომარეობით გაძლიერებულია, გაღრმავებულია და დემოკრატიული რეფორმები მიმდინარეობს რთულ პირობებში, კერძოდ, რუსეთის აგრესიის პირობებში.
„მნიშვნელოვანი იყო კონგრესის ტრიბუნიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციაზე, ეთნიკურ წმენდაზე ხაზგასმა და ამერიკის მხარდაჭერის დაფიქსირება. ასევე, აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ კიბერნეტიკული და დეზინფორმაციის შემცველი მეთოდების გამოყენებით მოქმედება და ასევე, ეკონომიკური წნეხი“, - აღნიშნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
გიორგი ხელაშვილის განცხადებით, მოსმენაზე მოხდა ეუთო/ოდირის მისიის შეფასების ციტირება, რომ 2020 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და ეფექტიანად ჩატარებული.
„ამავდროულად, ხაზი გაესვა საარჩევნო რეფორმის საჭიროებას, რომლის პროექტის განხილვაც პარლამენტში უკვე დაწყებულია. ხაზი გაესვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ საარჩევნო ბარიერის დაწევის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოში მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის საფუძველი უნდა გახდეს“, - აღნიშნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
მისივე თქმით, ამ ზოგადი მხარდამჭერი განცხადებების გარდა, იყო ცხადი პოლიტიკური გზავნილებიც.
„მნიშვნელოვანი გზავნილი იყო პარლამენტის სრული შემადგენლობით შეკრების აუცილებლობა, რადგან ყოველი დღე, როდესაც ოპოზიცია პარლამენტში არ არის, ნიშნავს რუსეთის გამარჯვებას. განსაკუთრებით გაესვა ხაზი, რომ საქართველოს მოსახლეობა ოპოზიციის პარლამენტში შესვლის მომხრეა, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ ბოიკოტის გზა აირჩია. ამ საფუძველზე უნდა მოხდეს კრიზისის დაძლევა, თუ არ დაიძლია ეს კრიზისი, ის საქართველოს ტრანსატლანტიკური მისწრაფებების შემაფერხებელი ფაქტორი შეიძლება გახდეს“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
გიორგი ხელაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ 2024 წლისთვის ევროკავშირში წევრობის ოფიციალური განაცხადის მომზადება სერიოზულად აღიქმება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ და ამერიკის ადმინისტრაცია ამ განზრახვას მთლიანად მიესალმება და მხარს უჭერს.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, პარტია „მოქალაქეების წევრმა“ ალექსანდრე ელისაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესი ოპოზიციასა და ხელისუფლება შორის რაიმე ტიპის შეთანხმებით დასრულდება.
„დღეს გამოჩნდება ვის უყვარს ქვეყანა, ვის შეუძლია თავისი პირადი და პარტიული ინტერესი უკან დახიოს და წინ დააყენოს ქვეყნის და ერის ინტერესი. ჩამოსულია ბატონი დენიელსონი და იმედია, წინა ვიზიტისგან განსხვავებით ხელცარიელი არ წავა და შეძლებს ჩვენს შერიგებასა და შეთანხმებას. იმედს ვიტოვებ, რომ პარლამენტშიც და მის მიღმაც პოლიტიკური მსჯელობა დაიწყება რეალურ საკითხებზე, რეალურ პრობლემებზე“, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ დღეს ასევე მნიშვნელოვანი საკითხია პენსიონერების და საბანკო პროცენტის საკითხი.
„ყველამ ვიცით, რომ ლიბერთი ბანკი უბრალოდ ძარცვავს პენსიონერებს და ხდება ჩვენს თვალწინ გამაოგნებელი უსამართლობა. ბიზნესმენი თუ მივა იმავე ბანკში, შეუძლია 10%-ში აიღოს კრედიტი თავისი ბიზნესისთვის, ხოლო პენსიონერი თუ გამოიტანს სესხს 36%-ში აძლევს ბანკი მას. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით 50% პენსიონერებს წინასწარ აქვთ გამოტანილი რამდენიმე თვის პენსია და მათ ბოლო კაპიკებსაც კი ართმევს ბანკი“.
ალექსანდრე ელისაშვილის თქმით, მათ მიმართეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი კოვზანაძეს, რომელმაც სხდომა ჩანიშნა, სადაც ეროვნული ბანკის, სოციალური სააგენტოს და ლიბერთი ბანკის წარმომადგენლები ერთობლივად იმსჯელებენ ამ საკითხზე.
„აქ არ უნდა იყოს პარტიული გარჩევა და ყველას ვალია, რომ სამართლიანობა დავაბრუნოთ და შეწყდეს პენსიონერების ძარცვა“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავის გამოსვლაში ჯარის ქალაქის მშენებლობის პროცესზე გააკეთა განცხადება.
მისი თქმით, მახათას მთაზე, 100 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთზე, დაიწყო ყველაზე ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება. მშენებლობა 2021 წელს დაიწყო და მომავალი წლის ბოლოს დასრულდება.
პროექტის მიხედვით, მახათას მთაზე 7 სართულიანი 39 კორპუსი აშენდება, რომელშიც 1092 ბინა განთავსდება. სამხედროები საცხოვრებელი ფართის შეძენას უპრეცენდენტოდ შეღავათიანი პირობებით შეძლებენ.
„პროექტი ასევე ითვალისწინებს საბავშვო გასართობი სივრცეების, შიდა გზების, რეკრეაციული და პარკირების ზონების მოწყობას. ჯარისკაცზე ორიენტირებული სოციალური პირობების და სამხედროების ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკაა“, - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია „მოქალაქეების წევრი, ლევან იოსელიანი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას გამოეხმაურა და განაცხადა რომ მნიშვნელოვანია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს 3%-იანი ან კიდევ უფრო დაბალი ბარიერით.
„ძალიან მინდა კარგად ესმოდეთ ჩემს კოლეგებს, რომელთაც აქვთ მანდატი და დღეს არ იმყოფებიან პარლამენტში, რასაც მთელი ეს პერიოდი ვამბობდი, რომ იმედია მოიძებნება 17 პატრიოტი ადამიანი, ვინც თავის პირად დამოკიდებულებას არჩევნების, თუ „ქართული ოცნების“ მიმართ, ხელისუფლების მიმართ დააყენებს უკანა რიგში და პირველ რიგში დააყენებს შესაძლებლობას, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში დავასრულოთ ორპარტიული ზიზღი და ორპარტიული დაპირისპირება და 2024 წელს მაინც შევქმნათ ისეთი ვითარება, სადაც მრავალპარტიული და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული პარტიები იქნებიან წარმოდგენილი“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა და მოუწოდა ოპოზიციას, რომ გაიაზრონ ამ ცვლილებების მნიშვნელობა და თუნდაც ერთჯერადად მხოლოდ ამ საკითხის მხარდასაჭერად შემოვიდნენ პარლამენტში.
მან ყურადღება კიდევ ერთ საჭირბოროტო საკითხზე გაამახვილა, ესაა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოებთან არსებული რიგები, „თუ სადმე არსებობს ვირუსის გავრცელების საშიშროება სწორედ ეს ადგილია, სადაც ჩვენი მოქალაქეები ლამის დღე და ღამეს ათენებენ იმისთვის, რომ ვადაში მოასწრონ მანქანის ნომრების შეცვლა“, - განაცხადა მან და შსს-ს მიმართა გაითვალისწინოს ეს პრობლემა და ნომრების გამოცვლის ვადა გაახანგრძლივოს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესი, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი.
მისი თქმით, ქართული ოცნების გუნდი, 2019 წლიდან თანმიმდევრულად ახორციელებს სასამართლო სისტემის რეფორმებს და სასამართლო სისტემაში არსებული პროგრესი შთამბეჭდავია, რაც აღიარებულია მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მისივე თქმით, ამ რეფორმის შედეგად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე გახდა.
„ვენეციის კომისიისგან მივიღეთ რეკომენდაციები იმისათვის, რომ ეს პროცესი დამატებით კიდევ დახვეწილიყო და შედეგად, ჩვენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება კანონპროექტის ინიცირების შესახებ, რომელიც კიდევ უფრო დააზუსტებს რამდენიმე საკითხს იმ მნიშვნელოვანი რეფორმისა, რომელიც ჩვენ 2019 წელს დავიწყეთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მან იმ საკვანძო საკითხებზე ისაუბრა, რომლებიც პროექტშია ასახული და განაცხადა - „ჩვენ მიერ შემოთავაზებული და მიღებული ცვლილებებით, საბოლოოდ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად იქნება შესრულებული. ამას არასამთავრობო სექტორი მიესალმება და ეს ცვლილებები უზრუნველყოფს კიდევ მეტ გამჭვირვალობას“.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ კახაძემ ქვეყანაში კოვიდ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება, „კოვიდ პანდემიის ერთი ტალღა მეტნაკლები სიმძაფრით გავიარეთ, მეორე ტალღა ჩვენთვის ძალიან ძლიერი იყო. იყო საშიშროება სისტემის მდგრადობასთან დაკავშირებით, მაგრამ სისტემამ გაუძლო და ამ გამოწვევას სათანადო პასუხი გასცა. დღეს მესამე ტალღაზე ალაპარაკდა მსოფლიო. სამწუხაროდ, იკლო მოსახლეობის პასუხისმგებლობამ. ჩვენ კი ვირუსის თავისებურებიდან გამომდინარე ვიცით, რომ ის ელოდება თითოეული ჩვენგანის მოდუნებას, დროზე ადრე იმის რწმენას, რომ შეგვიძლია ამ პრობლემის დაძლევა. ზაფხულის სეზონი კი მოდის და უკვე ციფრი 673, რომელიც დღეს გაჟღერდა, მატების ისეთი ნიშანია, რომელიც ყურადღების გამახვილებას მოითხოვს ჩვენგან“, - განაცხადა მან და კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას პირბადის ტარებისკენ და ვაქცინაციისკენ.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი გამოეხმაურა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების 4 წლისთავს, რომელიც 28 მარტს შესრულდა.
„ამ მონაპოვარს წინ უძღოდა 2013 წელს ევროკავშირისგან მიღებული სამოქმედო გეგმის საფუძველზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული მრავალრიცხოვანი და კომპლექსური რეფორმები. გზა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ევროკავშირში უვიზო მიმოსვლამდე გადის ქვეყნის უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და ადამიანის უფლებების უკეთ დაცვისთვის, დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების განმტკიცებისთვის ჩვენი ხელისუფლების ყოველდღიურ ბრძოლაზე. გასული ოთხი წლის განმავლობაში ნახევარ მილიონზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა უვიზო მიმოსვლით და მილიონზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში. თავისუფალი მიმოსვლა - ეს ის შესაძლებლობაა, რაც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას, ბიზნეს კავშირების გაღრმავებას, სტუდენტების გაცვლას, პროფესიული კავშირების გაძლიერებას. ეს ყველაფერი კი ქმნის ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების მყარ საფუძველს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია ევროკავშირში ინტეგრაციისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს მიერ განვლილი რეფორმებისა და ტრანსფორმაციის გზა იმ მიზნამდე, როგორიც იყო უვიზო მიმოსვლა, ცხადყოფს, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეძლო და კვლავაც შეძლებს დასახული მიზნების განხორციელებას და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომი წარმატებული ნაბიჯების გადადგმას, რაც უკვე გაცხადებულია და ამ მიზნის მისაღწევად 2024 წელს ოფიციალური განაცხადიც გაკეთდება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანტონ ობოლაშვილმა გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის შესახებ ისაუბრა, რომელიც კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე იდგა და. ყველას მოუწოდებდა ვაქცინაციისკენ.
დეპუტატმა კოლეგების სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა მწუხარება მომხდარის გამო. იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება იქნება დროული, გამჭვირვალე და ამომწურავი, რათა ოჯახს პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს.
დეპუტატმა ასევე თხოვნით მიმართა კოლეგებს, რომ პროცედურების შესაბამისად განხილული იქნეს ოჯახისთვის კომპენსაციის გაცემის საკითხი და ამით გამოხატონ ოჯახის მიმართ თანადგომა.
პარლამენტის წევრი, კახა კახიშვილი ინიციატივით გამოვიდა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნას საბჭო მინისტრების მოადგილეების წარმომადგენლობით, სადაც მაჟორიტარებს საშუალება ექნებათ კონკრეტულად კვირაში ერთხელ ან ორჯერ დააყენონ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საჭირბოროტო საკითხები, რათა დროულად მოხერხდეს მათი მოგვარება.
კახა კახიშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა მედიის არაობიექტურობის და სხვადასხვა მედიასაშუალებით გასული არასწორი ინფორმაციის შესახებ, რომელიც, მისი აზრით, არაპროფესიონალიზმის შედეგია და მიიჩნევს, რომ საქართველოს კანონმდებლობით უნდა იყოს განსაზღვრული, ვინ არის ჟურნალისტი, რა განათლების მიღებაა საჭირო, რომ ჟურნალისტი გერქვას.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ დღევანდელი მონაცემით კოვიდინფიცირების 600-ზე მეტი შემთხვევა დაფისირდა, „ეს ნახტომისებური გაზრდა მიუთითებს საგანგაშო ფაქტზე. მესამე ტალღას ეს ქვეყანა ვერ გაუძლებს, ვერც საზოგადოება, ვერც ეკონომიკა. ამიტომ მაქსიმალურად დავიცვათ თავი, ეს იქნება პირბადეები, თუ სხვა საშუალებები, რის რეკომენდაციასაც გვაძლევს ჯანდაცვის უწყება“ , -განაცხადა ირაკლი ზარქუამ. ის ასევე გამოეხმაურა ოპოზიციონერი კოლეგების განცხადებას პენსიონერების საკითხთან დაკავშირებით და განაცხადა, „ინფორმაციისთვის მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ჩემს კოლეგებთან ერთად უკვე ორ თვეზე მეტია პენსიონერების თემაზე ვმუშაობთ. ჩვენ ეროვნული ბანკიდან გამოვითხოვეთ შესაბამისი დოკუმენტაცია, შევხვდით ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს, ასევე გამოვითხოვეთ ხელშეკრულება, რომლითაც რეგულირდება პენსიონერების საპროცენტო სისტემა, გვქონდა შეხვედრა სოცსააგენტოს ხელმძღვანელობასთან, ასე რომ ეს პროცესი მიმდინარეობს. მიხარია რომ ოპოზიციონერი კოლეგებიც ჩაერთნენ ამაში და ჩვენ ერთად გავაკეთებთ იმას, რომ სუ ლ მალე უფრო გამართული, უფრო მოქნილი პენსიონერებისთვის მისაღები სისტემა გვქონდეს“.
განცხადებების ამოწურვის შემდეგ, პარლამენტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა წარმოადგინა საკითხი თეა წულუკიანისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. რაც განპირობებულია თეა წულუკიანის საქართველოს კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნით.
კანონპროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მესამე მოსმენით განსახილველად ვლადიმერ კახაძემ წარადგინა.
კანონპროექტი ითვალისწინებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებას. მომხსენებლის განცხადებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მოსწავლეთა სიჯანსაღისთვის.
მან ასევე კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას, რომ ატარონ პირბადე და დაიცვან რეგულაციები.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ მესამე მოსმენით განსახილველად გამოიტანა კანონპროექტები: „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
პლენარულ სხდომაზე განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი დოკუმენტები: საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოსა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) შორის სამხრეთ კავკასიაში EPLO-ს რეგიონული ოფისის სტატუსის შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის - სუამ-ის წესდებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ ოქმი.
სარატიფიკაციო დოკუმენტები სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ წარმოადგინა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტს მეორე მოსმენით განსახილველად წარუდგინა კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
პროექტით სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ორი ახალი დანაშაული: კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით და ყალბი ოფიციალური კომპიუტერული მონაცემის შექმნა.
კანონის პროექტით განისაზღვრება აღნიშნულ დანაშაულთა შემადგენლობა და სანქციები. კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილებები ხორციელდება „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ და „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში.
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტით ახლებურად განიმარტება რიგი ტერმინები. ასეევე, წესრიგდება დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაციასთან, რეპო ოპერაციებთან და კომერციული ბანკების შერწყმის შედეგად დეპოზიტორთა ანაზღაურების სპეციალურ წესთან დაკავშირებული საკითხები. მომხსენებლის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძის განმარტებით, ეს არის მნიშვნელოვანი სისტემა, რომელიც საქართველოში ამოქმედდა 2018 წელს და ამ ცვლილებებით კიდევ უფრო გაფართოვდება მისი როლი, როგორც დეპოზიტარების დაზღვევის, ასევე ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიმართულებით.
პარლამენტის წევრმა შალვა პაპუაშვილმა პირველი მოსმენით გამოიტანა კანონპროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
ცვლილების თანახმად, კანონს ემატება მუხლი, რომელიც განსაზღვრავს კერძო სკოლის უფლება-მოვალეობებს მოსწავლის მიმართ. კონკრეტულად, კერძო სკოლა უფლებამოსილი იქნება ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლეს შეუწყვიტოს მოსწავლის სტატუსი ფინანსური დავალიანების წარმოშობის სემესტრის დასრულებიდან მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებამდე. სტატუსშეწყვეტილი მოსწავლის სხვა კერძო სკოლაში სწავლის გაუგრძელებლობის შემთხვევაში, სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სტატუსშეწყვეტილი მოსწავლისათვის საჯარო სკოლაში განათლების მიღების ხელმისაწვდომობას.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სხდომაზე წარადგინა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 5 იანვრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
პროექტის მიზანია, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციებისა და საპარლამენტო ასამბლეების დელეგაციების შემადგენლობებში უფრაქციო პარლამენტის წევრების დამატება, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განაწილების თაობაზე საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების გათვალისწინებით.
საკითხის ამოწურვის შემდეგ, ნიკოლოზ სამხარაძემ წარმოადგინა „საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში“ და ასევე, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, მან გააცნო კოლეგებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2020 წლის ანგარიში.
დღის ბოლოს პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა განხილულ საკითხებს.
მოსმენილი ანგარიშები კი ცნობად მიიღო.
პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომა 31 მარტს 12 საათზე გაიმართება.