პარლამენტის პლენარული სხდომა
პარლამენტის პლენარული სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით დაიწყო, რომელმაც საზოგადოებას სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის ჩატარებიდან 30 წლისთავი მიულოცა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რეფერენდუმის შედეგი იყო თავისუფლების, დემოკრატიისა და სამართლიანი იდეალებისთვის მებრძოლი ხალხის ნების გამოხატულება.
„30 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმზე საზოგადოებამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. ეს იყო საზოგადოების ერთობის, აგრეთვე, თავისუფლების და დემოკრატიისთვის მებრძოლი ხალხის ნების უმნიშვნელოვანესი გამოხატულება. ეს დღე შეგვახსენებს, თუ რაოდენ დიდია ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მომავლის წინაშე. ასევე, ნიშანდობლივია და მსურს, აღვნიშნო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება და ჩვენი ურყევი და მტკიცე მეგობრობის დასაწყისი გახლდათ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ლოტბარისა და კომპოზიტორის, დიდი ქართველი მოღვაწის, ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებას, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
„საქართველოს პარლამენტის სახელით სამძიმარს გამოვთქვამ მუსიკოსის, ქართული ხალხური სიმღერის დიდი მოამაგის და საზოგადო მოღვაწის, ბატონი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო. ეს არის უდიდესი დანაკარგი ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი ქვეყნის კულტურისთვის. ქართული ხალხური სიმღერის გადარჩენის და ახალი თაობისთვის მისი გადაცემის საქმეში მისი ღვაწლი ძალიან დიდია“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარული სხდომის წაყვანა მის მოადგილეს, ოპოზიციონერ დეპუტატს, ლევან იოსელიანს დაუთმო.
„ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია, პირველად ვიჯდე ამ სავარძელში და ვუძღვებოდე სხდომას 31 მარტს, იმ დღეს, როდესაც საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი. იმ დღეს, როდესაც ამომრჩევლების ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს მოქალაქეების 99 პროცენტმა მხარი დაუჭირა ქართული სახელმწიფოს დაბადებას. ნამდვილად, 30 წლის წინ, ამ დღეს დაიბადა ქართული სახელმწიფო. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, რომელთა მონაწილეობითაც შეიქმნა ეს სახელმწიფო. სწორედ მათ ჩვენთან ერთად დაუჭირეს მხარი ქართული სახელმწიფოს შექმნას. მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ სახელმწიფო სამომავლოდ იქნება ჩვენი საერთო წარმატების ასპარეზი. ძალიან მნიშვნელოვანია და ვერ გავაცალკევებთ ერთმანეთისგან დღევანდელ დღეს და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას მონაწილეობას ამ დღესთან დაკავშირებით. რომ არა, ის და მერაბ კოსტავა, ეს დღე შეიძლება საერთოდ არ შემდგარიყო. რომ არა, ჩვენი დაპირისპირება, რომ არა, ის, რაც დღემდე გრძელდება, შეიძლება ზვიად გამსახურდია დღეს, აი, აქ, ჩვენთან ერთად მჯდარიყო. დღეს მას 82 წელი შეუსრულდებოდა. ყველა თქვენგანს, სრულად საქართველოს მინდა, მივულოცო რეფერენდუმის 30 წლისთავი და მივულოცო საქართველოს პირველ პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
სხდომის წამყვანმა, რეგლამენტით მინიჭებული უფლებით ისარგებლა და პოლიტიკური განცხადებებისთვის 30 წუთი გამოყო.
მიხეილ სარჯველაძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - „გაერთიანებული ძალისხმევა, პოზიციაში ერთიანობა ქართველი ერისა, რომელიც რეალურად, გვქონდა ისტორიაში - ეს არის უმნიშვნელოვანესი, გარდამტეხი მომენტი საქართველოს ისტორიისათვის, როდესაც ქართველმა ერმა მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ის ყოფილიყო დამოუკიდებელი და საკუთარი პოტენციალის რეალიზება მოეხდინა იმგვარად, რომ საკუთარი სიტყვა ეთქმოდეს საერთაშორისო ასპარეზზე, საერთაშორისო სხვა ერთა შორის, იყოს გამორჩეული და უნიკალური თავისი შესაძლებლობებით, თავისი თუნდაც იმ ფოლკლორით, რომლითაც სახელი გავითქვით და ამის ამაგდარ ადამიანს, ბატონ ანზორ ერქომაიშვილს ვიგონებთ დღეს“.
ალექსანდრე ელისაშვილი, პარლამენტის წევრი - „ყველას გილოცავთ ქართული სახელმწიფოების აღდგენის და რეფერენდუმის 30 წლისთავს. წესით ძალიან ამაღელვებელი განწყობაც უნდა იყოს დარბაზში და ზოგადად ყველანი უნდა ვიყოთ ძალიან აღტაცებულები, მათ შორის მეც, მაგრამ სიმართლე გითხრათ, გუშინდელი ამაო მოლაპარაკებების შემდეგ ძალიანაც დამძიმებული ვარ, ვინაიდან 30 წელი გავიდა რაც სახელმწიფო აღვადგინეთ და 30 წლის შემდეგ ქართველებს ისევ გვჭირდება უცხოეთიდან შუამავალი“.
თამარ ტალიაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - „30 წლის წინ დღევანდელ დღეს საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე ჩატარდა რეფერენდუმი. საქართველომ თავისი გოლგოთა გაიარა დამოუკიდებლობის გზაზე და სწორედ ამ რეფერენდუმით მოხდა იმის აღიარება და იმის გაჟღერება, რაც იყო ქართველი ხალხის სულში და გულში საუკუნეების განმავლობაში. მამული, ენა, სარწმუნოება თქვა ილია ჭავჭავაძემ და ეს ჩვენი მრწამსი იყო ურყევი 30 წლის წინ, დღევანდელ დღეს ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი იმისათვის, რომ ჩვენმა დამოუკიდებელმა სახელმწიფომ გამთლიანება ჰპოვოს და ეს არის ძალიან დიდი შრომა. ჩვენ შრომით უნდა მივაღწიოთ ამას“.
კახაბერ კუჭავა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - „ნამდვილად ღირსშესანიშნავი დღეა. 30 წლის წინ, ამ დარბაზში გაჟღერდა ის სიტყვები, რომელსაც ქართველი ხალხი ათწლეულების მანძილზე ელოდა. ეს არის დღე, როდესაც დაიწყო დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს პირველი ნაბიჯების გადადგმა. ბევრ დემოკრატიულ ტესტს გავუძელით, რომლის შემდეგაც კიდევ უფრო გავძლიერდით და გავამყარეთ ჩვენი დემოკრატია. ეს სიტყვები რამდენიმე დღის წინ ამერიკის სენატში გაჟღერდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის განსაკუთრებით გულდასაწყვეტია, რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეს ვხედავთ ცარიელ ადგილებს პარლამენტში. ჩვენ გუშინ გვქონდა შესაძლებლობა მიგვეღწია შეთახმებისთვის, გადაგვედგა ნაბიჯები კომპრომისისკენ და დღეს გვენახა სავსე დარბაზი“.
შალვა პაპუაშვილი, განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - „ეს მწუხარება ჩემთვის ორმაგია. ერთი მხრივ, მე, როგორც ქართული საზოგადოების წევრი გამოვთქვამ მწუხარებას, რადგან მან პირადად შემინარჩუნა ქართული ფოლკლორი და მისი პირადი ღვაწლი და წვლილია იმაში, რომ ქართული ფოლკლორი ამ სახით გვაქვს დღეს. მეორე მხრივ, ვარ ადამიანი, რომელმაც სკოლის ასაკი განვლო ბატონ ანზორ ერქომაიშვილის მიერ დაფუძნებულ ფოლკლორულ ანსამბლში „მართვე“. ეს იყო წლები, როდესაც მისგან ქართული ფოლკლორისა და კულტურის მიმართ სიყვარული შევითვისე და ეს იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წლები, როდესაც ერთსულოვნება და შემართება იყო ჩვენს საზოგადოებაში“.
დავით მათიკაშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - „დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა გრძელდება. გრძელდება იმ კუთხით, რომ ჩვენ, ალბათ, საბოლოო ჯამში უნდა შევძლოთ გავიხედოთ წინ ჩვენი შვილების მომავლისკენ და რაღაცნაირად დავძლიოთ ის წყევლა, რომელიც მოგვდევს, სადაც ქართველთა ერთობა ცოტა არ იყოს რთული საქმეა. გუშინდელმა დღემ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, როდესაც დესტრუქციამ იმძლავრა კონსტრუქციაზე და ჩვენი ქვეყნის მომავლის ნაცვლად მავანი ისევ საკუთარი პარტიის ინტერესების ტყვეობაში აღმოჩნდა“.
ირაკლი ჩიქოვანი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე - „1991 წლის 31 მარტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე თანამედროვე ქართულ ისტორიაში, როდესაც შეიქმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო, სადაც საფუძველი ჩაეყარა ყველა იმ პრინციპებს და ღირებულებებს, რაზეც უნდა დაყრდნობილიყო ჩვენი სამომავლო განვითარება“. მისი თქმით, „31 მარტს არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემოქმედის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეც." დეპუტატის განცხადებით, „ზვიად გამსახურდიამ ეროვნულობის ეტალონი შექმნა და მას შეუდარებელი როლი უჭირავს სახელმწიფოს ევროპული პერსპექტივის უზრუნველყოფაში“.
რამინა ბერაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე - „30 წლის წინ, დღევანდელ დღეს საფუძველი ჩაეყარა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობას. 30 წლის წინ ქართველმა ერმა რეფერენდუმით საბოლოოდ გამოხატა თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობის ნება და ამ მიზნით ერთი საინტერესო იდეის გარშემო გაერთიანდა. მას შემდეგ, ჩვენი ქვეყნა შეუქცევად და დემოკრატიული განვითარების გზაზე დგას. მინდა მივულოცო თითოეულ ქართველს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დღევანდელი დღე. განსაკუთრებით მძიმეა დღევანდელი დღე თითოეული ჩვენგანისთვის. განსაკუთრებით კი, ჩემი კუთხე გლოვობს ბატონ ანზორ ერქომაიშვილს - დიდ ქართველს, მუსიკოსს, პოლიტიკოსს, ფოლკლორისტს, ხელოვნების მუშაკს, საგუნდო დირიჟორს, ხალხური სიმღერების შემკრებს, საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, თბილისის საპატიო მოქალაქეს, მრავალი წიგნის ავტორს და ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელს. ვუსამძიმრებ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ამ დიდი ადამიანის და მართლა ღირსეული ქართველის გარდაცვალებას“.
პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, პლენარული სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კოლეგებს, დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარმოდგენილი „საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით გააცნო.
მომხსენებლის ინფორმაციით, ცვლილებების პროექტი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად მომზადდა და იგი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს წევრების შერჩევის პროცესს ეხება.
კომიტეტის თავმჯდომარემ მომზადებული ცვლილებები პრინციპებზე და ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და განმარტა, რომ კანონპროექტი 4 მნიშვნელოვან კომპონენტს - სრულ ღიაობას, სარეიტინგო სიის შედგენას, გასაჩივრების დამატებითი მექანიზმის შემოტანას და დასაბუთების ვალდებულების შემოტანას აერთიანებს, რაც მოსამართლეთა შერჩევის პროცესს კიდევ უფრო ღიას და გამჭვირვალეს ხდის. ანრი ოხანაშვილმა სხდომაზე გამომდინარე კანონპროექტი - „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ წარმოადგინა და იმ ტექნიკურ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელსაც აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს. კომიტეტის თავმჯდომარემ წარმოდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით პარლამენტის წევრების შეკითხვებსაც უპასუხა და რიგ საკითხებზე დამატებითი განმარტებები გააკეთა.
საკითხის განხილვა ცალკეული დეპუტატების გამოსვლებით გაგრძელდა, რომლებმაც ცვლილებებთან მიმართებაში საკუთარი მოსაზრებები და შეფასებები გამოთქვეს.
კანონმდებლებმა, პლენარული სხდომის ბოლო საკითხად, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილის არჩევის საკითხი განიხილეს, რომელიც კენჭისყრის შედეგად, 83 ხმით, ერთხმად, კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს.
დეპუტატებმა ასევე კენჭი უყარეს სხდომაზე დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარმოდგენილ კანონპროექტებს და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს მათ მიღებას.
პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომა 1 აპრილს, 12.00 საათზე გაიმართება.