პარლამენტის პლენარული სხდომა
გაიმართა პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უძღვებოდა.
დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხილვის დაწყებამდე, სიტყვა განცხადებისთვის ითხოვა პარლამენტის წევრმა, ევროპელი სოციალისტების წარმომადგენელმა ფრიდონ ინჯიამ, რითიც იგი საქართველოში რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის სტუმრობისას გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, მოხდა ამაზრზენი ფაქტი და ეს ყველაფერი იმ სცენარის გაგრძელებაა, რაც იყო 2019 წელს, მაშინ იყო გავრილოვის ღამე, გუშინ იყო პოზნერის ღამე.
მისივე თქმით, ეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი განშტობების გეგმის ნაწილია, რომელიც ჯერ კიდევ 2003 წლიდან დაიწყო, რომ ეკონომიკურად გაანადგურონ ქვეყანა. ფრიდონ ინჯიას განცხადებით, პროცესები, რომლებიც 2003 წელს დაიწყო, ჯაჭვურად განვითარდა 2008, 2019 წლებში და გუშინდელ დღეს.
დეპუტატის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ევროპელმა და ამერიკელმა მეგობრებმა საქართველოს არჩევნები აღიარეს, „ნაციონალურ მოძრაობას“ რევოლუციის მეტი სხვა გზა არ დარჩა, რომელსაც ეკონომიკური გზით ცდილობს. მისი განცხადებით, საქართველო კვლავ დგას ტურისტული სეზონის ჩავარდნისა და ფინანსური ზარალის საფრთხის წინაშე და ამ ფონზე ხელისუფლება ძალიან ლოიალურია ოპოზიციის მიმართ.
„თუ 2019 წელს მილიარდები, ასეულობით მილიონი დაკარგა საქართველომ, ახლა ჩვენ ამის წინ ვდგავართ, რომ კვლავ ჩავარდეს ეს სეზონიც, უმძიმეს მდგომარეობაში შეიძლება აღმოვჩნდეთ და ჩვენ ძალიან ლოიალურად ველაპარაკებით მათ, ვიწვევთ და ვთხოვთ იყვნენ პარლამენტში, სადამდე უნდა უყუროს ჩვენმა ხელისუფლებამ კარვებს და იმათთან ლოიალურ მიდგომას?“ - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
პლენარული სხდომის დღის წესრიგის პირველი საკითხი - პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, თეა წულუკიანის ადგილმონაცვლის ნინო იობაშვილის უფლებამოსილების ცნობის შესახებ“ განსახილველად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა წარადგინა.
პარლამენტმა მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილა ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გამოიტანა.
როგორც ცნობილია, ამ პროექტით ახლებურად წესრიგდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის პროცედურასთან დაკავშირებული საკითხები. კანონის პროექტით, აგრეთვე განისაზღვრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესში მიღებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებისა და საბჭოს წარდგინების გასაჩივრების წესი.
უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით გაიმართა დიალოგი, რომლის დროსაც დაყენებული იყო წინადადება, რაც უმრავლესობამაც გაიზიარა, ეს ეხება იუსტიციის საბჭოს მიერ დამატებითი განცხადებების მიღებას, რათა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეობის საშუალება დამატებით კანდიდატებს მიეცეს. შეთავაზებული ვერსია მომხსენებელმაც გაიზიარა.
პარლამენტმა ასევე განიხილა პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ“, რომელიც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა წარადგინა.
მისი თქმით, კომიტეტმა დღეს განიხილა საქართველოს პარლამენტის 85 წევრის მიერ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის მიზნით შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი და მხარი დაუჭირა კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის დაწყებას და, შესაბამისად, „კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო განხილვის საორგანიზაციო კომისიის“ შექმნის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტს, რომელიც პლენარულ სხდომაზეა წარმოდგენილი.
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია ხუთი წევრისგან შედგება: შალვა პაპუაშვილი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარე; კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე; ლევან იოსელიანი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი; პარლამენტის წევრები ალექსანდრე ელისაშვილი და დავით ზილფიმიანი.
ცვლილებების ასახვა კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში იგეგმება: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი მცირდება 3%-მდე. ამასთანავე, 2024 წლამდე და 2024 წელს ჩატარებული არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტში, ფრაქციის წევრთა მინიმალური რაოდენობა მცირდება ოთხ დეპუტატამდე.
ფრიდონ ინჯია შემოვიდა წინადადებით, რომ იმ შემთხვევაში, თუკი კონსტიტუციურ კანონპროექტზე მხარდასაჭერად პარლამენტში ვერ შეგროვდება საკონსტიტუციო უმრავლესობა - 113 ხმა, საკითხი გაეტანათ რეფერენდუმზე.
„საკონსტიტუციო ცვლილებას ნებისმიერ შემთხვევაში სჭირდება საკონსტიტუციო კვორუმი, ანუ შესაბამისად, 113 ადამიანის გარეშე, ამ ცვლილების მიღება არის შეუძლებელი. ჩვენი მხრიდან ამ ინიციატივის დარეგისტრირება გახლავს დემონსტრირება იმ პასუხისმგებლობის და პოლიტიკური ნების, რომელიც ჩვენ დავაფიქსირეთ პოლიტიკური დიალოგის ფარგლებშიც. შესაბამისად, ჩვენ ასევე ვთქვით, რომ ღიას დავტოვებთ პარლამენტის კარს ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებისთვის, თუ მათ აქვთ ინტერესი რომ ბარიერი შემცირდეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ეს შესაძლებლობა არის შექმნილი.
ასევე მსურს, ჩვენი მოქალაქეებისთვის მკაფიოდ ვთქვა, რომ ეს ცვლილება არ ეხება საქართველოს კონსტიტუციის ძირითად ტექსტს და აქ ჩვენი პოზიცია რჩება იგივე, რომ კონსტიტუცია არ უნდა შეიცვალოს. ხშირი საკონსტიტუციო ცვლილებები, როგორც ეს ხდებოდა წარსულში, ჩვენთვის არ არის მისაღები. ჩვენს ქვეყანას სჭირდება სტაბილური კონსტიტუცია და დღეს ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც ეფუძნება ეროვნულ ინტერესებს და არის ევროპული სტანდარტის შესაბამისი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამის შემდეგ გაიმართა კენჭისყრის პროცედურა, რის შედეგადაც პარლამენტმა ყველა განხილულ საკითხს მხარი დაუჭირა.
პარლამენტმა, სხდომაზე გამოცხადებული შესვენების შემდეგ, მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილა კანონპროექტები „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც კვლავ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა წარადგინა.
კენჭისყრის შედეგად, პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტი და მისი თანმდევი კანონპროექტი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მესამე მოსმენით მიიღო.
ამით, პარლამენტის პლენარულმა სხდომებმა მიმდინარე კვირას მუშაობა დაასრულა.