პარლამენტის პლენარული სხდომა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, კანონპროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას ისახავს მიზნად.
„კანონპროექტის ინიციატორებს ინტენსიური დისკუსია გვქონდა. ბატონ ლევან იოსელიანის შემოთავაზებას, რომელიც უკავშირდებოდა 24+24 საათი, ვიზიარებთ. შევქმნათ კიდევ ერთი პრეცედენტი მმართველ პარტიასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის თანამშრომლობისა და იდეების გაზიარებისთვის, ეს არ არის არანაირი კომპლექსი, ეს არის საპარლამენტო თანაცხოვრების შემადგენელი ნაწილი, ამიტომ თანახმა ვარ, გავიზიარო ლევან იოსელიანის შენიშვნა, რომ იყოს არა მაქსიმუმ 48 საათი, არამედ იყოს 24 საათი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
კანონპროექტით დგინდება, რომ ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, წარედგინება სასამართლოს.
„მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, ეს ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს არაუმეტეს 24 საათით. ამ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი თანამშრომელი წერილობით ასაბუთებს გახანგრძლივებული ვადის მიზანშეწონილობას. სწორედ ეს შემოთავაზება იყო ბატონი ლევანის მხრიდან. თუ დაკავებული პირი ამ ვადაში არ წარედგინა სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. სასამართლოში წარდგენამდე დაკავებული პირი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შეიძლება მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
დეპუტატებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვენს კანონპროქტთან დაკავშირებით. განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა ოპოზიციის წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა.
„ეს არის პოლიტიკური თემა და არა მუხლებით და პუნქტებით სასაუბრო. განმარტებით ბარათში ერთადერთ დასაბუთებად გიწერიათ, რომ თურმე ბოლო წლების განმავლობაში მოიმატა პროტესტმა და სამართალდარღვევების ფორმას იძენს და ამიტომ უნდა გაიზარდოს ჯარიმები. ხომ არ ფიქრობთ, რომ საზოგადოებაში პროტესტი რომ იმატებს, ეს იმის გამო ხდება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ჩააფლავა ეკონომიკის, მართლმსაჯულების, სოციალური პოლიტიკის და ბევრი სხვა რეფორმა და ადამიანებს უჩნდებათ პროტესტი. მართლა გჯერათ, რომ მუხლებით შეაჩერებთ საზოგადოების პროტესტს, რომელიც ძალიან ლეგიტიმურ ნიადაგზე წარმოიშვება? ამის მართლა გჯერათ? ეს არის 1984 წელს მიღებული კოდექსი, რომელშიც ცდილობთ კიდევ ერთხელ შეიტანოთ ცვლილებები, რომელიც ახშობს პროტესტის უფლებას. ვერ დააშინებთ ადამიანებს ვერც მომატებული ჯარიმით, ვერც ციხით და უფრო მეტ პროტესტს მიიღებთ. სამარცხვინოა, რომ ამას ცდილობთ ღამით, „კომენდანტის საათის“ დროს, ჩუმად და ადამიანებს თავისი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობას არ აძლევთ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ანა ნაცვლიშვილს მომხსენებელმა, ანრი ოხანაშვილმა უპასუხა.
„გმადლობთ კრიტიკისათვის, შენიშვნისთვის. სწორედ ეს სჭირდება პარლამენტს და საზოგადოებას და არა ის, ქუჩა-ქუჩა რომ დადიან და ვერ გარკვეულან, რისთვის დადიან და რა უნდათ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მან ასევე უპასუხა ოპოზიციონერ დეპუტატს ანა ბუჩუკურს.
„თქვენი გუნდის შს სამინისტროში მუშაობის დროს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობა მთელი რიგი მიმართულებებით გამკაცრდა“, - აღნიშნა მომხსენებელმა. ანრი ოხანაშვილი დაინტერესდა, როდის იყო ბუჩუკური მართალი, როცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობები გამკაცრდებოდა თუ - ახლა.
ოპოზიციის წარმომადგენლის ალექსანდრე ელისაშვილის მოსაზრებით, ამ კანონპროექტის ამ ეტაპზე შემოტანა „არის გამაღიზიანებელი იდეა, ნავთის დასხმა ძლივს ჩამქრალი ხანძრისთვის და სულისკვეთების აბსოლუტურად საწინააღმდეგო“.
მისი განცხადებით, აღნიშნული იდეის შემოტანა მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების საწინააღმდეგოა.
მან ოპოზიციის წარმომადგენლებსაც მიმართა და გააკრიტიკა იმის გამო, რომ გუშინ პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრის მოსმენას არ დაესწრნენ.
„მოვიდა ჯანდაცვის მინისტრი და ის კოლეგები, რომლებიც იყვნენ სხდომაზე მოსულები, თურმე მათ არ აინტერესებთ ეს კორონავირუსი. როგორც ჩანს, კმაყოფილები ხართ თქვენ ჯანდაცვის სამინისტროსი. რატომ სხედხართ მაშინ ოპოზიციაში? ეს არაფერი, ხომ ნახეთ, ხომ მოისმინეთ, რაზე იყო პლენარულ სხდომაზე განხილვა, ხომ ნახეთ ჩვენი კრიტიკული პოზიცია? ხომ დაინახეთ საფრთხები იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ადამიანი 12 საათის ნაცვლად 48 საათი გამოამწყვდიონ. არ დაინტერესდით საღამოს კომიტეტი რომ ჩაინიშნა ავდგე და წავიდეო? რატომ არ დაინტერესდით? რატომ არ მოხვედით? რატომ უწევდა ლევანს მარტო ბრძოლა იმისთვის, რომ 48 საათი 24 საათი გამხდარიყო. ამის შემდეგ გამოვლენ და დერეფნებში მისცემენ კომენტარებს ან დღეს საღამოს ჩამოივლიან სტუდი-სტუდია და აქეთ კიდევ ჩვენ დაგვიწყებენ კრიტიკას, რომ თურმე როლები გვქონია გადანაწილებული. აქ არის საუბარი პასუხისმგებლობაზე და უპასუხისმგებლობაზე, ხალხის ბედის განცდაზე და განუცდელობაზე, ქვეყნის სიყვარულზე და ქვეყნის სიძულვილზე. იმ დროს, როცა ჯანდაცვის მინისტრი უნდა გაგვეწურა და კრიტიკის ქარცეცხლში გაგვეტარებინა ერთ-ერთ პარტიაში იყავით შეკრებილები და საუბრობდით მერობის არჩევნებზე ვინ ვის დაუჭერს მხარს“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია ჭიქაში ქარიშხალს ჰგავს.
„კრიტიკულ განცხადებებში ბევრი ტყუილი იყო. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ინიციატივა გულისხმობდა 48 საათს ან 24 საათს მაინცა და მაინც ასე აღებულს, ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა. სინამდვილეში 48 საათი იყო ჩამკეტი ნორმა, ჩამკეტი ნორმაა 24 საათი და წერია „არაუმეტეს“. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ რაც აქამდე არ არსებობდა, ინიციატივაში ნათქვამია „პირველივე შესაძლებლობისთანავე“. ეს არის ინიციატივის არსი და ამ თვალსაზრისით უმჯობესდება საკანონმდებლო დანაწესი, ის სრულ თავსებადობაშია კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტთან“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
უმრავლესობის წარმომადგენელს, რატი იონათამიშვილს მიაჩნია, რომ კანონპროექტის კრიტიკის დროს არაკომპეტენტურობა წარმოჩნდა და კურიოზული სიტუაციაა, რადგან მიმდინარეობს ერთი კანონპროექტის განხილვა და ანა ნაცვლიშვილი აბსოლუტურად სხვა კანონზე საუბრობდა. „კანონპროექტის 247-ე მუხლი საერთოდ არ გულისხმობს სანქციებს. ქალბატონი ანა კი გველაპარაკებოდა სანქციებზე. ზალიან უხერხულია მსგავსი კურიოზების დაშვება საქართველოს პარლამენტში და მეტი მომზადებაა საჭირო“:, განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
დღესვე განიხილეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი სხვა ცვლილებებიც. როგორც ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.
„აქაც იყო შენიშვნა, მინიმალური ვადა რამდენად სწორად არის შერჩეული და ხომ არ გვეფიქრა ადმინისტრაციული პატიმრობის დაკლებაზე. შეგვიძლია კორექტირება მოვახდინოთ ამ საკითხის და გთავაზობთ, რომ მეორე ნაწილში ჩავწეროთ ჯარიმა 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა, ნაცვლად 7 დღისა, მინიმალური 5 დღით. ანუ 5 დღიდან 15 დღემდე.
რაც შეეხება 173-ე მუხლს, აქაც იყო წუხილი სახდელის ოდენობასთან დაკავშირებით,ჯარიმის ოდენობას, გთავაზობთ, რომ იგივე დავტოვოთ, განმეორებით ჩადენის შემთხვევაში , ხოლო პატიმრობას რაც შეეხება, აქამდე იყო 10 დღიდან 15 დღემდე და დავწიოთ 7 დღიდან 15 დღემდე, ესეც ჯდება პროპორცულობისა და რაციონალურობის ფარგლებში“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ფრაქციის გარეშე მყოფი დეპუტატის დავით ზილფიმიანის განცხადებით, 80-აინ წლებში ტერმინში წვრილმანი ხულიგნობის დეფინიცია სხვაგვარი იყო და არ შეიძლება ერთნარად დაისაჯოს სხვადასხვა სიმძიმის ყველა ის ქმედება, რომელიც დღეს წვრილმან ხულიგნობადაა მიჩნეული.
„საჭიროა წვრილმანი ხულიგნობის დეფინიცია ზუსტად განისაზღვროს“, - განაცხადა დავით ზილფიმიანმა.
ოპოზიციის წარმომადგენლის ლევან იოსელიანის თქმით, კანონპროექტით შემოთავაზებული საჯარიმო სანქციები არ არის სწორ მიმართებაში მოქალაქეების შემოსავალთან.
„ჯარიმების გზარდა არ არის სწორი გადაწყვეტილება. ამიტომ ამ ვარიანტს ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ღირსება იმაშია, რომ პატივს სცემს ოპონენტების აზრს.
„ჩვენი საარჩევნო პროგრამის ნაწილია, რომ ჩვენ გვაქვს აღებული პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმირებაზე, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ იქნება ის გუნდი, რომელიც შეძლებს ამ რეფორმის წარმატებით განხორციელებას და ყველას გვექნება შესაძლებლობა ამ პროცესში ჩართვისა და მონაწილეობის“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
დღესვე აღნიშნული კანონპროექტები, დაჩქარებული წესის შესაბამისად, მესამე მოსმენით განიხილეს და მიიღეს.
დეპუტატებმა არჩილ თალაკვაძე 86 ხმით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
სხდომაზე გამოცხადებული შესვენების დროს ბიუროს სხდომა გაიმართა.
შესვენების შემდეგ, დეპუტატებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს.
ანგარიშის წარდგენამდე, პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ თავდაცვის ძალებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის სამსახურისთვის.
„დღეს 30 წელია გასული მას შემდეგ, რაც საქართველოს თავდაცვის ძალები დაარსდა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს გმირებს თავდადებისა და სამშობლოს მიმართ გაწეული ნამდვილად ღირსეული სამსახურისთვის“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში პარლამენტს სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა წარუდგინა.
„ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ძალიან დიდი ყურადღება ექცევა, თუ რა გარემოში ვითარდება ქვეყანა, რა არის ქვეყნის წინაშე უსაფრთხოების კუთხით მდგარი გამოწვევები და როგორ შეგვიძლია შეძლებისდაგვარად მარტივად გავართვათ თავი ამ გამოწვევებს. სამსახურს ძალიან ყურადღებით უსმენს შესაბამისი კომიტეტი. 26 აპრილს ასევე კომიტეტის ფარგლებში მოხდა ჩვენ მიერ წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა, სადაც სამი კომიტეტი იყო შეკრებილი. კომიტეტების გაერთიანებული სხდომა იყო, სადაც
ჩემმა პირველმა მოადგილემ წარმოადგინა ანგარიში და იმედი მაქვს, გასცა ყველა შეკითხვას ამომწურავად პასუხი. მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში, არაერთხელ მოხდა ჩვენი სამსახურის წარმომადგენლების შეხვედრა როგორც კომიტეტის ფორმატში, ისე ნდობის ჯგუფის ფორმატში. მეც გახლდით წარმოდგენილი ნდობის ჯგუფში, სადაც იმედი მაქვს, რომ ამომწურავად წარვადგინე ყველა ინფორმაცია, მათ შორის, საიდუმლო ხასიათის, რაც აინტერესებდა ჯგუფის წევრებს“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
მისი თქმით, ანგარიშის პირველი თავი ეძღვნება ოკუპაციას, ისევე, როგორც წინა ანგარიშებში.
„კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ, რომ ქვეყნისთვის ნომერ პირველ გამოწვევას წარმოადგენს სწორედ რუსული ოკუპაცია. ძირეულად სიტუაცია არ შეცვლილა არცერთ ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს ხელისუფლება დროებით ვერ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს. გამოიკვეთა სამი ძირითადი პუნქტი, რასაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია ოკუპაციის ფარგლებში, ეს არის რუსული ანექსია და რაც შეიძლება უფრო მეტი ტერიტორიების მათი კონტროლის ქვეშ მოქცევა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ანექსიის პირობებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა აძლევს რუსულ მხარეს საშუალებას, რომ ეფექტური კონტროლის ქვეშ მოაქციონ არსებული დე-ფაქტო მთავრობები და მიაღებინონ მათ სასურველი გადაწყვეტილებები. მეორე პუნქტი ეს არის ჰიბრიდული ომის ფარგლებში წარმოებული პროცესი, რაც უკავშირდება უკანონო ბორდერიზაციას, უკანონო დაკავებებს და ყველა იმ ინციდენტს, რაც ხდება როგორც პირობითად გამყოფი ზოლის სიახლოვეს, ისე ოკუპირებული ტერიტორიების სიღრმეში.მესამე, გამოიკვეთა საინტერესო ტენდენცია რომელსაც ჩვენ გამოწვევის მსგავსად ვუყურებთ. ეს არის მცდელობა რუსული მხარისა, რათა პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით გამოეთიშოს მოლაპარაკებების პროცესს როგორც მხარე. ძალიან პოპულარული გახდა ბოლო დროს საუბარი იმაზე, რომ ჩვენ პირდაპირი დიალოგი უნდა ვაწარმოოთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან. რა თქმა უნდა ეს უპირობოდ ასეა - ჩვენ მათ უნდა ვესაუბროთ, თუმცა, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ მოლაპარაკებებში არ შევრჩეთ ერთმანეთს და პასუხისმგებლობა არ აიცილოს ძალამ, რომელიც რეალურად ახორციელებს დღესდღეობით ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიებზე“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
მან ისაუბრა რუსული სამხედრო შენაერთების, უკანონო სამხედრო წვრთნების შესახებ, რომელიც ზრდის რისკებს კავკასიაში და არა მარტო საქართველოში.
„გასულ წელს, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკანონო დაკავების 64 შემთხვევა დააფიქსირა, თუმცა ეს არ ასახავს იმ ციფრს, რაც რეალურად მოხდა, ვინაიდან უკანონო დაკავებები გრძელდება ოკუპირებული ტერიტორიების სიღრმეშიც, სადაც ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უფრო გართულებულია“, - განაცხადა მომხსენებელმა.
მისი თქმით, განსაკუთრებულ მწვავე საკითხად რჩება უკანონოდ დაპატიმრებული ჩვენი ორი თანამოქალაქის ზაზა გახელაძისა და ირაკლი ბერუას უკანონო პატიმრობაში ყოფნა და მიუხედევად არაერთი მცდელობისა და საერთაშორისო პარტნიორების დახმარებისა, საკითხი კვლავ რჩება გადაუწყვეტელი.
„2020 წლის განმავლობაში ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ფართოდ გავრცელდა მოსაზრება აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის შესახებ. მე მინდა, რომ ამ საკითხზე დისკუსიისას გაითვალისწინოთ ის რისკები, რაც შეიძლება თან ახლდეს ამ პროცესს. შესაბამისად, ყოველთვის იქმნებოდა დეზინფორმაციული მანქანის მეშვეობით იმის იმიტაცია, რომ თითქოსდა საქართველოს ხელისუფლება და მთავრობა თავს არიდებდა ორმხრივ დიალოგზე დათანხმებას. ამას კარგად იყენებდნენ ჰიბრიდული მანქანის მფლობელი ძალები, კონკრეტულად რუსული საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები იმისათვის, რომ დისკრედიტაცია გაეწიათ მიმდინარე მოლაპარაკების ფორმატისთვის, რაც ხორციელდება ჟენევაში, სადაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვსაუბრობთ იმ საერთო პრობლემებზე, რაც უკავშირდება ოკუპაციას“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
მომხსენებლის შეფასებით, ცალკეული ქვეყნების დაზვერვითი საქმიანობისა და შესაძლო დესტრუქციული ქმედებებისგან სახელმწიფოს დასაცავად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები და გატარდა სათანადო კონტრზომები.
სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოძიება სისხლის სამართლის 12 საქმეზე დაიწყო. აქედან, 16 პირის მიმართ სასამართლოში წარიმართა სისხლის სამართლის 6 საქმე.
გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 7 პირის მიმართ, ხოლო 9 პირთან დაკავშირებით სასამართლო განხილვა გრძელდება.
საანგარიშო პერიოდში სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გამოძიება მიმდინარეობდა სისხლის სამართლის 5 საქმეზე.
მომხსენებელმა ისაუბრა დეზინფორმაციის გავრცელების შემთხვევებზე, რომელიც ძალოვანი სტრუქტურების დისკრედიტაციას ახდენდა, ყურადღება გაამახვილა ახალ საინფორმაციო ტექნოლოგიებზე, რომელიც საზოგადოებრივ აზრზე ახდენს გავლენას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მიხედვით, საქართველო, ტერორიზმის ზეგავლენის კუთხით, კვლავ ძალიან დაბალი რისკის ქვეყნებს შორის მოხვდა.
უწყების ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით აქტიურ მუშაობას აგრძელებდა, რაც სხვა მიმართულებებთან ერთად, ითვალისწინებდა საერთაშორისო ტერორისტული საფრთხეების გამოვლენას, ტერორიზმის საწინააღმდეგო პრევენციული სახის აქტივობებს, ტერორისტული გამოწვევების წინააღმდეგ მიმართული მექანიზმების გაუმჯობესებას.
მომხსენებელმა ისაუბრა კორუფციასთან ბრძოლის მხრივ გადადგმულ ნაბიჯებზე, ყურადღება გაამახვილა სამსახურის საკადრო პოლიტიკაზე.
გიორგი ლილუაშვილის მოხსენების დასრულების შემდეგ, დეპუტატების კითხვა-პასუხის ფორმატში გადასვლის წინ, სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.