პარლამენტის პლენარული სხდომა
პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ სამშაბათს უქმე დღე იყო და განცხადებების რეჟიმი ვერ განხორციელდა, მან გამოიყენა რეგლამენტით მინიჭებული უფლებამოსილება და პარლამენტის წევრებს შესთავაზა დღევანდელი პლენარული სხდომის პოლიტიკური განცხადებებით დაწყება.
პარლამენტის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა ქართული სპორტის ისტორიაში გამორჩეულ თარიღს - 1981 წლის 13 მაისს, როდესაც 40 წლის წინ თბილისის „დინამომ“ უდიდეს წარმატებას მიაღწია.
„არ შემიძლია არ აღვნიშნო დღევანდელი დღე და ის დიდი გამარჯვება, რომელიც მართალია 40 წლის წინ იყო, მივულოცო ჩვენს ქართველ სპორტსმენებს „დინამო“ თბილისის გამარჯვებით. 13 მაისი არის, ნამდვილად საამაყო დღე და მე იმედს ვიტოვებ, რომ ის გამარჯვებები, რომლებიც სხვა სპორტშიც გვაქვს ჩვენ - რაგბი, ჩოგბურთი, ჩვენი ძალოსანი სპორტის წარმომადგენლები, რომლებიც ნამდვილად საამაყოები არიან, ასევე სხვა სპორტის წარმომადგენლებიც გაგვახარებენ და მიგვაღწევინებენ იმ დიდ შედეგებს, რომლებიც გვაქვს სპორტში, კალათბურთშიც, მათ შორის, და ა. შ.“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თბილისის „დინამოს“ გამარჯვებას და ამ მართლაც ისტორიულ თარიღს, რომელიც ქვეყნის უდიდეს დღესასწაულად იქცა, თითქმის ყველა გამომსვლელი გამოეხმაურა. გარდა ამისა, განცხადებები დაეთმო ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, ეკონომიკურ და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და სხვა საკითხებს.
ალექსანდრე ელისაშვილი, პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელი: „ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემაა საწვავის ფასები. ყველა ვხედავთ და ვგრძნობთ, რომ სამ ლარს გადასცდა უკვე ლიტრი ბენზინის ფასი. ხოდა, ძვირფასო „ქართულო ოცნებავ“, მთავრობამ, თქვენ კი სახელმწიფოს ხარჯზე ისხამთ ბენზინს, მაგრამ ძალიან ურტყამს რიგითი მოქალაქეების ჯიბეს საწვავის ფასი და იქნებ, კეთილი ინებოთ და ან აქციზის გადასახადი დაწიოთ და ცოტა დააწევინოთ მადა ნავთობის იმპორტიორებს და ცოტა დედამიწაზე დაეშვან. გასაგებია, რომ ბიზნესი მოგებაზე ორიენტირებული უნდა იყოს, მაგრამ ასტრონომიული მოგებიდან იქნებ ცოტა ქვემოთ ჩამოვიდნენ და ოდნავ მათაც შემოიჭირონ ქამარი წელზე იმიტომ, რომ ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეები ასე იჭერენ ქამარს, რომ ლამის გაწყდეს ხალხი წელში. ამდენად დაუყოვნებლივ არის ამ მიმართულებით ნაბიჯები გადასადგმელი“.
მან ასევე ისაუბრა საბავშვო ბაღებში და სკოლებში რეგისტრაციის საკითხზე და განაცხადა, რომ წლებია აქ პრობლემა გრძელდება და ხელისუფლებას საკითხის მოგვარებისკენ მოუწოდა.
ლევან იოსელიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელი: „მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა ორდღიან გასვლით სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც კაჭრეთში გაიმართა, სადაც ოპოზიციას ახლად შემოერთებული წევრები და მმართველი პარტიის წარმომადგენლები ვისხედით და განვიხილავდით საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს. ნამდვილად მოსალოცი ამბავია, რომ შუამავლების და ელჩების გარეშე პირისპირ დავსხედით ადამიანები, რომლებიც თვეების მანძილზე ერთმანეთს არ ვესაუბრებოდით. უფრო მეტიც, ვლანძღავდით და თავს ვესხმოდით. შეხვედრაზე კი ყოველგვარი ემოციების გარეშე ვიმსჯელეთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც მართლაც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია სამომავლოდ არჩევნებისადმი ნდობის დაბრუნებისთვის. მინდა სამუშაო ჯგუფის ყველა მონაწილეს მადლობა გადავუხადო, იმიტომ რომ პირველად მოხდა, როდესაც გადავაბიჯეთ პირად ემოციურ დამოკიდებულებას - გველაპარაკა და შევთანხმებულიყავით ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაგრძელდება და იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში, მივაღწევთ ისეთი ტიპის დოკუმენტის მიღებას, რომელსაც უკვე ოპოზიციაც და მმართველი პარტიაც დაუჭერს მხარს“.
მიხეილ ყაველაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე: 40 წლის წინანდელ თარიღს, 1981 წლის 13 მაისს შევეხები. ჩვენმა დიდმა გუნდმა, თბილისის „დინამომ“ უდიდეს წარმატებას მიაღწია. ეს ჩვენი სპორტის ისტორიაში ალბათ ყველაზე გამორჩეული თარიღია. ეს იყო უდიდესი გამარჯვების დღე და გამაერთიანებელი დღე ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოსი. ეს ის ადამიანები არიან და ეს ის თარიღია, როდესაც მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მისაბაძი არიან მათი მოღვაწეობით, რომლითაც ასეთი შედეგი მიიღეს და ამ შედეგმა გააერთიანა მთელი ჩვენი ქვეყანა. იშვიათია ასეთი დღეები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და სამაგალითო უნდა იყოს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მივბაძოთ სპორტსმენებს, რომელთა გაკეთებული საქმე იმდენად დიდი მნიშვნელობისაა, რომ პატივი უნდა ვცეთ და დავაფასოთ ეს ადამიანები. ასევე მსურს პატივი მივაგო გარდაცვლილ ადამიანებს ამ დიდი ტრიუმფისა - თითქმის მთელი სამწვრთნელო შტაბი აღარ არიან დღეს ჩვენს გვერდით. მინდა ყველამ დიდი მოწიწებით გავიხსენოთ ეს კორიფეები და პატივი მივაგოთ. დიდება გმირებს და მოვუაროთ დარჩენილებს, რომ მომავალმა თაობამ იცოდეს გამარჯვების ფასი. ეს არის მაგალითი როგორ შეიძლება გავერთიანდეთ და ჩვენი, თითოეულის მუშაობა იყოს მიმართული იქითკენ, რომ ასეთი გამარჯვებები ხშირი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის“.
ნიკოლოზ სამხარაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე: „ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გუშინდელ გადაწყვეტილება უპრეცედენტოა, იქიდან გამომდინარე, რომ აქ უკვე გაკეთებულია ძალიან მკაფიო და ცალსახა ჩანაწერები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ახორციელებს რუსეთი ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთის ტერიტორიაზე, ასევე იმ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე“.
მისი თქმით, ეს არის გამოხმაურება სტრასბურგის სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილებაზე, სადაც ასევე, ძალიან მკაფიოდ ჩაიწერა, რომ რუსეთი 12 აგვისტოს შემდეგ, ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ცხინვალში და აფხაზეთში: „აქ დაგმობილია რუსეთის მხრიდან ქართული კულტურის კვალის წაშლის მცდელობები ასევე, ჩვენი ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის სახლების გადაწვის ფაქტები, ქართველი მოსწავლეებისთვის ქართულ ენაზე საშუალო განათლების მიღების აკრძალვა და ჩამოთვლილია მთელი რიგი ფაქტები, რომლის შესახებაც ჩვენ უკვე წლებია ვაპელირებთ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მინისტრთა კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება მიიღო“.
ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის დელეგაციის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტზეც ისაუბრა, რომელიც წინა კვირას გაიმართა: „ჩვენ გვქონდა შეხვედრები როგორც ბუნდესტაგში, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროში და კანცლერის ოფისში. ბუნდესტაგში ჩვენ შევხვდით ყველა პოლიტიკური პარტიის საგარეო მიმართულების ხელმძღვანელს. ყველა პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს შანსი, რომ სექტემბრის არჩევნებში ჩამოაყალიბოს კოალიციური მთავრობა - არის როგორც ნატო-ში, ასევე, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის უპირობო მხარდამჭერი. თითქმის ყველა პარტიის წარმომადგენელი დაგვეთანხმა, რომ საჭიროა ახალი მექანიზმების და ახალი ინსტრუმენტების მოფიქრება იმისათვის, რომ საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან კიდევ უფრო ჩქარი ტემპებით განხორციელდეს. გერმანელები ძალიან კარგად გრძნობენ იმას, რომ საქართველოს სჭირდება უსაფრთხოების ქოლგა. ისინი შეგვპირდნენ, რომ ამ საკითხებს დააყენებენ ნატოს შემდგომ სამიტზე”.
ბადრი ჯაფარიძე, „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ ფრაქციის თავმჯდომარე: „ფრაქციის შექმნის მიზანია, რომ ჩვენი საქმიანობა უფრო ეფექტური გავხადოთ პარლამენტში, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც დამატებით ეძლევა ფრაქციას. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ პირველი ოპოზიციური ფრაქციის შექმნა არის მნიშვნელოვანი მოვლენა და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ძალისხმევა მოგვცემს საშუალებას, პარლამენტის გადაწყვეტილებები გავხადოთ უფრო დაახლოებული ქვეყნის საჭიროებასთან, ჩვენი თანამოქალაქეების მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან. იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყანას აქვს და ეს არის ეკონომიკის უმწვავესი პრობლემები, ჩვენ გვაქვს ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს დაუყოვნებლივ ამ მიმართულებით იმისთვის, რომ ეკონომიკამ ნელ-ნელა დაიწყოს გამოსვლა ჩიხური და უმძიმესი მდგომარეობიდან და დაიწყოს სამუშაო ადგილების შექმნა, რასთანაც პირდაპირ გადაჯაჭვულია, სამწუხაროდ, ვაქცინაციის პრობლემები, რომლებიც დაგროვდა ჩვენს ქვეყანაში, გადაუჭრელია და ცხადია, რომ თავის დროზე, ინვესტიციის გაკეთება ვაქცინაციის მიმართულებით გადაგვარჩენდა უზარმაზარი ზარალებისგან, რომელიც მიიღო ეკონომიკამ. „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ მთავარი პრიორიტეტი არის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი ქვეყნის რაც შეიძლება, სწრაფად გაწევრიანება, ოღონდ, რეალური ნაბიჯების გადადგმა და არა დეკლარაციულ დონეზე და რეალური ნაბიჯების გადადგმისთვის აუცილებელია სწორედ შარლ მიშელის დოკუმენტის სრული იმპლემენტაცია და ყოველგვარი ინტერპრეტაცია უნდა გამოირიცხოს ამ შემთხვევაში“.
შალვა პაპუაშვილი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე: „საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე ჩანდა ყველა მონაწილის სურვილი, იყოს საქმიანი დიალოგი. ეს იყო პირველი ასეთი გაფართოებული შეხვედრა ოპოზიციასთან და ჩანდა ყველა მონაწილის სურვილი, რომ იყოს საქმიანი დიალოგი და დისკუსია, ჩანდა ასევე, რომ ბევრი დაღლილია იმ 6 თვეზე მეტხნიანი კონფრონტაციით, რომელიც იყო ამ ქვეყანაში და იმედი მაქვს, რომ წარმატებული იქნება ამ სამუშაო ჯგუფის მუშაობა. მნიშვნელოვანია ერთი მომენტი - როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ 19 აპრილის შეთანხმებაზე და ხშირად არის ხოლმე ციტირება ამ შეთანხმების ან მითითება, რომ მიშელის დოკუმენტი, კარგია ერთი მხრივ, რომ ეს შეთანხმება არის და ამას ვიშველიებთ, თუმცა ჩვენ რაც შეიძლება, მალე ეს შეთანხმება უნდა შევასრულოთ, ეს გვერდიც უნდა გადავფურცლოთ და მივუბრუნდეთ იმას რასაც ჰქვია პარლამენტის სუვერენული უფლებები, მივუბრუნდეთ ჩვენს კონსტიტუციას, მივუბრუნდეთ ჩვენს კანონებს, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საგანი და არა რაიმე კონკრეტულ სიტუაციას მორგებული კონკრეტული დოკუმენტი და იმედი მაქვს რომ ის განწყობა, რომელიც, მათ შორის, 10-11 მაისის შეხვედრაზე იყო ეს განწყობა შენარჩუნდება და ჩვენ უპირველეს ამოსავალ წერტილად გვექნება პარლამენტი, როგორც მოქალაქეების ნების გამომხატველი ორგანოს სუვერენული უფლების განხორციელება და ამ კონტექსტში, მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ სამწუხაროდ რიგი დეპუტატები და პარტიები არ უერთდებიან 19 აპრილის შეთანხმებას და „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტული პარტია“, სამწუხაროდ, ეს სამი პარტია ჩამოყალიბდა რადიკალურ პარტიებად უარს ამბობენ, რომ შეუერთდნენ ამ შეთანხმებას, ეს სამწუხარო რეალობა გვაქვს დღესდღეობით და მათ საკუთარი თავი ჩაიყენეს ისეთ მდგომარეობაში საიდანაც მათთვის კარგი გამოსავალი თითქმის აღარ არსებობს და აქვთ ორი არჩევანი: ერთი - ან აღიარონ, რომ მათი დესტრუქციული დღის წესრიგი დამარცხდა, ამ დამარცხების აღიარებით ხელი მოაწერონ 19 აპრილის შეთანხმებას და შემოვიდნენ პარლამენტში და მოექცნენ დემოკრატიულ კალაპოტში, რასაც მათგან ითხოვენ მათივე მეგობრები დასავლეთიდან და ჩვენი ქვეყნის მეგობრები დასავლეთიდან და ამ დემოკრატიული პრინციპებით გააგრძელონ თანამშრომლობა ან დარჩნენ გარეთ, არ იყვნენ პარლამენტის ნაწილი და სრულად მარგინალიზდნენ“.
დიმიტრი ხუნდაძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე: „მნიშვნელოვანი თარიღი იყო გუშინ - 12 მაისი - ეს არის ექთნების საერთაშორისო დღე. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მათი როლი, მითუმეტეს დღევანდელ პირობებში, როცა მსოფლიო პანდემიის პირობებში ცხოვრობს და ექთნების როლი მოსახლეობის ჯანმრთელობის კუთხით არის გამორჩეულად მნიშვნელოვანი და მაღალი. კარგი ექთანი ექიმის საქმიანობის ეფექტურობის ზრდის ხელშემწყობია და მინდა გაწეული საქმიანობისათვის მათ გადავუხადო მადლობა და ვუსურვო პროფესიულ საქმიანობაში წინსვლა და წარმატებები. სამწუხაროდ, ისევ მიწევს შეხსენება, რომ მთელი მსოფლიო პანდემიის რეჟიმში ცხოვრობს და გარკვეული დაძაბულობები ამ კუთხით ისევ არსებობს, მითუმეტეს, როცა ჩვენ უკვე მესამე ტალღის რეჟიმში გვიწევს მოქმედებები. ზოგადი ეპიდვითარება მსოფლიოში არის არასახარბიელო. განსაკუთრებით ინდოეთში, საკმაოდ მძიმე ვითარებაა. სამხრეთ ამერიკის კონტინენტის შემავალ ქვეყნებშიც ეპიდვითარება საკმაოდ მძიმეა. ევროპაში სიტუაცია სტაბილურობისკენ მიდის, დინამიკა არის დადებითი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიური სიმძიმეები იქაც არსებობს. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ვართ პიკის რეჟიმში. ახალი ინფიცირების შემთხვევები მიანიშნებს იმას, რომ მეტი ყურადღება გვინდა და მეტად უნდა დავიცვათ ის წესები, რასაც არაერთხელ გვახსენებენ ეპიდემიოლოგები და დარგის სპეციალისტები. ქვეყნისათვის, რომელსაც აქვს დემოგრაფიული პრობლემები, ერთი დაკარგული სიცოცხლეც არის ძალიან ბევრი. დროის სიმცირის გამო, რა თქმა უნდა ყველა საკითხს ვერ ვეხები, მაგრამ მინდა მაქსიმალურად მოგიწოდოთ საზოგადოებას, დავიცვათ წესები. პირბადის მოხმარება 75%-ზე არის ასული. ეს არის ძალიან კარგი, მაგრამ თუ ჩვენ 90%-ზე ავწევთ ამ მაჩვენებელს, ინფიცირების მაჩვენებელი ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს ძალიან აქტიურად და კიდევ მინდა უფრო მეტი აქტიურობა იყოს. საზოგადოებამ უნდა გაითავისოს ის, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი ამ მძიმე ვითარებიდან. მოსახლეობის 20% თვლის, რომ ვაქცინის გარეშე გაართმევს ამ ვითარებას თავს, მაგრამ ეს არ არის სწორი. ეს არის სახიფათო და თითოეული მოქალაქის საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ეს არის ტოლფასი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზრუნვისა, ამიტომ ვაქცინაცია, ვაქცინაცია და კიდევ ერთხელ ვაქცინაცია“.
ირაკლი ქადაგიშვილი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე: „ჩემს ყოფილ თანაპარტიელებს მოვუწოდეთ, რომ უფრო მეტი კორექტულობა იყოს მათ გამონათქვამებში იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ აგონიაში არ არის. ჩვენ იმ პროგრამებს, რომელიც პანდემიის გამო, სამწუხაროდ, შეჩერებული იყო, ვაახლებთ, ხდება მათი შევსება ახალი ფინანსური რესურსებით რეგიონებში და აქ საუბარია, არა მარტო 500 მილიონიან პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე. ბუნებრივია, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს აბსოლუტურად ლეგიტიმური, კანონიერი და კონსტიტუციური უფლება, რომ მისი პოლიტიკური გუნდით გააკეთოს და გააგრძელოს ადგილებზე, რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში ის პროცესები, ის აღმშენებლობა, რომელიც პანდემიამდე პერიოდში საკმაოდ აქტიურად იყო და რომლის მონაწილეებიც ყოფილი თანაგუნდელებიც იყვნენ. რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკური პარტია ან ახლადშექმნილი ჯგუფი ცდილობს თავისი ადგილის დამკვიდრებას პოლიტიკურ სივრცეში, აქ გასაკვირი არაფერია, მაგრამ, მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ყველამ რეალურად უნდა შევაფასოთ, რეალურად დავინახოთ და დაინახოთ თქვენი ადგილი და ვფიქრობ, ამ შემთხვევაში უფრო უკეთესი იქნებოდა საკუთარი დღის წესრიგი შექმნილიყო და არ მოგვესმინა დაუსაბუთებელი კრიტიკა“.
ირაკლი ზარქუა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე: „მინდა შევახსენო ოპოზიციას, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადის და აქციზის ნაწილში ბიუჯეტში ჯამში 5 მილიარდ ლარზე მეტია გათვალისწინებული და ჩვენ 2021 წლის ბიუჯეტში სოციალური უზრუნველყოფასა და ჯანდაცვაზე სწორედ ეს თანხა გვაქვს ჩადებული. ასე, რომ ჩვენ რომ გვაქვს აქციზი და დღგ, სწორედ ამით ბევრ პრობლემას ვუგვარებთ ჩვენ მოსახლეობას. რაც შეეხება გადასახადებს, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ყველაზე მსუბუქი საგადასახადო კუთხით. მათ შორის, მოგების გადასახადი საერთოდ გაუქმებული გვაქვს თუ რეინვესტიციას აკეთებს. აქედან გამომდინარე, პირადად ვისურვებდი, რომ ნაცებმა ხომ დაიხსენით თავი სააკაშვილისგან, მათ შორის იქნებ რომან გოცირიძეც დაიხსნათ, იმიტომ რომ აკადემიური კაცია და იცის, უბრალოდ პოლიტიკური ამბების გამო არასწორ რელსებზე გავიდა. მას ესმის საგანი და დარწმუნებული ვარ ოპოზიციას უფრო გაგაძლიერებთ ამ მიმართულებით“.
პაატა მანჯგალაძე, „სტრატეგია - აღმაშენებელი“: „ჩვენი დღევანდელი სტატუსი პარლამენტარის, გვაძლევს იმის გარანტიას ყველას ერთად, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც არის ორიენტირებული დაპირისპირებაზე, კინკლაობაზე, ყველამ ერთად მივმართოთ იმ პრობლემების გადაწყვეტაზე, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს და ყველაზე მთავარი, გადაწყვეტილების მიღების პროცესში დავაბრუნოთ ხალხი“.
სალომე სამადაშვილი, ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე: „მრავალი წელიწადია „ქართული ოცნება“ აცხადებს რომ ქვეყნის დეკლარირებული კურსი არის ევროკავშირი და ნატო. მე ის ვიცი, რომ უკრაინისთვის გაწევრიანების გეგმის მინიჭებაზე ნატომ დაიწყო მსჯელობა, საქართველოზე არავინ საუბრობს. ამიტომ არ ვაპირებთ, თქვენს უშინაარსო დეკლარაციაზე მიერთებას. ჩვენ ვაპირებთ დავიბაროთ პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრი და მოვისმინოთ მისგან რა კეთდება იმისთვის, რომ ეს ქვეყანა რეალურად გაწევრიანდეს ნატო-შიც და ევროკავშირშიც“. ამით ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც საპარლამენტო ოპოზიციას „საგარეო პოლიტიკის შესახებ“ პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან შემოერთებისკენ მოუწოდა.
არმაზ ახვლედიანი, ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი: „როცა საკანონმდებლო ორგანოში ვართ, გვახსოვდეს, რომ ჩვენი უმთავრესი მოვალეობა კანონის დაცვაა. ჩვენ, როგორც ჩანს, ამას ვერ ვახერხებთ. დემოკრატიის გარეშე ეს საკითხი ვერ დაიძვრება. შემთხვევით ამ დარბაზს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ხომ არ ჰქვია, ხომ არაფერი მეშლება? თუ საკანონმდებლო ორგანოა, რატომ არ ვსვამთ კითხვას, რატომაა დღეს ასეთი აღვირახსნილი უკანონობა ქვეყანაში. გინდათ მაგალითები? არ მეყოფა 2 წუთი და 47 წამი, მაგრამ ერთი წუთიც საკმარისია, რომ გითხრათ რას ვგულისხმობ. მივმართავ გენერალურ პროკურატურას, შსს-ს და უშიშროების სამსახურს, მგონი ყველაფერს კარგად მიმიხვდებით - დღეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო განსაკუთრებული ადგილი, რომ ფასობს იცით სად არის? გურიაში. ეს არის ბახმარო და გომის მთა. იცით, ამას რატომ გეუბნებით? თუ გინდათ დარწმუნდეთ, რა დღეშია კორუფცია, აღებ-მიცემობა, რა შავ დღეშია ადამიანი, რომელიც ყოველთვის უსამართლოდ იჩაგრება და მხოლოდ ერთი ჯგუფი, ვინც არის წახალისებული ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ყოველთვის ყველაფერს ახერხებს. ასობით მიწაა მიტაცებული მოქალაქეების მიერ, ადგილობრივი ხელისუფლება და არც ერთი სახელმწიფო ორგანო ამაზე არ რეაგირებს, არათუ არ რეაგირებს, არამედ მაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვთქვა, რომ გარიგებულია ამ ადამიანებთან“
ანა ნაცვლიშვილი, ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი: „უკვე კვირებია, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ხდება სახელმწიფოს ჩანაცვლება კერძო პირების მხრიდან, რომლებიც არ აძლევენ შესაძლებლობას კონსტიტუციურ ორგანოს, სახალხო დამცველს, შევიდეს და ბავშვთა უფლებების დაცვის მდგომარეობა შეისწავლოს. ეს არის არა მხოლოდ ყოვლად დაუშვებელი მოქმედება, ეს არის უკიდურესად საშიში პრეცედენტი სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. რას ნიშნავს, რომ არ აძლევენ კანონით გარანტირებული უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობას კონსტიტუციურ ორგანოს, სახალხო დამცველს, რომელსაც აქვს სრული მანდატი და ლეგიტიმაცია, ასე აირჩია ის საქართველოს პარლამენტმა. მინდა, მოგიწოდოთ ინდივიდუალურადაც და როგორც პარლამენტმა, სასწრაფოდ გამოვიყენოთ ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ ყველა აღმასრულებელი უწყება, რომელიც დღეს თავისი ინიციატივითაც უნდა აკეთებდეს ამას, ჩაერთოს, რათა სასწრაფოდ შეწყდეს ეს უკანონობა, სახელმწიფოს და კანონის გადახევა.
მისივე თქმით, „მეორე წელია ვცხოვრობთ ომში უხილავ ვირუსთან და პარლამენტი კი ცხოვრობს ჩვეულებრივ რეჟიმში, თითქოს არაფერი ხდება. წარმოუდგენელია საკანონმდებლო ორგანო, რომელიც ქვეყნის პოლიტიკის განმსაზღვრელი მთავარი ორგანოა, არ იმჩნევდეს, რომ მთავრობას აქვს მიტაცებული მთელი ძალაუფლება, ადგენდეს წესრიგს პანდემიის პერიოდში. პარლამენტი არის ერთადერთი უფლებამოსილი ორგანო, სადაც მთელი მთავრობა უნდა წარმოადგენდეს ანგარიშს, რა შედეგი მოიტანა შეზღუდვებმა ყველა სხვა სფეროში და პარლამენტისგან იღებდეს მითითებებს. წარმოუდგენელია ამ საკითხთან მიმართებაში მთავრობა ადგენდეს დღის წესრიგს და არა პარლამენტი“.
გიორგი ხოჯევანიშვილი, პარლამენტის წევრი: „ზუსტად ერთ თვეში ბრიუსელში ნატო-ს სამიტი გაიმართება და ამ სამიტის გარშემო რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემო და კითხვა არსებობს. აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისთვის და ნატოსთვის კიდევ უფრო მეტი დატვირთვის მქონე ხდება შავი ზღვის უსაფრთხოება. შავი ზღვის კონტექსტში დისკუსიის ცენტრში მოქცეულია მხოლოდ უკრაინა. საინტერესოა რატომ არის ეს და რით არის განპირობებული? ჩნდება კითხვა - ხომ არ არის ეს ჩვენი პასიურობით და კონკრეტული გეგმის არ არსებობით? აუცილებელია, რომ გავაქტიურდეთ სამიტის წინ და უკრაინასთან ერთად, საქართველოს საკითხი წინ წამოვწიოთ. ეს პროცესი არ არის მხოლოდ ნატოზე დამოკიდებული და მოითხოვს ჩვენს აქტიურ ძალისხმევას. გვჭირდება კონკრეტული ხედვა, ამოცანები და გეგმები სამიტთან დაკავშირებით. ასევე დავამატებდი, რომ მიზანშეწონილი იქნება ევროპული დედაქალაქების პოლიტიკურ ცენტრებში უფრო აქტიური თანამშრომლობა, რათა საქართველოს შესახებ საუბარი არ იყოს მხოლოდ ოფიციალური ვიზიტების და ფორმალობის ნაწილში“.
ბექა ლილუაშვილი, პარლამენტის წევრი: „ბოლო ორი დღის განმავლობაში საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ რამდენიმე რეგიონში, ერთდროულად, პოლიტიკური ნიშნით შევიწროების კონკრეტული ფაქტები ხდება. საზოგადოებამ იხილა როგორ ხდება ღიად, საჯაროდ და შეიძლება ითქვას, სამაგალითოდ ამ ადამიანების შევიწროება, კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების პოლიტიკური ნიშნით შევიწროება და მათი სამსახურიდან გათავისუფლება ძველი, წინა ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი მეთოდებით. ძალიან სამწუხაროა და ჩვენი მოქალაქეებისთვის იმედის გამაცრუებელია, რომ მსგავსი მეთოდების გამოყენებით ხელისუფლება უფრო მეტად ემსგავსება მის წინამორბედს“.
იაგო ხვიჩია, პარლამენტის წევრი: „მეათე მოწვევის პარლამენტის მთავარი ამოცანა, ჩემი აზრით, იმედის დაბრუნებაა, რომ ამ ქვეყანაში რაღაც შეიცვლება და ისე არ გაგრძელდება, როგორც ბოლო წლების განმავლობაში. ჩემი აზრით, ჩვენ ეს იმედი უნდა გავცეთ და ამ იმედის გაცემა ამ უაზრო და ჩემი აზრით, არაადამიანური შეზღუდვის - კომენდანტის საათის მოხსნით უნდა დავიწყოთ. ჩემი აზრით, ჩვენ ძალიან გავერთეთ პოლიტიკური პროცესებით, პარლამენტში შესვლა-არშესვლის და სხვა საკითხებით და მთავარი საკითხი, რაც ქუჩებში ხდება, გვავიწყდება. ჩემი აზრით, ძალიან შეცვლილია ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან უსახური და ნაცრისფერი ხდება ნელ-ნელა ყველაფერი, ადამიანებს, თითქოს, არაფერი არ უხარიათ და არ არსებობს იმედი, რომ ამ ქვეყნიდან რამე გამოვა, რომ ამ ქვეყნის ეკონომიკას ეშველება, რომ რაღაც შეიცვლება ამ ქვეყანაში და ასეთ პირობებში, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს გამოცხადებული კომენდანტის საათი. ფაქტობრივად, ადამიანების გაღარიბების პროცესი ყოველდღიურად მიმდინარეობს ჩვენს თვალწინ და ადამიანებისთვის გვაქვს გამოცხადებული შეზღუდვა, თან ისეთი მძიმე შეზღუდვა, შეურაცხმყოფელი შეზღუდვა, როგორიც არის 9 საათის მერე სახლიდან ვერ გამოსვლა. მე მინდა, რომ მუხრუჭებიდან ფეხი ავწიოთ, ეს ძირითადად, მთავრობას ეხება, მაგრამ რადგანაც პარლამენტში ვარ, საკუთარ თავსაც ჩავთვლი აქ, და მივცეთ საშუალება, ქვეყნის ეკონომიკას, რომ წინ წავიდეთ”.
კახი კახიშვილი, პარლამენტის წევრი, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი: რამდენიმე სესიის წინ გთხოვეთ, რომ ჩვენ უმრავლესობის ფორმატში გვესაუბრა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელთან კონკრეტულად საბჭოს შექმნის თაობაზე, რომელიც მაჟორიტარებთან იქნება პირდაპირ კონტაქტზე, რათა ის საკითხები რომლებიც მომდინარებს მოსახლეობასთან შეხვედრის შედეგად, დროულად და ოპერატიულად ყოფილიყო გადაჭრილი. პასუხისმგებლობა მაჟორიტარებზე უფრო მეტია, შესაბამისად რაღაც მექანიზმი უნდა იყოს შექმნილი იმისთვის რომ მაჟორიტარმა შეძლოს და შეასრულოს საკუთარი უფლებამოსილება, უხერხულია როცა ადამიანი გხვდება, გთხოვს რაღაცას და შემდგომში ამ საკითხის გარკვევისთვის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან იქმნება პრობლემა, მაჟორიტარებს აღარც ფრაქცია აქვთ, აღარც არაფერი და ამავდროულად პასუხისმგებლობა ორმაგია, შესაბამისად არავითარი მექანიზმი იმისთვის რომ დროულად გადაიჭრას ის კონკრეტული საკითხები, რომელიც დგას მოსახლეობის წინაშე, ჩვენი მეშვეობით არ არსებობს და საქართველოს პარლამენტში ამაზე არ ვფიქრობთ. ორ კვირაზე მეტი გავიდა ამ საკითხის დაყენების შემდეგ და სამწუხაროდ დღემდე ყველაფერი გაჩერებულია, კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, იქნებ დროულად შევთანხმდეთ შეხვედრაზე, რათა მაჟორიტარებს ჰქონდეთ საშუალება აღმასრულებელ ხელისუფლების კონკრეტულ წარმომადგენლებთან კომუნიკაციის“.
დავით ზილფიმიანი, პარლამენტის წევრი: „მივმართავ პოზიციას და გადაწყვეტილების მიღებისკენ მოგიწოდებთ, თუ ჟანგბადს არ მივცემთ ჩვენ მომსახურების სფეროს, გაცილებით უფრო დამძიმდება მდგომარეობა მომსახურების ბიზნესში. კარგად იმუშავა ჯანდაცვამ, მდგომარეობა მართლა სავალალო აღარ გვაქვს, აცრის ტემპები მომატებული, შევთანხმდეთ, რომ სეზონი არ ჩავაგდოთ, მოვითხოვოთ ჩვენ, პარლამენტმა, რომ მოვხსნათ კომენდანტის საათი, აღარ შეიძლება მეტის გაგრძელება, კი იყო რთული მდგომარეობა, მაგრამ მოდით, მომსახურების ბიზნეს ნუ დავღუპავთ და ერთობლივად ვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ ივნისიდან გავხსნათ“.
მამუკა მდინარაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე: „პირველ რიგში მინდა ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს, ჩვენს დებს და ძმებს მივულოცო რამაზან ბაირამი, დღევანდელი დღესასწაული. ასევე მინდა ჩვენს კოლეგებს, რომლებმაც დღეს მოახერხეს ფრაქციის შექმნა საქართველოს პარლამენტში, მივულოცო და საკანონმდებლო ორგანოში ნაყოფიერი საქმიანობა ვუსურვო. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენ ლეგენდარულ ფეხბურთელებს, რომლებმაც 40 წლის წინ ისეთი ამბავი ჩაიდინეს, რომ დღესაც ამაზე ვსაუბრობთ და ვუსურვო ჩვენს სპორტსმენებს ძალიან ბევრი წარმატება ამ შესანიშნავ მაგალითზე. ასევე, მინდა ჩვენს ოპონენტებს მივულოცო ის, რომ დღეს როგორც იქნა გადალახეს ბარიერი, თავის თავში იპოვეს ძალა, რომ მართალია ძალიან ფრთხილად, მაგრამ მაინც არჩევნების ლეგიტიმურობა პირველად ეღიარებინათ.
დავეთანხმები ბატონ იაგოს იმაში, რომ ჩვენ აქ პოლიტიკური კინკლაობით გავერთეთ და მთავარ საკითხებზე და მთავარ პრობლემებზე ხანდახან ნაკლებად გადადის ხოლმე აქცენტები. ამიტომ, მოდი მთავარ საკითხებზე ვილაპარაკოთ. მთავარი მიზანი ამ ქვეყნის არის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი. ეს არის უალტერნატივო მიზანი, რაც თითოეული ადამიანის უკეთესი ცხოვრების პირობებს და უფრო მაღალი ხარისხის დემოკრატიას ნიშნავს. აქამდე მისასვლელ გზაზეც, ცხოვრების პირობები და დემოკრატიის ხარისხის ამაღლებაა მთავარი, მთავარი საზრუნავი და დანარჩენი ამასთან შედარებით დამეთანხმებით, რომ არის დეტალები. საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ამ გზაზე სიარული მარტივი ნამდვილად არ არის და ეს ყველამ ვიცით. კომპრომისების გარეშე ეს არის წარმოუდგენელი. საერთოდ არავის ემახსოვრება გარკვეული პერიოდის შემდეგ, ვინ რა დაგვაბრალა, ან რამდენჯერ გადათქვეს თავისი ნათქვამი რომელიღაცა პარტიის ფორმალურმა თუ არაფორმალურმა ლიდერებმა, კრიმინალმა ლიდერებმა, მაგრამ ევროპულ ოჯახში გაწევრება, საქართველოს ისტორიის ყველაზე პოზიტიური ფურცელი იქნება. არსებობენ ამ ქვეყანაში ძალები, რომლებიც ამას ეროვნული ფასეულობების დაკნინებასაც კი უკავშირებენ ხოლმე და ეს არის წმინდა რუსული პროპაგანდა. ისევე როგორც დეზინფორმაცია, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით ასე მძლავრად არის ამ ქვეყანაში. თუმცა პირიქით, ყველას კარგად გვესმის, რომ სწორედ ევროპული ოჯახის წევრობაა ჩვენი ეროვნული იდენტობის შენარჩუნების და გადარჩენის ყველაზე მყარი გარანტია”.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, სხვადასხვა ძალები იბრძვიან სხვადასხვა მეთოდებით: „დეზინფორმაციას რაც შეეხება, სადაც სამწუხაროდ ისევ და ისევ ტყუილი არის ხოლმე პირველ ადგილზე, ისეთებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც ქართული ოცნების რეიტინგის დაწევა იმ პრიმიტიული დეზინფორმაციით გადაწყვიტეს, რომ თითქოს ისინი არიან ბიძინა ივანიშვილის ახალი პროექტი და ქართული ოცნების განაყოფს წარმოადგენენ და ა. შ. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას აქვს შეცდომები და, რა თქმა უნდა, არის ხარვეზები და წარმოუდგენელია ვინმე ფიქრობდეს, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი არის კარგად, წარმოუდგენელია ყველა გადაწყვეტილება იყოს სწორი. დეზინფორმაციაზე აპელირება და მოგონილ ამბებზე პროტესტი რეალური პრობლემების გადაჭრას ვერ უზრუნველყოფს. ძალიან სამწუხარო იყო ისიც, რომ დეზინფორმაცია და საბოტაჟი იყო ყველაზე მწვავე პერიოდში რადიკალური ოპოზიციის ბრძოლის მთავარი იარაღი, რამაც ეს ქვეყანა საგრძნობლად დააზიანა. მთავარი ავიწყდებათ, ჩემი აზრით, რომ ქართველი ხალხი არის იმაზე ბრძენი, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. საერთო ჯამში, ისინი ეყრდნობიან ფაქტებს და არა ხელოვნურად შექმნილ აღთქმებს. ისინი აფასებენ და მიყვებიან რეალურ მიზანს და არა ქარის წისქვილებთან ბრძოლას და ისინი ხედავენ სად არის სიმართლე. ამიტომ, არათუ შარლ მიშელის შეთანხმებაში ჩვენივე ინიციატივით ნახსენებ 43%-ს, არამედ ჩვენ დარწმუნებული ვართ მივიღებთ მხარდაჭერას, რომელიც ჩვენზე გაცილებით კარგად შეაფასებს იმას, რაც ბოლო პერიოდში ხდება ჩვენს ქვეყანაში“.
პარლამენტის წევრთა განცხადებების შემდეგ პარლამენტმა საკანონმდებლო საქმიანობა გააგრძელა.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიში ამავე კომისიის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ წარადგინა. იმის გამო, რომ საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების 3-თვიანი ვადა 17 მაისს ეწურებოდა, პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება კომისიისთვის უფლებამოსილების ვადის ერთი თვით გახანგრძლივების შესახებ. საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების გახანგრძლივებას მხარი 75 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი პარლამენტის 2 წევრი გამოვიდა.
პარლამენტმა კენჭი ასევე უყარა პარლამენტის დადგენილების პროექტს „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის საქმიანობის შესახებ“.