საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მოქალაქეების და პენსიონერების სესხზე მაღალ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსმენა გამართა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გაიმართა საკომიტეტო მოსმენა მოქალაქეების და პენსიონერების სესხზე მაღალ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებულ საკითხებზე.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, საკომიტეტო მოსმენა ოპოზიციის წარმომადგენლების, „მოქალაქეების“ წევრების, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანის და ალექსანდრე ელისაშვილის წერილით მომართვის საფუძველზე იმართება. საკომიტეტო მოსმენაზე პენსიონერების სესხზე მაღალ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებულ საკითხებზე მოწვეული არიან ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლები. საკომიტეტო მოსმენას ესწრებოდნენ ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, სანამ კომიტეტი აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციის წევრებისგან წერილს მიიღებდა, უნდა ითქვას, რომ ამ თემით უკვე იყო დაინტერესებული საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა და საკითხზე გარკვეული მოკვლევებიც ჩაატარა. კომიტეტის თავმჯდომარემ განსახილველ თემასთან დაკავშირებით საზოგადოებას თავისი პოზიციაც გააცნო და განაცხადა, რომ პენსიონერებისთვის სესხზე საპროცენტო განაკვეთი და, მათ შორის, ვალის ტვირთი მაღალია და პენსიონერების ყოფითი მდგომარეობა უნდა შემსუბუქდეს.
„ჩემი პოზიციაა, რომ პენსიონერებისთვის სესხზე საპროცენტო განაკვეთი და, მათ შორის, ვალის ტვირთი, მაღალია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ 800 ათასამდე პენსიონერის ყოფითი მდგომარეობა შევამსუბუქოთ. ამავე დროს არ უნდა გავაღვივოთ ანტისაბანკო განწყობები, რომელიმე კონკრეტული ბანკის თუ მთლიანად საბანკო სისტემის მიმართ. მითუმეტეს პანდემიის და ასეთი ღრმა ეკონომიკური კრიზისის პირობებში. სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს დღევანდელი სხდომა", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
საკითხზე მსჯელობის დაწყების ინიციატორის, ლევან იოსელიანის განცხადებით, „ლიბერთი ბანკს“ ეს კონტრაქტი მოჰყვება ტრადიციულად ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებებისგან და აუცილებელია პასუხი გაეცეს კითხვებს, თუ რატომ მოხდა ამ ხელისუფლების პირობებში, ყველანაირი კონკურენციის გარეშე, იგივე პირობებით კონტრაქტის გაგრძელება, როცა არ ჩატარდა არანაირი გამჭვირვალე ტენდერი და იგივე ბანკი არის დღეს პენსიების განმკარგავი, რატომ ვახდევინებთ ყველაზე დაუცველ ფენას - პენსიონერებს ყველაზე დიდ პროცენტს და რატომ არ შეუძლიათ პენსიონერებს ჰქონდეს არჩევანის საშუალება თუ სად, რომელ ბანკში აიღონ პენსია და სესხი.
საკომიტეტო მოსმენაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია წარმოადგინეს და განმარტებები გააკეთეს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა გიორგი წოწკოლაურმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ. შემდეგ კი მათ კომიტეტის წევრების და დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხეს.
ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, განხილვის შედეგების საფუძველზე, კომიტეტს ექნება შესაბამისი რეკომენდაციები.
„მსურს ვთხოვო ფინანსთა სამინისტროს, ეროვნულ ბანკს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომ ერთობლივად იმუშაონ იმ მექანიზმებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთის შემცირებას. ეს იქნება აქტიური თანამშრომლობა იმისათვის, რომ საპროცენტო განაკვეთები თანმიმდევრულად შემცირდეს და პენსიონერთა უფლებები დაცულ იქნეს. ასევე ეროვნულ ბანკს მსურს ვთხოვო, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მისთვის მინიჭებული საზედამხედველო უფლებების ფარგლებში, განახორციელოს სისტემატური მონიტორინგი მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით საპენსიო სესხებთან დაკავშირებული პრობლემების მაქსიმალურად აღმოსაფხვრელად“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კომიტეტი ასევე რეკომენდაციას გაუწევს სოციალური მომსახურების სააგენტოს, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, საფინანსო სექტორში კონკურენტული გარემოს არსებობისათვის საჭირო ზომებისა და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით, ახალი ხელშეკრულების დადების დროს, გაითვალისწინოს პენსიონერების სესხის გაცემისას მაღალ საპროცენტო განაკვეთთან არსებული საკითხები და პრობლემები.
დღესვე, კომიტეტის სხდომაზე განიხილეს კანონპროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ.
როგორც მომხსენებელმა კანონპროექტის ძირითად არსზე საუბრისას განაცხადა, კანონპროექტის შესაბამისად, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის, სრული ზოგადი განათლების მიღების შემდეგ, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლებას მიანიჭებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
ამგვარად, წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შედეგად, მოხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის, სრული ზოგადი განათლების მიღების შემდეგ უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
კომიტეტმა კანონპროექტს ერთხმად დაუჭირა მხარი.