საპარლამენტო კონტროლი

მუხლი 148. პარლამენტის წევრის კითხვა
1. პარლამენტის წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის ხელისუფლების ორგანოს, სახელმწიფო დაწესებულებას. კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა სავალდებულოა.
2. კითხვა უნდა იყოს წერილობითი. კითხვის შინაარსი უნდა შეეხებოდეს ადრესატის უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებულ საკითხს.
3. კითხვა ჰბარდება პარლამენტის აპარატს, რომელიც აღრიცხავს მას და დაუყოვნებლივ აქვეყნებს პარლამენტის ვებგვერდზე. კითხვას პარლამენტის აპარატი ადრესატს გადასცემს ჩაბარებიდან არაუგვიანეს 1 დღისა.
4. თითოეული ორგანო, თანამდებობის პირი, რომელსაც კითხვით მიმართეს, ვალდებულია პარლამენტს კითხვის მიღებიდან 15 დღეში წარუდგინოს სრული წერილობითი პასუხი. შესაბამის პირს კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა კითხვის ავტორთან შეთანხმებით შეიძლება გაუგრძელდეს 10 დღით. კითხვაზე პასუხს ხელს აწერს მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი ან საქართველოს მთავრობის შესაბამისი წევრი.
5. თანამდებობის პირს უფლება აქვს, კითხვაზე პასუხში არ მიუთითოს ის ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავს.
6. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გამოითხოვოს კითხვა.
7. კითხვაზე პასუხი პარლამენტის აპარატის მიერ გადაეცემა კითხვის ავტორს და ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე, გარდა კონფიდენციალური ინფორმაციისა. კითხვაზე პასუხის გაცემისთვის დადგენილი ვადის გადაცილების შემთხვევაში გადაცილების თაობაზე აღინიშნება მისი გამოქვეყნებისას.
მუხლი 149. ინტერპელაცია
1. პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს, ფრაქციას უფლება აქვს, ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს (შემდგომ – ადრესატი).
2. შეკითხვა უნდა იყოს წერილობითი. შეკითხვის შინაარსი უნდა იყოს კონკრეტული და შეეხებოდეს ადრესატის უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებულ საკითხს.
3. შეკითხვა ჰბარდება პარლამენტის აპარატს, რომელიც აღრიცხავს მას და გადასცემს ადრესატს არაუგვიანეს 1 დღისა.
4. ადრესატი ვალდებულია შეკითხვას პირადად უპასუხოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე შეკითხვაზე პასუხი წერილობითი ფორმით წარუდგინოს პლენარულ სხდომას. შეკითხვაზე პასუხს ხელს აწერს მხოლოდ ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი ან საქართველოს მთავრობის შესაბამისი წევრი.
5. ინტერპელაციის წესით შეკითხვის ადრესატი პარლამენტში წარდგება როგორც წესი, ყოველი მორიგი სესიის განმავლობაში ორჯერ, შესაბამისად, საგაზაფხულო სესიის მარტისა და მაისის და საშემოდგომო სესიის სექტემბრისა და ნოემბრის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს, და უპასუხებს ყველა შეკითხვას, რომლებიც მას გადაეცა აღნიშნულ დრომდე არაუგვიანეს 10 დღისა.
6. შეკითხვის ავტორს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გამოითხოვოს შეკითხვა. ამ შემთხვევაში ადრესატი პარლამენტის წინაშე აღარ წარდგება.
7. თუ ინტერპელაციის წესით ჩაბარებულია ორზე მეტი შეკითხვა, პარლამენტის ბიურო პროპორციულად ამცირებს ამ მუხლის მე-8–მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ თითოეულ დროს ისე, რომ ყველა შეკითხვაზე ამ მუხლით გათვალისწინებული ყველა პროცედურის გავლისათვის გამოყოფილი დრო შეესაბამებოდეს ორი შეკითხვისათვის ამავე მუხლით განსაზღვრულ ჯამურ დროს. (01.07.2020 №6700 ამოქმედდეს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე)
8. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაპირველად შეკითხვის ავტორს ეძლევა 10 წუთი, ხოლო შემდეგ ადრესატს – 20 წუთი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 წუთით.
9. შეკითხვის ავტორს უფლება აქვს, დამაზუსტებელი კითხვით ადრესატს მიმართოს ერთხელ, არაუმეტეს 3 წუთით. პასუხის დაზუსტებისათვის ადრესატს ეძლევა არაუმეტეს 10 წუთისა.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ იმართება დებატები შემდეგი წესით: თითოეულ ფრაქციას ეძლევა იმდენი წუთი, რამდენი წევრიც არის მასში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 15 და არაუმეტეს 75 წუთისა, ხოლო თითოეულ უფრაქციო პარლამენტის წევრს – 3 წუთი. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ უფრაქციო პარლამენტის წევრებს შეუძლიათ თითოეული მათგანის გამოსვლისათვის გამოყოფილი დრო ერთმანეთს დაუთმონ ისე, რომ შესაბამისი პარლამენტის წევრის/წევრების გამოსვლის/გამოსვლების ხანგრძლივობა ჯამში 15 წუთს არ აღემატებოდეს. თავდაპირველად სიტყვით გამოდიან უფრაქციო პარლამენტის წევრები, შემდეგ − საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლები, ხოლო ბოლოს − საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლები. ფრაქცია მისთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავს გამომსვლელთა რაოდენობას და მათზე დროის გადანაწილების სქემას. პლენარული სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოსვლა დაუშვებელია. გამომსვლელისათვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია. დებატების შემდეგ ადრესატს ეძლევა 20 წუთი დასკვნითი გამოსვლისათვის. (01.07.2020 №6700 ამოქმედდეს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე)
11. დებატებისა და ადრესატის დასკვნითი გამოსვლის დასრულების შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს დადგენილება.
მუხლი 150. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება
1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში პარლამენტს წარუდგინოს მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. აღნიშნული მოხსენება წერილობითი ფორმით პარლამენტს წარედგინება 1 ივნისამდე.
2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოხსენებით წარდგომის ზუსტ დროს განსაზღვრავს პარლამენტის ბიურო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.
3. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოხსენების დასრულების შემდეგ მოხსენების განხილვა გრძელდება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის შესაბამისად. განხილვის შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს დადგენილება.
მუხლი 151. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიში
1. პარლამენტს უფლება აქვს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოსთხოვოს სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენა. ამ ანგარიშის წარდგენის მოთხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს კომიტეტის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე, პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით და დაუყოვნებლივ ეგზავნება ადრესატს.
2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშს წერილობითი ფორმით პარლამენტს წარუდგენს სათანადო მოთხოვნის მიღებიდან 2 კვირის ვადაში და არაუგვიანეს 3 კვირისა პარლამენტის წინაშე წარდგება შესაბამისი ანგარიშით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიშით წარდგომის ზუსტ დროს განსაზღვრავს პარლამენტის ბიურო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ანგარიში განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის შესაბამისად. განხილვის შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს დადგენილება.
მუხლი 152. თანამდებობის პირის პლენარულ სხდომაზე გამოცხადება
1. პარლამენტი კომიტეტის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე, პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის გადაწყვეტილებით პლენარულ სხდომაზე იწვევს მთავრობის წევრს, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელს. ისინი ვალდებული არიან გამოცხადდნენ პლენარულ სხდომაზე, ამ მუხლით დადგენილი წესით პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში. პარლამენტის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეგზავნება ადრესატს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი პარლამენტის წინაშე წარდგება, როგორც წესი, ყოველი თვის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს და ისაუბრებს იმ საკითხებზე, რომლებიც მას გადაეცა აღნიშნულ დრომდე არაუგვიანეს 10 დღისა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით განსაზღვრულ საკითხთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისთვის თანამდებობის პირს ეძლევა 30 წუთი.
4. თანამდებობის პირის მოხსენების დასრულების შემდეგ, 30 წუთის განმავლობაში პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, მოხსენების თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას და მოისმინონ პასუხები. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 30 წამით, დაზუსტების უფლების გარეშე. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, შეკითხვით გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამდებობის პირი პარლამენტის წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს ცალ-ცალკე უპასუხებს.
5. თანამდებობის პირის სიტყვით გამოსვლისა და კითხვა-პასუხის შემდეგ იმართება პოლიტიკური დებატები რეგლამენტის 93-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით. ამის შემდეგ თანამდებობის პირს ეძლევა 15 წუთი დასკვნითი გამოსვლისთვის.
6. თანამდებობის პირის მოსმენის შემდეგ პარლამენტმა შეიძლება მიიღოს დადგენილება.
მუხლი 153. მინისტრის საათი
1. მინისტრის საათი გულისხმობს წელიწადში ერთხელ საქართველოს მთავრობის ცალკეული წევრების (გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების შესაბამისი მიმართულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას.
2. საქართველოს მთავრობის ცალკეული წევრების პარლამენტის წინაშე წარდგომის განრიგს მთავრობის წევრებთან შეთანხმებით და პარლამენტის კომიტეტების ინიციატივების გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე ადგენს პარლამენტის ბიურო. საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია განრიგში ცვლილების შეტანა. განრიგი ისე უნდა შედგეს, რომ სულ მცირე პლენარული სხდომების ყოველ 2 კვირაში ერთხელ (გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის კვირისა) გაიმართოს 1 მინისტრის საათი მაინც.
3. მინისტრის საათი იწყება საქართველოს მთავრობის წევრის სიტყვით გამოსვლით, რისთვისაც მას ეძლევა 45 წუთი.
4. საქართველოს მთავრობის წევრის მოხსენებას პარლამენტი განიხილავს რეგლამენტით კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 154. საქართველოს მთავრობის წევრისა და სხვა თანამდებობის პირის მოსმენა
1. საქართველოს მთავრობის წევრს, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელს, საქართველოს სახალხო დამცველს მოთხოვნისთანავე მოუსმენს პარლამენტი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირი ვალდებულია პარლამენტისადმი მიმართვამდე არაუგვიანეს 3 დღისა პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით წარუდგინოს ის საკითხები, რომლებზედაც მას სურს პარლამენტისადმი მიმართვა. პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის აპარატის მეშვეობით უზრუნველყოფს თანამდებობის პირის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მიმართვის ფრაქციებისა და უფრაქციო პარლამენტის წევრებისათვის დაუყოვნებლივ გაგზავნას. (01.07.2020 №6700 ამოქმედდეს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე)
3. ამ მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიმართვისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს. აუცილებლობის შემთხვევაში იგი შეიძლება გააგრძელოს სხდომის თავმჯდომარემ 10 წუთით.
4. თანამდებობის პირის მიმართვის დასრულების შემდეგ თანამდებობის პირის გამოსვლა განიხილება რეგლამენტით კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 155. თემატური მოკვლევა
1. აქტუალური საკითხის შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით, პარლამენტის წევრთაგან, კომიტეტის ან პარლამენტის მუდმივმოქმედი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება დაინიშნოს თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომელიც თავისი შემადგენლობიდან ირჩევს მთავარ მომხსენებელს.
2. კომიტეტის წევრი უფლებამოსილია კომიტეტს წარუდგინოს შემოსული განცხადებების ანალიზის, მიმდინარე მოვლენების, საჯარო ინტერესისა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით მომზადებული თემატური მოკვლევის საკითხი/საკითხები. აღნიშნულ საკითხზე/საკითხებზე მოკვლევის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, პარლამენტის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს წევრის მიერ წარდგენილი აქტუალური საკითხიდან/საკითხებიდან გამომდინარე, მუდმივმოქმედი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მოკვლევის დაწყების და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის შესახებ.
4. თემატური მოკვლევის საკითხი და ინფორმაცია იმ პარლამენტის წევრთა შესახებ, რომლებმაც დაადასტურეს მოკვლევაში მათი მონაწილეობა, წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას. თუ აღმოჩნდება, რომ ერთსა და იმავე საკითხზე მოკვლევის სურვილი გამოითქვა სხვადასხვა კომიტეტში, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, მოკვლევაში მონაწილე პარლამენტის წევრები შეიძლება გაერთიანდნენ.
5. თემატური მოკვლევის ჯგუფი ვალდებულია უზრუნველყოს მოკვლევის დაწყებიდან არაუგვიანეს 5 დღისა მოკვლევის დაწყების შესახებ ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე განთავსება. ეს ინფორმაცია უნდა მოიცავდეს საკითხის დასახელებასა და მოკლე აღწერას, ინფორმაციას საკითხზე მომუშავე პარლამენტის წევრის/წევრების შესახებ, აგრეთვე დაინტერესებული პირების მიერ საკუთარი მოსაზრებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის წესსა და ვადებს.
6. საკითხზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფი ადგენს საკითხის შესწავლის გეგმასა და გრაფიკს, განსაზღვრავს მის შესწავლაში მონაწილე სპეციალისტებს, ხელმძღვანელობს საკითხის შესწავლას, პასუხისმგებელია საკითხის დამუშავებისა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადებისთვის, სწავლობს დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას, უფლება აქვს, ადმინისტრაციული ორგანოსაგან გამოითხოვოს და მიიღოს საკითხის შესასწავლად საჭირო ინფორმაცია და ახსნა-განმარტება. მოკვლევის ფარგლებში მიღებული დოკუმენტები ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.
7. საკითხის მოკვლევის ფარგლებში სავალდებულოა გაიმართოს საკითხის მოსმენა, რომელზედაც მოწვეული იქნებიან დაინტერესებული პირები, შესაბამისი სფეროს სპეციალისტები, ექსპერტები და იმ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები, რომელსაც უშუალოდ ეხება საკითხი. საკითხის მოსმენის გამართვის შესახებ ინფორმაცია 1 კვირით ადრე ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.
8. თემატური მოკვლევის ჯგუფი მოკვლევის დაწყებიდან 3 თვის ვადაში ამზადებს დასკვნას, რომელიც წარედგინება პარლამენტის ბიუროს ან კომიტეტს. ეს ვადა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 3-ჯერ, თითო თვით. აღნიშნული დასკვნა პარლამენტის ბიუროს წარედგინება იმ შემთხვევაში, თუ თემატური მოკვლევის ჯგუფი სხვადასხვა კომიტეტის წევრებისაგან შედგება ან საკითხზე მოკვლევის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია პარლამენტის მუდმივმოქმედი საბჭოს მიერ. პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი შეიტანოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. დასკვნის საფუძველზე შესაბამისი კომიტეტი ან პარლამენტი შეიმუშავებს რეკომენდაციებს ან ახორციელებს რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას. კომიტეტის, პარლამენტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ან/და დავალებები ეგზავნება შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს და ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. (01.07.2020 №6700 ამოქმედდეს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე)
მუხლი 156. საპარლამენტო კონტროლი საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე (29.05.2019. №4619)
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს (შემდგომ – საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებები) საქმიანობას პარლამენტი აკონტროლებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, ნდობის ჯგუფისა და სხვა დარგობრივი სპეციალიზაციის კომიტეტების მეშვეობით.
მუხლი 157. ნდობის ჯგუფის შემადგენლობა
1. საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მიზნით, ამ მუხლით დადგენილი წესით პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში იქმნება ნდობის ჯგუფი.
2. ნდობის ჯგუფი შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან ერთი არის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ორი – საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციის/ფრაქციების წევრი, ხოლო ორი – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციების წევრი. (01.07.2020 №6700 ამოქმედდეს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე)
3. ფრაქციები ნდობის ჯგუფის წევრებად დასახელებულ პირებს წარუდგენენ პარლამენტს. საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციების მიერ ორზე მეტი ნდობის ჯგუფის წევრის წარდგენის შემთხვევაში პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება იმ 2 ფრაქციის წევრი, რომლებშიც ოპოზიციაში შემავალ სხვა ფრაქციებზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული. ფრაქციების წევრთა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება იმ ფრაქციის წევრი, რომლის პარტიამაც პარლამენტის არჩევნებში მეტი ხმა მიიღო. (01.07.2020 №6700 ამოქმედდეს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე)
31. ამოღებულია (01.07.2020 №6700 ამოქმედდეს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე)
4. ამოღებულია (01.07.2020 №6700 ამოქმედდეს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე)
5. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მისაღებად, პარლამენტისათვის წარდგენამდე, ნდობის ჯგუფის წევრად დასახელებული პირი შემოწმებას გადის „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
6. პარლამენტი ცნობად იღებს ნდობის ჯგუფის შემადგენლობას, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.
7. ნდობის ჯგუფს თავმჯდომარეობს და წარმოადგენს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე.
8. ფრაქციის მიერ წარდგენილ ნდობის ჯგუფის წევრს უფლებამოსილება უწყდება ამ ფრაქციის მიერ ახალი კანდიდატურის წარდგენის შემთხვევაში. ნდობის ჯგუფის წევრს უფლებამოსილება უწყდება პარლამენტის მიერ ამ ფაქტის ცნობად მიღების მომენტიდან. (01.07.2020 №6700 ამოქმედდეს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე)
მუხლი 158. ნდობის ჯგუფის მუშაობის წესი
1. ნდობის ჯგუფის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ნდობის ჯგუფის წევრთა ხმების უმრავლესობით. ნდობის ჯგუფის სხდომა დახურულია.
2. ნდობის ჯგუფის სხდომები იმართება საჭიროებისამებრ. ნდობის ჯგუფის სხდომას იწვევს და წარმართავს ნდობის ჯგუფის თავმჯდომარე. ნდობის ჯგუფის სხდომა შესაძლებელია მოწვეულ იქნეს ნდობის ჯგუფის ნებისმიერი წევრის წინადადებით, თუ სხდომის გამართვას მხარს დაუჭერს ნდობის ჯგუფის წევრთა უმრავლესობა.
3. ნდობის ჯგუფის გადაწყვეტილებით, მოწვევის შემთხვევაში, მის სხდომას შეიძლება დაესწრონ სხვა პარლამენტის წევრები, აგრეთვე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებებიდან მოწვეული პირები.
მუხლი 159. პარლამენტის საკონტროლო უფლებამოსილებები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში
1. ნდობის ჯგუფი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზედამხედველობს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საიდუმლო საქმიანობასა და სპეციალურ პროგრამებს, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც დაკავშირებულია საქმიანობის ფარულ ფორმებსა და მეთოდებთან.
2. შესაბამისი უწყებები ვალდებული არიან ნდობის ჯგუფის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინონ მას მისი უფლებამოსილების შეუფერხებელი განხორციელებისათვის საჭირო ყველა ინფორმაცია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ნდობის ჯგუფს ინფორმაციას აწვდის ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით.
3. შესაბამისი უწყებები, ეროვნული/საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სახელმწიფო ინტერესების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, უფლებამოსილი არიან უარი განაცხადონ მიმდინარე საქმეებსა და ღონისძიებებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებაზე. ასევე შეზღუდულია შესაბამისი უწყებების მიერ ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ნორმატიული აქტის) მიწოდება, რომელიც დაკავშირებულია საქმიანობის ფარულ ფორმებსა და მეთოდებთან. საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული თანამშრომლობის ფარგლებში ნდობის ჯგუფს ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ინფორმაციის მიწოდებაზე უარის შემთხვევაში შესაბამისი უწყებები ვალდებული არიან ნდობის ჯგუფს წარუდგინონ უარის წერილობითი დასაბუთება.
5. შესაბამისი უწყებები ნდობის ჯგუფს წარუდგენენ დეტალურ ინფორმაციას განსახორციელებელი საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 (ორ მილიონ) ლარს, ხოლო შესასყიდი სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 4 000 000 (ოთხ მილიონ) ლარს, აგრეთვე წელიწადში არანაკლებ ერთხელ წარუდგენენ ინფორმაციას განხორციელებული და მიმდინარე საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.
6. შესაბამისი უწყებები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტსა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს წარუდგენენ დეტალურ ინფორმაციას განსახორციელებელი არასაიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 (ორ მილიონ) ლარს, ხოლო შესასყიდი სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 4 000 000 (ოთხ მილიონ) ლარს, აგრეთვე წელიწადში არანაკლებ ერთხელ წარუდგენენ ინფორმაციას განხორციელებული და მიმდინარე არასაიდუმლო შესყიდვების შესახებ.
7. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობა, შესაბამისი უწყება ვალდებულია საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის საიდუმლო ნაწილში შეტანიდან 2 კვირის ვადაში ნდობის ჯგუფს გააცნოს უწყების სტრუქტურისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანების შემცველი საიდუმლო ნორმატიული აქტი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. გაცნობის შემდეგ ნორმატიული აქტი დაუყოვნებლივ უბრუნდება შესაბამის უწყებას.
8. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობა, შესაბამისი უწყებები ვალდებული არიან მიღებიდან 2 კვირის ვადაში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს წარუდგინონ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის, პრიორიტეტებისა და სტრატეგიის ამსახველი დოკუმენტები.
9. შესაბამისი უწყებები ნდობის ჯგუფს წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 15 აპრილისა, წარუდგენენ მოხსენებას წინა წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო წარუდგენს გაწეული საქმიანობის სტატისტიკურ და განზოგადებულ ანგარიშს.
10. შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები ან ნდობის ჯგუფთან შეთანხმებით – მათ მიერ უფლებამოსილი პირები უფლებამოსილი არიან, ხოლო ნდობის ჯგუფის მოთხოვნის შემთხვევაში – ვალდებული არიან დაესწრონ ნდობის ჯგუფის სხდომებს, უპასუხონ დასმულ შეკითხვებს, წარმოადგინონ შესაბამისი მასალები და გაწეული საქმიანობის ანგარიში.
11. ნდობის ჯგუფის წევრი/წევრები უფლებამოსილია/უფლებამოსილი არიან, ნდობის ჯგუფის თავმჯდომარის თანხმობით, ნდობის ჯგუფის კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე განახორციელოს/განახორციელონ ვიზიტები შესაბამის უწყებებში. ვიზიტის ფარგლებში ნდობის ჯგუფის წევრი/წევრები უფლებამოსილია/უფლებამოსილი არიან გაესაუბროს/გაესაუბრონ უწყების თანამშრომლებს და გაეცნოს/გაეცნონ ნდობის ჯგუფის კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციას. აღნიშნულთან დაკავშირებით ნდობის ჯგუფის თავმჯდომარის გადაწყვეტილება შესაბამის უწყებას ეგზავნება ვიზიტის დაწყებამდე.
12. ნდობის ჯგუფი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შემოწმების შესახებ და შეამოწმოს იგი წელიწადში არაუმეტეს ორჯერ. აღნიშნული სააგენტოს საქმიანობის შემოწმების მიზნით ნდობის ჯგუფის წევრს/წევრებს შეარჩევს ნდობის ჯგუფი რეგლამენტით დადგენილი წესით.
13. ნდობის ჯგუფი ვალდებულია უფლებამოსილების განხორციელებისას დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში მიმართოს საგამოძიებო ორგანოს და მიმართვას დაურთოს მის ხელთ არსებული მასალები.
14. თუ ნდობის ჯგუფი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის საფუძველზე მიიჩნევს, რომ შესაბამისი უწყება ან მისი ხელმძღვანელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, ამასთანავე, ინფორმაცია უკანონოდ ან დაუსაბუთებლად არის დასაიდუმლოებული, იგი წერილობით მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოტივირებული მითითების გამოცემის მიზნით. თუ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მიიჩნევს, რომ საიდუმლოობის გრიფის მინიჭება არ ეწინააღმდეგება კანონიერებისა და დასაბუთებულობის პრინციპებს, ნდობის ჯგუფი, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ინფორმაციისთვის სახელმწიფო საიდუმლოობის გრიფის მოხსნის წინადადებით, რომელსაც დაურთავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის დასკვნას.
15. ნდობის ჯგუფი უფლებამოსილია საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებს წარუდგინოს რეკომენდაციები.
16. პარლამენტის მიერ განსახილველი საკითხი, რომელიც ნდობის ჯგუფის კომპეტენციას მიეკუთვნება, საჭიროებს ნდობის ჯგუფის დასკვნას.
მუხლი 160. საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება
1. პარლამენტი საქართველოს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა.
2. პარლამენტს პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა უნდა წარედგინოს საქართველოს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან არაუგვიანეს მე-9 დღისა.
3. პარლამენტის კომიტეტები დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით და ფრაქციები განიხილავენ საქართველოს მთავრობის სამთავრობო პროგრამას და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს და შესაბამის დასკვნებს წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს. ერთ დღეს დასაშვებია მხოლოდ ორი მოსმენის გამართვა ამ პუნქტით გათვალისწინებული საკითხის განხილვის მიზნით. პარლამენტის კომიტეტის დასკვნა მიიღება ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით.
4. პარლამენტის კომიტეტებისა და ფრაქციების დასკვნების საფუძველზე პარლამენტის ბიუროს საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი შეაქვს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში.
5. პარლამენტი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს.
6. პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.
7. თუ საქართველოს მთავრობამ საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში ვერ მიიღო ნდობა, პარლამენტი ამ ვადის ამოწურვიდან 2 კვირის ვადაში, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ამ მუხლით დადგენილი წესით ნდობას გამოუცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ საქართველოს მთავრობას. ერთზე მეტი პრემიერმინისტრობის კანდიდატის არსებობის შემთხვევაში პარლამენტი განიხილავს პრემიერმინისტრობის იმ კანდიდატს, რომელიც უფრო მეტმა პარლამენტის წევრმა წარადგინა, ხოლო წარმდგენთა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში − იმ კანდიდატს, რომელიც უფრო ადრე იქნა წარდგენილი.
8. თუ საქართველოს მთავრობის შემადგენლობის წარდგენა ემთხვევა საპარლამენტო არდადეგებს ან იმ კვირას, როდესაც პლენარული სხდომები არ იმართება, რეგლამენტით დადგენილი წესით მოიწვევა რიგგარეშე სესია ან რიგგარეშე სხდომა.
მუხლი 161. საქართველოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება
1. პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს საქართველოს მთავრობას. უნდობლობის საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტს.
2. უნდობლობის საკითხის აღძვრასთან ერთად პარლამენტს ერთდროულად წარედგინება ინიციატორების მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატი, საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა.
3. თუ პარლამენტი საკითხის აღძვრიდან არაუადრეს 7 და არაუგვიანეს 14 დღისა სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს ახალ მთავრობას, უნდობლობა გამოცხადებულად ჩაითვლება.
4. საქართველოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურაზე ვრცელდება რეგლამენტის 160-ე მუხლის მე-3–მე-5 პუნქტებით დადგენილი წესები.
5. თუ პარლამენტი უნდობლობის საკითხის აღძვრის შემდეგ არ გამოუცხადებს საქართველოს მთავრობას უნდობლობას, დაუშვებელია პარლამენტის იმავე წევრთა მიერ მომდევნო 6 თვის განმავლობაში უნდობლობის საკითხის აღძვრა.
მუხლი 162. საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით
1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია პარლამენტის წინაშე დასვას საქართველოს მთავრობის ნდობის საკითხი.
2. ნდობის საკითხს კენჭი ეყრება მისი დასმიდან არაუადრეს მე-7 და არაუგვიანეს მე-14 დღისა.
3. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურაზე ვრცელდება რეგლამენტის 160-ე მუხლის მე-3–მე-5 პუნქტებით დადგენილი წესები.
4. თუ პარლამენტი ნდობას არ გამოუცხადებს საქართველოს მთავრობას საქართველოს კონსტიტუციის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში, პარლამენტი უფლებამოსილია საქართველოს მთავრობისთვის ნდობის არგამოცხადებიდან 7 დღის ვადაში, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობა გამოუცხადოს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა.
5. საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურაზე ვრცელდება რეგლამენტის 160-ე მუხლის მე-3–მე-5 პუნქტებით დადგენილი წესები.
მუხლი 163. ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობაზე ზედამხედველობა
1. საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტს წელიწადში ერთხელ, კალენდარული წლის მარტში, წარუდგენს ანგარიშს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიაზე − მოხსენებას ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით, რომელთა განხილვის საფუძველზედაც პარლამენტი იღებს დადგენილებას ან რეზოლუციას. პარლამენტის დადგენილება უნდა შეიცავდეს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის შეფასებას, აგრეთვე პარლამენტის დავალებებს და მათი შესრულების მონიტორინგის ვადებს.
2. პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დადგენილების აღსრულების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, ეს ინფორმაცია წარედგინება პარლამენტის პლენარულ სხდომას, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
მუხლი 164. პარლამენტის მიერ საჯარო სახსრების მართვის კონტროლი
პარლამენტი საჯარო სახსრების მართვის კონტროლს უზრუნველყოფს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მეშვეობით.
მუხლი 165. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშები, მოხსენებები და მათი განხილვის პროცედურა
1. პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით აკონტროლებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობას.
2. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წინასწარი ანგარიშისა და სრული ანგარიშის წარდგენის დროს სახელმწიფო აუდიტის სამსახური წელიწადში ორჯერ წარადგენს მოხსენებას საქართველოს მთავრობის ანგარიშის თაობაზე.
3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 ივნისისა, პარლამენტს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს. ამ ანგარიშს დანართის სახით უნდა ერთოდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტის შედეგები. აღნიშნული ანგარიში ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის განხილვის შემდეგ პარლამენტი იღებს შესაბამის დადგენილებას. პარლამენტის დადგენილებაში შესაძლებელია აისახოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აუდიტის ჯგუფის მიერ შემუშავებული და კომიტეტის გადაწყვეტილებით მიღებული რეკომენდაციები, მათი შესრულების ვადების მითითებით. ამ საკითხზე პლენარულ სხდომაზე მომხსენებელია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი.
5. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი აუდიტის ჯგუფის მეშვეობით ზედამხედველობას უწევს ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული დადგენილების აღსრულებას და აღსრულების შესახებ ინფორმაციას საჭიროების შემთხვევაში წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, ეს ინფორმაცია შესაძლებელია წარედგინოს პარლამენტის პლენარულ სხდომას და მისი განხილვის საგანი გახდეს.
6. ამ რეგლამენტის 164-ე მუხლით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების მიზნით პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტის წევრებისგან ქმნის კომიტეტთან არსებულ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველ მუდმივმოქმედ აუდიტის ჯგუფს. აუდიტის ჯგუფის წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა განისაზღვრება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებით. ამასთანავე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კოორდინაციას უწევს პარლამენტის კომიტეტების მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განხილვას.
7. აუდიტის ჯგუფი ანგარიშვალდებულია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წინაშე. აუდიტის ჯგუფის დებულება მტკიცდება აღნიშნული კომიტეტის გადაწყვეტილებით.
8. ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული აუდიტის ჯგუფის ძირითადი საქმიანობაა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისთვის წარდგენა.
9. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშებს პარლამენტს წარუდგენს დაუყოვნებლივ. ამასთანავე, წელიწადში ორჯერ – მიმდინარე წლის 10 სექტემბრამდე და მომდევნო წლის 10 თებერვლამდე – სახელმწიფო აუდიტის სამსახური წარმოადგენს აგრეთვე წერილობით ინფორმაციას ამ ანგარიშებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ანგარიშების თაობაზე.
10. აუდიტის ჯგუფი ვალდებულია პარლამენტის მორიგი სესიის განმავლობაში სულ მცირე ერთხელ წარუდგინოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს თავისი საქმიანობის შესახებ მოხსენება.
11. აუდიტის ჯგუფის სხდომები საჯაროა. აუდიტის ჯგუფი ვალდებულია პარლამენტის მორიგი სესიის განმავლობაში თვეში ერთი სხდომა მაინც მოიწვიოს.
12. აუდიტის ჯგუფი შეიმუშავებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილების პროექტს შესაბამისი რეკომენდაციებით და წარუდგენს აღნიშნულ კომიტეტს.
13. სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავისი საქმიანობის გეგმის შედგენისას ითვალისწინებს პარლამენტის კომიტეტების, დროებითი საგამოძიებო კომისიებისა და დროებითი კომისიების წინადადებებს.
14. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ვალდებულია პარლამენტის შესაბამის კომიტეტსა და დროებით საგამოძიებო კომისიას გადასცეს აუდიტის მასალები.
15. პარლამენტისა და დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური ატარებს არაგეგმურ აუდიტსა და შემოწმებას.
16. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტი ხორციელდება „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის „ვ.ა“, „ვ.გ“ და „ვ.დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და აუდიტორული ფირმის შერჩევაზე ვრცელდება რეგლამენტის 166-ე მუხლის მე-9–მე-12 პუნქტებით დადგენილი წესი.
მუხლი 166. საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის ზედამხედველობა
1. პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით აკონტროლებს საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ეროვნული ბანკის უმაღლეს თანამდებობის პირთა საქმიანობას.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველწლიურად, საფინანსო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს 4 თვისა, პარლამენტს წარუდგენს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-60 და 61-ე მუხლებით გათვალისწინებულ საქმიანობის ანგარიშს და ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის განხორციელების შესახებ ანგარიშს. ამ ანგარიშებს პარლამენტი განიხილავს და ამტკიცებს დადგენილებით.
3. საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის შეფასების შესახებ.
4. ახალი საფინანსო წლის დაწყებამდე, არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა, საქართველოს ეროვნული ბანკი პარლამენტს წარუდგენს მომავალი სამი წლის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს.
5. მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს, როგორც წესი, განიხილავს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ან/და განიხილავენ ეკონომიკური პროფილის კომიტეტები და ამზადებს/ამზადებენ შესაბამის დასკვნებს. კომიტეტი უფლებამოსილია აუცილებლობის შემთხვევაში მოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკისგან, საქართველოს მთავრობისგან, საქართველოს სამინისტროებისგან, სხვა უწყებებისგან, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებებისგან.
6. პარლამენტი მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს განიხილავს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით.
7. პარლამენტი მიმდინარე წლის ბოლომდე დადგენილებით ამტკიცებს მონეტარული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.
8. პარლამენტი უფლებამოსილია საფინანსო წლის განმავლობაში საჭიროებისამებრ მოსთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს ინფორმაცია მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ პარლამენტის დადგენილების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე. საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია პარლამენტის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარადგინოს ინფორმაცია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
9. საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი პარლამენტს აუდიტის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 1 სექტემბრისა წარუდგენს მსოფლიოს 4 ყველაზე მსხვილი აუდიტორული ფირმის სიას, ხოლო პარლამენტი ამ სიიდან არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, ტენდერის ან კონკურსის საფუძველზე აირჩევს 1 აუდიტორულ ფირმას (გარე აუდიტორს). ამ აუდიტორულ ფირმასთან კონტრაქტი ფორმდება არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 წლის ვადით. საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშგების გარე აუდიტის ხარჯებს ანაზღაურებს საქართველოს ეროვნული ბანკი.
10. პარლამენტის მიერ აუდიტორული ფირმის შესარჩევად პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შესაბამისი წარდგინებით გათვალისწინებული საკითხი შეაქვს პარლამენტის ბიუროს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში. აუდიტორული ფირმის შერჩევის ფორმის (ტენდერი/კონკურსი), სატენდერო/საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და ტენდერის/კონკურსის ჩატარების ვადების განსაზღვრის უზრუნველსაყოფად პარლამენტის ბიურო აღნიშნულ საკითხს განსახილველად გადასცემს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ამ საკითხს 2 კვირის განმავლობაში განიხილავს.
11. თუ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ პარლამენტმა აუდიტორული ფირმა ტენდერის საფუძველზე შეარჩიოს, იგი მიღებულ გადაწყვეტილებას შესაბამისი დადგენილების პროექტთან ერთად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიუროს აღნიშნული საკითხი შეაქვს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტი დადგენილებით ამტკიცებს სატენდერო კომისიის შემადგენლობას. სატენდერო პირობებს, მოთხოვნებს, წესებს და სატენდერო კომისიის დებულებას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.
12. თუ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ პარლამენტმა აუდიტორული ფირმა კონკურსის საფუძველზე შეარჩიოს, იგი მიღებულ გადაწყვეტილებას შესაბამისი დადგენილების პროექტთან ერთად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. დადგენილების პროექტში განსაზღვრული უნდა იყოს საკონკურსო კომისიის შემადგენლობა (არაუმეტეს 9 წევრისა), საკონკურსო კომისიის დებულების შემუშავებისა და დამტკიცების საკითხები, პარლამენტის სახელით განსახორციელებელი ღონისძიებები და კონკურსის შედეგად გამოვლენილი აუდიტორული ფირმის პარლამენტისათვის წარდგენის ვადა.
მუხლი 167. საპენსიო სააგენტოს საქმიანობის ზედამხედველობა
1. საპენსიო სააგენტო პარლამენტს ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა, წარუდგენს მიმოხილვას მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ, ხოლო არაუგვიანეს 1 ივნისისა – მის მიერ განხორციელებული საქმიანობის წლიურ ანგარიშს. აღნიშნულ მიმოხილვას/ანგარიშს პარლამენტი განიხილავს რეგლამენტის 176-ე მუხლის მე-2−მე-5 და მე-9 პუნქტებით დადგენილი წესით. ამ პუნქტით გათვალისწინებული მიმოხილვის/ანგარიშის განხილვის შემდეგ პარლამენტი იღებს შესაბამის დადგენილებას. პარლამენტის დადგენილებაში შეიძლება მიეთითოს ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრასთან ან/და საპენსიო სააგენტოს საქმიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები და წინადადებები.
2. პარლამენტი უფლებამოსილია საფინანსო წლის განმავლობაში საჭიროებისამებრ მოსთხოვოს საპენსიო სააგენტოს ინფორმაცია პარლამენტის დადგენილების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე. საპენსიო სააგენტო ვალდებულია პარლამენტის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარადგინოს ინფორმაცია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
3. საპენსიო სააგენტოს ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი პარლამენტს არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა წარუდგენს მსოფლიოს 4 ყველაზე მსხვილი აუდიტორული ფირმის სიას, ხოლო პარლამენტი ამ სიიდან არაუგვიანეს 1 დეკემბრისა, ტენდერის ან კონკურსის საფუძველზე აირჩევს 1 აუდიტორულ ფირმას (გარე აუდიტორს). ამ აუდიტორულ ფირმასთან კონტრაქტი ფორმდება არაუმეტეს 3 წლის ვადით. საპენსიო სააგენტოს ანგარიშგების გარე აუდიტის ხარჯებს ანაზღაურებს საპენსიო სააგენტო.
4. პარლამენტის მიერ აუდიტორული ფირმის შერჩევა ხდება რეგლამენტის 166-ე მუხლის მე-10–მე-12 პუნქტების შესაბამისად.
მუხლი 168. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ბიუჯეტის შესრულების აუდიტი
საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია გადაწყვიტოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების აუდიტის არაუმეტეს წელიწადში ერთხელ ჩატარება. ასეთ შემთხვევაში პარლამენტი ტენდერის საფუძველზე შეარჩევს საერთაშორისოდ აღიარებულ აუდიტორს. სატენდერო კომისიის შემადგენლობას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტი დადგენილებით.
მუხლი 169. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წლიური ანგარიში
1. სახელმწიფო ინსპექტორი წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 31 მარტისა, პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის, აგრეთვე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების მდგომარეობისა და ამ მიმართულებებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წინა წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ანგარიშს პარლამენტი განიხილავს რეგლამენტის 176-ე მუხლის მე-2−მე-5 და მე-9 პუნქტებით დადგენილი წესით.
2. სახელმწიფო ინსპექტორი პარლამენტს ასევე წელიწადში ერთხელ წარუდგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე–138-ე მუხლებით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებებისა და 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების კონტროლის შედეგების შესახებ ანგარიშს. აღნიშნულ ანგარიშს პარლამენტის ბიურო გადასცემს პარლამენტის შესაბამის კომიტეტს და ნდობის ჯგუფს.
მუხლი 1691. მთავარი შრომის ინსპექტორის წლიური ანგარიში (29.09.2020. №7187)
მთავარი შრომის ინსპექტორი წელიწადში ერთხელ, კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 6 თვისა, პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის შესახებ. მთავარი შრომის ინსპექტორის წლიურ ანგარიშს პარლამენტი განიხილავს რეგლამენტის 176-ე მუხლის მე-2−მე-5 და მე-9 პუნქტებით დადგენილი წესით.
მუხლი 170. იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის ანგარიში
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის (შემდგომ − იურიდიული დახმარების სამსახური) დირექტორი ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 მარტისა, პარლამენტს წარუდგენს იურიდიული დახმარების სამსახურის წინა წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს.
2. სავალდებულოა იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა. აღნიშნულ ანგარიშს პარლამენტი განიხილავს რეგლამენტის 176-ე მუხლის მე-2−მე-5 და მე-9 პუნქტებით დადგენილი წესით. იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ პარლამენტი დადგენილებით მოიწონებს ამ ანგარიშს ან იურიდიული დახმარების სამსახურს მოსთხოვს ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრას ან/და საქმიანობის გაუმჯობესებას.
მუხლი 171. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის საჯარო ანგარიში
1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ან მისი მოადგილე წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 15 აპრილისა, პარლამენტს წარუდგენს სამსახურის მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ საჯარო ანგარიშს. აღნიშნულ ანგარიშს პარლამენტი განიხილავს რეგლამენტის 176-ე მუხლის მე-2–მე-5 და მე-9 პუნქტებით დადგენილი წესით.
2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის განხილვის შემდეგ პარლამენტი დადგენილებით აფასებს სამსახურის საქმიანობას. პარლამენტის დადგენილებაში შეიძლება მიეთითოს ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრასთან ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები და წინადადებები.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დადგენილების შესრულებას ზედამხედველობს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი.
4. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ვალდებულია დაესწროს პარლამენტის, მისი კომიტეტისა და კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს შესაბამის სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვალდებულია ანგარიში მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში წარმოადგინოს.
მუხლი 172.საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ანგარიში
1. საქართველოს გენერალური პროკურორი წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 15 მაისისა, პარლამენტს წარუდგენს საქართველოს პროკურატურის მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს, რომელიც ეხება სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს. ანგარიში არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლო განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნულ ანგარიშს პარლამენტი განიხილავს რეგლამენტის 176-ე მუხლის მე-2–მე-5 და მე-9 პუნქტებით დადგენილი წესით.
2. საქართველოს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის განხილვის შემდეგ პარლამენტი დადგენილებით აფასებს მის საქმიანობას. პარლამენტის დადგენილებაში შეიძლება მიეთითოს ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრასთან ან/და სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები და წინადადებები.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დადგენილების შესრულებას ზედამხედველობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.
4. საქართველოს გენერალური პროკურორი, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ვალდებულია დაესწროს პარლამენტის, მისი კომიტეტისა და კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. აღნიშნული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს განსახილველი საკითხის/საკითხების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას. სხდომაზე მოწვეულ საქართველოს გენერალურ პროკურორს, მის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს უფლება აქვს, არ ისაუბროს იმ საკითხების გარშემო, რომლებიც მისთვის წინასწარ არ ყოფილა ცნობილი. აგრეთვე, გენერალურ პროკურორს, მის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს არ შეიძლება დაუსვან კითხვა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლო განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
5. გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს გენერალური პროკურორი, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე ვალდებულია ანგარიში მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში წარმოადგინოს.
მუხლი 173. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის რეკომენდაციების შესრულებაზე ზედამხედველობა
1. საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის სამუშაო ჯგუფის მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში საქართველოს შესახებ საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტს საქართველოს მთავრობისთვის ოფიციალურად გადაცემის მომენტიდან არაუგვიანეს 1 კვირისა.
2. საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის სამუშაო ჯგუფის მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში საქართველოს შესახებ საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების საბოლოო ვარიანტს საქართველოს მთავრობისთვის ოფიციალურად გადაცემის მომენტიდან არაუგვიანეს 1 კვირისა.
3. საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში აღებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ შუალედურ ანგარიშს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის წარდგენამდე არაუგვიანეს 2 თვისა.
4. საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საბოლოო ანგარიშის პროექტს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის წარდგენამდე არაუგვიანეს 2 თვისა.
5. პარლამენტი ამ მუხლის პირველ–მე-4 პუნქტებში მითითებულ დოკუმენტებს განიხილავს რეგლამენტის 176-ე მუხლის მე-2–მე-5 და მე-8–მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით.
6. ამ მუხლში მითითებული დოკუმენტები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება წამყვანი კომიტეტის ან პარლამენტის ბიუროს (ბიუროს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობის) მოთხოვნის საფუძველზე.
7. პარლამენტი ამ მუხლის პირველ–მე-4 პუნქტებში მითითებული დოკუმენტების პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში იღებს დადგენილებას.
მუხლი 174. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საზედამხედველო ორგანოების ანგარიშები საქართველოს მიმართ
1. საქართველოს მთავრობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამისი კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში, ამავე კომიტეტის დამფუძნებელი ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენამდე არაუგვიანეს 2 თვისა ანგარიშის პროექტს წარუდგენს პარლამენტს.
2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საზედამხედველო ორგანოების მიერ საქართველოს მიმართ შესაბამის ანგარიშებში მოცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ ინფორმაციას პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი ისმენს მოთხოვნისამებრ.
3. საქართველოს მთავრობა პარლამენტს ყოველწლიურად, არაუგვიანეს შესაბამისი წლის 1 აპრილისა, წარუდგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამისი კომიტეტის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ინდივიდუალურ საჩივრებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს.
4. პარლამენტი ამ მუხლში მითითებულ დოკუმენტებს განიხილავს რეგლამენტის 176-ე მუხლის მე-2–მე-5 და მე-8–მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით.
5. ამ მუხლში მითითებული დოკუმენტები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება წამყვანი კომიტეტის ან პარლამენტის ბიუროს (ბიუროს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობის) მოთხოვნის საფუძველზე.
6. პარლამენტი ამ მუხლის პირველ–მე-3 პუნქტებში მითითებული დოკუმენტების პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში იღებს დადგენილებას.
მუხლი 175. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობა
1. საქართველოს მთავრობა პარლამენტს წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 აპრილისა, წარუდგენს:
ა) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ ანგარიშს იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებზედაც წინა წელს მიღებულია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საბოლოო რეზოლუცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების სამოქმედო გეგმას მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით, აგრეთვე ამ საქმეების შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებებსა და შუალედურ რეზოლუციებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. პარლამენტი ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ დოკუმენტებს განიხილავს რეგლამენტის 176-ე მუხლის მე-2–მე-5 და მე-8–მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით.
3. წამყვანი კომიტეტი ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხების საკომიტეტო განხილვისთვის მომზადების მიზნით ეცნობა დაინტერესებული პირის/პირების მოსაზრებებსა და შეფასებებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ.
4. ამ მუხლში მითითებული დოკუმენტები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება წამყვანი კომიტეტის ან პარლამენტის ბიუროს (ბიუროს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობის) მოთხოვნის საფუძველზე.
5. პარლამენტი ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტების პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში იღებს დადგენილებას.
მუხლი 1751. დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ანგარიში (14.07.2020. №6822 ამოქმედდეს 2021 წლის 1 სექტემბრიდან)
1. საქართველოს მთავრობა წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 აპრილისა, პარლამენტს წარუდგენს დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ანგარიშს (გასული წლის ანგარიშსა და მომავალი წლის გეგმას). ამ ანგარიშს პარლამენტი განიხილავს რეგლამენტის 176-ე მუხლის მე-2−მე-5 და მე-8–მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ანგარიში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება წამყვანი კომიტეტის ან პარლამენტის ბიუროს (ბიუროს სხდომაზე დამსწრე ბიუროს წევრთა უმრავლესობის) მოთხოვნის საფუძველზე.
3. პარლამენტი ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ანგარიშის პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში იღებს დადგენილებას.
მუხლი 1752. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციაზე ზედამხედველობა (03.09.2020. №7083 ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან)
1. საქართველოს მთავრობა წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 აპრილისა, პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების შესრულების თაობაზე. ამ ანგარიშს პარლამენტი განიხილავს რეგლამენტის 176-ე მუხლის მე-2–მე-5 და მე-8–მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ანგარიში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება წამყვანი კომიტეტის ან პარლამენტის ბიუროს (ბიუროს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობის) მოთხოვნის საფუძველზე.
3. პარლამენტი ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ანგარიშის პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში იღებს დადგენილებას.
მუხლი 176. პარლამენტისათვის წარდგენილი ანგარიშის განხილვა
1. პარლამენტისათვის წარდგენილ ანგარიშს, გარდა ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, პარლამენტი განიხილავს ამ მუხლით დადგენილი წესით.
2. ანგარიშს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი წარუდგენს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას.
3. პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას ანგარიშის განხილვის პროცედურის დაწყების თაობაზე, განსაზღვრავს წამყვან კომიტეტს და ანგარიშის საპარლამენტო განხილვის ვადებს. ამის შემდეგ ანგარიში განსახილველად გადაეცემა წამყვან კომიტეტს, სხვა კომიტეტებსა და ფრაქციებს. (01.07.2020 №6700 ამოქმედდეს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე)
4. პარლამენტის კომიტეტები და ფრაქციები პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადასცემენ წამყვან კომიტეტს ანგარიშის თაობაზე თავიანთ შენიშვნებს. (01.07.2020 №6700 ამოქმედდეს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე)
5. წამყვანი კომიტეტი პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში კომიტეტის სხდომაზე განიხილავს ანგარიშს, ამზადებს დასკვნას და წარუდგენს პარლამენტის ბიუროს.
6. ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა სავალდებულოა, თუ შესაბამისი კანონით გათვალისწინებულია ანგარიშის წარმდგენი ორგანოს დაკომპლექტებაში პარლამენტის მონაწილეობა.
7. თუ შესაბამისი კანონით გათვალისწინებული არ არის ანგარიშის წარმდგენი ორგანოს დაკომპლექტებაში პარლამენტის მონაწილეობა, წარდგენილი ანგარიში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება წამყვანი კომიტეტის ან პარლამენტის ბიუროს (ბიუროს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის) მოთხოვნის საფუძველზე.
8. ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის სავალდებულოობის საკითხი აღინიშნება წამყვანი კომიტეტის დასკვნაში.
9. ანგარიში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესით.
10. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშის თაობაზე მომხსენებლად, როგორც წესი, გამოდის წამყვანი კომიტეტის მიერ დანიშნული მომხსენებელი.
11. ანგარიშის განხილვის დასრულების შემდეგ პარლამენტი ცნობად იღებს წარმოდგენილ ანგარიშს ან უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება.
12. კანონითა და რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს/თანამდებობის პირის მოხსენება, მიმოხილვა ან ინფორმაცია განიხილება ამ მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 177. საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიშების განხილვის წესი
1. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე შეიმუშავებს და პარლამენტის ბიუროს წარუდგენს ერთიან დასკვნას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით დადგენილი წესით საჯარო დაწესებულებების მიერ პარლამენტისათვის წარმოდგენილი ანგარიშების შესახებ. პარლამენტის ბიუროს საკითხი განსახილველად შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტი აღნიშნულ საკითხს განიხილავს რეგლამენტით კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესით და იღებს დადგენილებას საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიშების შეფასების და შესაბამისი რეკომენდაციების თაობაზე.
2. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი უფლებამოსილია შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს გადაუგზავნოს საჯარო დაწესებულებების მიერ პარლამენტისათვის წარმოდგენილი ანგარიშები. პარლამენტის კომიტეტი უფლებამოსილია მოამზადოს ამ ანგარიშების შესახებ დასკვნა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშების განხილვის დაწყების შესახებ ინფორმაციას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი აქვეყნებს პარლამენტის ვებგვერდზე. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი შეისწავლის ანგარიშების და მათში ასახული ინფორმაციის შესახებ პარლამენტში შემოსულ მოქალაქეთა და ორგანიზაციათა განცხადებებს.
მუხლი 178. იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა
1. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს გენერალური პროკურორის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს.
2. იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის წერილობით მოთხოვნაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს:
ა) იმ ქმედების აღწერა, რომელიც, საკითხის აღძვრის ინიციატორთა აზრით, იმპიჩმენტის საფუძველია;
ბ) საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, საკითხის აღძვრის ინიციატორთა აზრით, არღვევს თანამდებობის პირი, ან/და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი/მუხლები, რომლით/რომლებით გათვალისწინებული დანაშაულიც, საკითხის აღძვრის ინიციატორთა აზრით, ჩაიდინა თანამდებობის პირმა;
გ) მტკიცებულებანი, რომლებიც, საკითხის აღძვრის ინიციატორთა აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას.
3. თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრისათვის კონსტიტუციური წარდგინების შედგენის შემდეგ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტისთვის შესაბამისი წარდგინების გადაცემიდან 3 დღის ვადაში აღნიშნული კომიტეტი ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და ადგენს შესაბამის დასკვნას.
4. თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის ინიციატორებმა საკითხის აღძვრიდან 7 დღის ვადაში დასკვნისათვის კონსტიტუციური წარდგინებით უნდა მიმართონ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
5. დაუშვებელია პარლამენტის მიერ საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენილი ბრალდების განხილვა ან გადაწყვეტილების მიღება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს. ასეთ შემთხვევაში პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენილი ბრალდების განხილვას იწყებს/აგრძელებს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, უახლოესი (მორიგი ან რიგგარეშე) სესიის პირველსავე სხდომაზე.
6. თუ თანამდებობის პირი, რომლის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხიც აღიძრა, გადადგა ან გაათავისუფლეს თანამდებობიდან, მის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა წყდება.
მუხლი 179. იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვა
1. პარლამენტის მიერ რეგლამენტის 178-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირის ქმედებაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მიღების შემდეგ, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 3 საათისა, აღნიშნული ფაქტი ეცნობება პარლამენტის თავმჯდომარეს, ამ თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის ინიციატორებს, ფრაქციებსა და უფრაქციო პარლამენტის წევრებს. (01.07.2020 №6700 ამოქმედდეს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე)
2. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა რეგლამენტის 178-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა და პარლამენტის მიერ აღნიშნული სასამართლოს დასკვნის მიღების დროს მიმდინარეობს პარლამენტის მორიგი ან რიგგარეშე სესია, დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს მე-5 კალენდარული დღისა პარლამენტი იღებს დადგენილებას დასკვნის განხილვისა და კენჭისყრის გრაფიკის თაობაზე.
3. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა და პარლამენტის მიერ აღნიშნული სასამართლოს დასკვნის მიღების დროს არ მიმდინარეობს პარლამენტის მორიგი ან რიგგარეშე სესია, დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნას.
4. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა რეგლამენტის 178-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, პარლამენტი აღნიშნული სასამართლოს დასკვნის მიღებიდან 2 კვირის ვადაში პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს. პარლამენტის გადაწყვეტილებით, ეს პლენარული სხდომა შეიძლება დახურულად გამოცხადდეს.
5. პარლამენტში რეგლამენტის 178-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირისათვის წარდგენილი ბრალდების განხილვაში პარლამენტის მოწვევით შეიძლება მონაწილეობდეს თავად ეს თანამდებობის პირი, ხოლო განხილვაში ამ თანამდებობის პირის მონაწილეობის შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი წარმომადგენელი.
6. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით არ დაადასტურა არც რეგლამენტის 178-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა და არც მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, ამ თანამდებობის პირის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა წყდება.
მუხლი 180. იმპიჩმენტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება
1. საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, საქართველოს მთავრობის წევრი, საქართველოს გენერალური პროკურორი, გენერალური აუდიტორი, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე კენჭისყრა ფარულია.
4. პარლამენტის გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება იმ თანამდებობის პირს, რომლის თანამდებობიდან გადაყენების საკითხიც განიხილებოდა.
5. თუ პარლამენტმა რეგლამენტის 179-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში კენჭი არ უყარა თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს ან ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა პარლამენტის წევრთა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულმა რაოდენობამ, საკითხი მოხსნილად ჩაითვლება და დაუშვებელია აღნიშნული თანამდებობის პირისთვის იმავე ბრალდების წარდგენა.
მუხლი 181. სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება
1. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილება შეწყვეტილად ჩაითვლება შესაბამისი გარემოების დადგომის მომენტიდან, რის შესახებაც პარლამენტის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ აცნობებს პარლამენტს. პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორს უფლებამოსილებას უწყვეტს პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციის ცნობად მიღების საფუძველზე.
2. სახელმწიფო ინსპექტორი ხელშეუხებელია. სახელმწიფო ინსპექტორის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული სახელმწიფო ინსპექტორი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადება პარლამენტში შეაქვს საქართველოს გენერალურ პროკურორს. ამ წინადადების საფუძვლიანობას 5 დღის ვადაში შეისწავლის და განიხილავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც წერილობით დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო საკითხს განსახილველად სვამს პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით. პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში სახელმწიფო ინსპექტორის დანაშაულზე წასწრების შემთხვევაში საკითხი განიხილება საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.
3. სახელმწიფო ინსპექტორის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში მას პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების/განჩინების გამოტანამდე ან სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.
მუხლი 182. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება
1. პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილება იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ, აგრეთვე იურიდიული დახმარების საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის წარდგინების ან სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ იგი დაასკვნის, რომ არსებობს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები.
2. თუ იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენისას გამოიკვეთა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს უფლება აქვს, ანგარიშის მოსმენის დასრულებიდან 3 დღის ვადაში დასვას იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავს.
3. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ იურიდიული დახმარების საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის წარდგინება ან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაცია წერილობით წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც მას პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას წარუდგენს. პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განმხილველ კომიტეტს და განხილვის ვადას. შესაბამისი კომიტეტი განიხილავს აღნიშნულ საკითხს და მოტივირებულ დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიუროს ეს საკითხი შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. თუ პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვისას პარლამენტი მიიჩნევს, რომ არსებობს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, იგი მიიღებს დადგენილებას იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.
მუხლი 183. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლება
1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს უფლება აქვს, დასვას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, თუ ანგარიშის მოსმენისას გამოიკვეთა ასეთი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. ასეთ შემთხვევაში ინიციატორებმა უნდა მიუთითონ ზემოაღნიშნული საკითხის დასმის მიზეზები/საფუძვლები. პარლამენტი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავს და კენჭს უყრის უახლოეს პლენარულ სხდომაზე, საკითხის დასმიდან არაუადრეს 2 დღისა. შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრით, პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
2. საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეჩერებისა და პარლამენტისთვის მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნის წარდგენის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულების მიღებიდან 2 კვირის ვადაში პარლამენტი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დასკვნის საფუძველზე, რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს და სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. თუ აღნიშნულ ვადაში კენჭისყრა არ ჩატარდა და ამ ვადის ბოლო დღე დაემთხვა იმ დღეს, როდესაც პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომა არ იმართება, კენჭისყრა უახლოეს პლენარულ სხდომაზე ჩატარდება. თუ პარლამენტმა ზემოაღნიშნული პროცედურით განსაზღვრულ ვადაში არ მიიღო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება ძალადაკარგულად ითვლება.
3. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას პარლამენტი უფლებამოსილია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დასკვნის საფუძველზე, ამ დასკვნის მისთვის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში, რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი და სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით მიიღოს გადაწყვეტილება სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. თუ აღნიშნულ ვადაში კენჭისყრა არ ჩატარდა და ამ ვადის ბოლო დღე დაემთხვა იმ დღეს, როდესაც პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომა არ იმართება, კენჭისყრა უახლოეს პლენარულ სხდომაზე ჩატარდება. თუ კენჭისყრა კვლავ არ ჩატარდა, საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილად ითვლება.
4. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ვ“ ან „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი შესაბამისი ფაქტის გამოვლენიდან ან მის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 1 კვირის ვადაში, რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 და მე-9–მე-11 პუნქტებით დადგენილი წესით შეისწავლის მისი ნამდვილობის საკითხს და შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომას. ამ დასკვნაში აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტი ცნობად იღებს, რაც ფორმდება პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით. ზემოაღნიშნული ინფორმაციის ცნობად მიღების მომენტიდან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ვადამდე უწყდება უფლებამოსილება.
5. თუ პარლამენტმა ამ მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, მომდევნო 6 თვის განმავლობაში იმავე მიზეზით/საფუძვლით მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განმეორებით დასმა არ შეიძლება.
მუხლი 184. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადება და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
1. პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, თუ:
ა) არ შესრულდა სამეურვეო საბჭოს მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მის მოთხოვნათა გათვალისწინებით განსაზღვრული პროგრამული პრიორიტეტები და საბჭომ არ განახორციელა ქმედითი ღონისძიებები მათ შესასრულებლად;
ბ) არ შესრულდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული ბიუჯეტი და საბჭომ არ განახორციელა ქმედითი ღონისძიებები მის შესასრულებლად.
2. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უნდობლობის საკითხის დასმის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედი. პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის მხარდაჭერის არარსებობის შემთხვევაში დაუშვებელია უნდობლობის საკითხის დასმა მომდევნო 1 წლის განმავლობაში.
3. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის დასმის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს იმ შემთხვევაში, თუ სამეურვეო საბჭოს წევრი დაარღვევს ინტერესთა კონფლიქტის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ნორმებს, ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ განახორციელებს სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილებას ან 1 კალენდარული წლის განმავლობაში 3 თვეზე მეტი ხნით არ ან ვერ განახორციელებს სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილებას.
4. პარლამენტის დადგენილებით, რომელიც მიიღება პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. პარლამენტის დადგენილებით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება აგრეთვე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
5. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო თუ ეს ვადა დაემთხვა პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს – მომდევნო სესიის დაწყებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.
6. ერთი და იმავე ფაქტის საფუძველზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განმეორებით დასმა დაუშვებელია.
7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი იღებს ცნობად.
მუხლი 185. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება
1. თუ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას, ვადიან თავისუფლების აღკვეთას ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ან თუ სასამართლო მას უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობს და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ან თუ აღნიშნული კომისიის წევრი გადადგება თანამდებობიდან ან გარდაიცვლება, პარლამენტი მითითებული გარემოების დადგომიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომისას მოქმედებს რეგლამენტის მე-6 მუხლით პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისათვის დადგენილი პროცედურები. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი თანამდებობიდან გათავისუფლებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა უმრავლესობა.
3. პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს შეუძლია აღძრას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა:
ა) ინტერესთა კონფლიქტის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების დარღვევის შემთხვევაში;
ბ) ზედიზედ 15 დღეზე ან წლის განმავლობაში 2 თვეზე მეტი ხნით არასაპატიო მიზეზით კომისიის წევრის უფლებამოსილების განუხორციელებლობის შემთხვევაში.
4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის აღძვრის ინიციატორმა პარლამენტის წევრებმა დოკუმენტური მტკიცებულებებით უნდა დაასაბუთონ კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების კონკრეტული საფუძველი.
5. პარლამენტის წევრთა ხელმოწერების შეგროვებიდან 30 დღის ვადაში პარლამენტს სრული შემადგენლობის უმრავლესობით პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეაქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი.
6. პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანიდან 30 დღის ვადაში პარლამენტი კენჭს უყრის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს. კომისიის წევრის თანამდებობიდან გასათავისუფლებლად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის სამ მეხუთედზე მეტის თანხმობა.
7. თუ ხმების რაოდენობა საკმარისზე ნაკლებია ან თუ პარლამენტი არ გამართავს კენჭისყრას ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა წყდება.
8. ერთი ფაქტის საფუძველზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის ორჯერ დასმა დაუშვებელია.
მუხლი 186. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის გადაყენება
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის მიერ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევის ან/და ზედიზედ 4 თვის განმავლობაში სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისიის წევრის გადაყენების თაობაზე გადაწყვეტილებას სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს პარლამენტი.
მუხლი 1861. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება (16.09.2020. №7136 ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივნისიდან)
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს წევრის მიერ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობის ზედიზედ 3 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით შეუსრულებლობის ან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის 22-ე პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს პარლამენტი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი შემთხვევის დადგომისას პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს შეუძლია აღძრას საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა. ამ პროცედურის აღძვრის ინიციატორმა პარლამენტის წევრებმა დოკუმენტური მტკიცებულებებით უნდა დაასაბუთონ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების კონკრეტული საფუძველი.
3. პარლამენტის წევრთა ხელმოწერების შეგროვებიდან 30 დღის ვადაში პარლამენტს სრული შემადგენლობის უმრავლესობით პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეაქვს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი.
4. პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანიდან 30 დღის ვადაში პარლამენტი კენჭს უყრის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობიდან გასათავისუფლებლად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის თანხმობა.
მუხლი 187. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება
1. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-9 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნტებით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი შესაბამისი ფაქტის გამოვლენიდან ან მის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 1 კვირის ვადაში, რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 და მე-9–მე-11 პუნქტებით დადგენილი წესით შეისწავლის მისი ნამდვილობის საკითხს და შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომას. ამ დასკვნაში აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტი ცნობად იღებს, რაც ფორმდება პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით. ზემოაღნიშნული ინფორმაციის ცნობად მიღების მომენტიდან საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრი თავისუფლდება თანამდებობიდან.
2. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-9 პუნქტის „ე“ ან „ვ“ ქვეპუნტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს შეუძლია აღძრას საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა. ამ პროცედურის ინიციატორმა პარლამენტის წევრებმა დოკუმენტური მტკიცებულებებით უნდა დაასაბუთონ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების კონკრეტული საფუძველი.
3. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის წარდგინება და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტური მტკიცებულებები წერილობით წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც მათ პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას წარუდგენს. პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის განმხილველ კომიტეტს. შესაბამისი კომიტეტი აღნიშნულ საკითხს 2 კვირის ვადაში განიხილავს და მოტივირებულ დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიუროს ეს საკითხი შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
4. ერთი და იმავე ფაქტის საფუძველზე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის განმეორებით დასმა დაუშვებელია.