საპარლამენტო უმცირესობის თავმჯდომარის მოადგილის, პეტრე ცისკარიშვილისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტის წევრის, კლაუს ბრანდერის შეხვედრა
საქართველოში მიმდინარე ცვლილებების თაობაზე საპარლამენტო ოპოზიციის მოსაზრებით და ქვეყანაში რეფორმების განხორციელების პროცესში მათი ჩართულობით დაინტერესდა საქართველოში ვიზიტად მყოფი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი კლაუს ბრანდერი საპარლამენტო უმცირესობის თავმჯდომარის მოადგილის პეტრე ცისკარიშვილთან დღეს გამართულ შეხვედრაზე.
პეტრე ცისკარიშვილი გერმანელ სტუმარს ესაუბრა საკანონმდებლო საქმიანობაში ოპოზიციის წვლილზე და აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმცირესობა მზადაა საპარლამენტო უმრავლესობასთან თანამშრომლობისათვის, თუმცა მისივე თქმით, ეს ვერ ხერხდება განსხვავებული შეხედულებების გამო ბევრ პრინციპულ საკითხთან მიმართებაში, როგორიცაა ეკონომიკის განვითარება, ქვეყნის დემოკრატიზაცია, საგარეო კურსი.
„ეს გარემოება და მიდგომები ქართული ოცნების მხრიდან, სამწუხაროდ, ართულებს იმ ატმოსფეროს, იმ თანამშრომლობის გარემოს, რაც ჩვენს შორის შეიძლებოდა რომ თეორიულად ჩამოყალიბებულიყო“, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.
როგორც პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, იგი ამასთანასვე იზიარებს გერმანელი კოლეგის რეკომენდაციებს თანამშრომლობის აუცილებლობის თაობაზე. „მათი რეკომენდაცია სწორედ ეს იყო - კარგი იქნება რომ ითანამშრომლოთ, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მიაღწიოს ხოლმე რაღაცა კომპრომისს, რასაც ჩვენც ვიზიარებთ, მაგრამ იმის გამო, რომ მთელ რიგ შემთხვევებში განსხვავებული პოზიცია გვაქვს, ეს ართულებს ვითარებას“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.