შალვა პაპუაშვილი და გიორგი ამილახვარი იაპონიის ელჩს საქართველოში, იმამურა აკირას შეხვდნენ
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ამილახვარი იაპონიის ელჩს საქართველოში, იმამურა აკირას შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს იაპონიასა და საქართველოს შორის სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით კი განათლებისა და მეცნიერების კუთხით თანამშრომლობაზე.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ, ასევე, იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტებზე, რომელიც განათლების მიმართულებით ხორციელდება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწყებით საფეხურზე და ასევე, იმ თანამშრომლობის შესახებ, რომელიც არსებობს იაპონური ენის სწავლების კუთხით საქართველოში. ბატონმა ელჩმა უფრო ინტენსიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა უნივერსიტეტებთან, მათ შორის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოსაზრებები გავცვალეთ. შეხვედრაზე ვიმსჯელეთ სამეცნიერო კუთხით თანამშრომლობის შესაძლებლობებზე და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კუთხით საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობის საკითხებზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.