შალვა პაპუაშვილმა და ლევან იოსელიანმა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს

„4 თებერვალს, „ქართულმა ოცნებამ“ და „მოქალაქეებმა“ და ჩავატარეთ ბრიფინგი და მოგახსენეთ, რომ იქმნებოდა საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი, რაც თავის მხრივ იყო ჩვენს პარტიებს შორის გაფორმებული მემორანდუმის შესრულების პირველი ნაბიჯი. ამ მემორანდუმს შემდგომ შემოუერთდნენ „ევროპელი სოციალისტები“. დღეს ვდგამთ მეორე ნაბიჯს და საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტს, რომელიც შემუშავდა სამუშაო ჯგუფში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ეს პროექტი ფუნდამენტურად დახვეწს როგორც საარჩევნო სისტემას, ისე საარჩევნო პროცედურებს და დაასრულეთ ყველა სახის სპეკულაციას არჩევნებთან დაკავშირებით.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო რეფორმა ითვალისწინებს:
1. მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეული წევრების წილის გაზრდა. კერძოდ, თვითმმართველ ქალაქებში - თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი - ყოველ ერთ მაჟორიტარ წევრზე იქნება 4 პროპორციული წესით არჩეული წევრი, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში ყოველ ერთ მაჟორიტარ წევრზე იქნება ორი პროპორციული წესით არჩეული წევრი.
2. საარჩევნო ადმინისტრაციის ცენტრალური და საოლქო დონეები დაკომპლექტდება 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრით, პარიტეტის პრინციპით ანუ ერთი პარტია ერთი წევრი.
3. დაინერგება ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრირება და საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული დათვლის სისტემა.
4. აიკრძალება უბნის დოკუმენტაციის დალუქვის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შესწორების ოქმის შედგენა.
5.აიკრძალება საოლქო კომისიების მიერ შესწორების ოქმის შედგენა დოკუმენტაციის გახსნის და ბიულეტენების გადათვლის გარეშე.
6. მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა საჩივარი, 73 საარჩევნო ოლქში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლინდება ხუთ-ხუთი უბანი, რომელიც გადაითვლება. საერთო ჯამში არჩევნებზე გადაითვლება 365 უბანი, რაც წარმოადგენს უბნების საერთო რაოდენობის 10%.
7. გაიზრდება საჩივრების შეტანის და განხილვის ვადები.
8. შესაძლებელი გახდება სარჩელის ელექტრონული ფორმით შეტანა.
9. შესაძლებელი იქნება ცესკოს მიერ სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის გასაჩივრება სასამართლოში.
10. აიკრძალება საარჩევნო უბნებიდან ას მეტრიან რადიუსში ადამიანთა შეკრება და ამომრჩეველთა აღრიცხვა.
11. გაფართოვდება იმ საჯარო მოხელეების წრე, ვისაც აეკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა.
12. აიკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციისთვის საჯარო მოხელეების სამსახურებრივი ნიშნით შეკრება.
მისივე თქმით, მემორანდუმის ერთადერთი საკითხი, რომელიც ამ ეტაპზე ღიად რჩება არის საარჩევნო ბარიერი.
„ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ საარჩევნო ბარიერის დაწევა კონსტიტუციით დღეს გათვალისწინებული 5 პროცენტიანი ბარიერიდან მაქსიმუმ 3 პროცენტამდე, თუმცა ამისათვის საჭიროა, რომ პარლამენტში აქტიურად მუშაობდეს დეპუტატების ის რაოდენობა - 113 პარლამენტის წევრი, რომელიც საჭიროა კონსტიტუციის შეცვლისთვის“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის თანათავმჯდომარემ აღნიშნა, პარლამენტის მიერ პროექტის მესამე მოსმენით მიღებამდე, დაახლოებით, ორთვიანი პერიოდი კიდევ არის.
„ამ პერიოდში ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამუშაო ჯგუფთან ერთად ვიმუშაოთ პროექტის დახვეწაზე და გარდა ამისა, ჩვენ ამ პროექტს გავაგზავნით ვენეციის კომისიაში და ოდირში, რათა მათ წარმოადგინონ საკუთარი დასკვნა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პარტიებს, რომლებიც უარს ამბობენ საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობაზე, პირადი და პარტიული ინტერესები გადადონ გვერდზე, შემოვიდნენ პარლამენტში და მონაწილეობა მიიღო ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ლევან იოსელიანის შეფასებით, დღევანდელი დღე ისტორიულია, რადგან შესაძლებელი გახდა შეთანხმების მიღწევა და ისეთი დოკუმენტის შემუშავება, რომელიც რეალურად საქართველოში არჩევნებს გახდის ბევრად უფრო სანდოს და ბევრად უფრო გასაგებს მოქალაქეებისათვის.
„ყველაზე მთავარი არის ის, რომ მეც და ალეკო ელისაშვილიც ვთვლით, რომ ჩვენი ამოცანა, რისთვისაც პარლამენტში შემოვედით, პრაქტიკულად შევასრულეთ და შევასრულეთ ძალიან კარგად იმიტომ, რომ ამ ცვლილებებით, როდესაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, არჩევნების დღე იქნება ბევრად უფრო გამჭვირვალე, ბევრად უფრო გასაგები და ბევრად უფრო უკეთესი, ვიდრე აქამდე ყოფილა“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
მისივე თქმით, ეს ცვლილებები ითვალისწინებს: ყველაზე მთავარს - ელექტრონული მთვლელი მანქანების შემოტანას. პირველ ეტაპზე ნაწილ უბნებზე და შემდეგ მთელ საქართველოში; რეგისტრაციას ანაბეჭდის სახით, რაც გულისხმობს იმას, რომ „კარუსელების“ თემა საბოლოოდ დაიხურება; საარჩევნო უბნების 10% - ის სავალდებულო გადათვლას, რას ნიშნავს რომ საქართველოში დაახლოებით 365 უბანი სავალდებულო წესით გადაითვლება, რაც უკვე გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ვინმემ სადმე გაყალბებაზე იფიქროს.
„ასეთი მასშტაბის გადათვლა თავისთავად დააზღვევს ამ პროცესს და ეს გადათვლა მოხდება არა ერთი და ორი თვის შემდეგ, არამედ მაქსიმუმ 6 დღის ვადაში არჩევნების ჩატარებიდან. ეს და ყველა სხვა ცვლილება, რაც ამ კანონპროექტით არის გათვალისწინებული არის ნამდვილად რევოლუციური და რაც მთავარია, ახალ პოლიტიკურ ძალებს, ახალ პოლიტიკურ ლიდერებს მისცემს საშუალებას მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ პროცესში. ამ ცვლილებების თანახმად, თბილისში ბარიერი იქნება 2,5%, თვითმმართველ ქალაქებში ასევე 2,5%, სადაც მიმართება იქნება ერთი ოთხთან პროპორციული სისტემის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენ საქართველოში ბარიერი დაიწევს სამ პროცენტამდე, ვგულისხმობ მუნიციპალიტეტებს“, - განაცხადა საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის თანათავმჯდომარემ.
ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ არჩევნების გამო ქვეყანაში უნდა დასრულდეს ერთმანეთისადმი დაპირისპირების და პოლიტიკური კრიზისის შესაძლებლობა.
„არჩევნები აღარ უნდა იყოს პოლიტიკური კრიზისის გამომწვევი. ეს არის მთავარი ამოცანა, რის გამოც ჩვენ შემოვედით პარლამენტში და ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც დღეს უკვე დაინიცირდება და სულ მალე იქცევა კანონად. წინ გვაქვს განხილვების ორი თვე, რაც არ გამორიცხავს ამ კანონმდებლობის კიდევ უფრო გაუმჯობესებას. ჩვენ ვიცით, რომ არასამთავრობო სექტორს კიდევ აქ რაღაც მოსაზრებები. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ამ პროცესში ჩართულობა გაგრძელდება. დაველოდებით ეუთო/ ოდირის რეკომენდაციებს, რომელიც ახლა უნდა ჩამოვიდეს და ასევე, ამ კანონპროექტს გავაგზავნით და დაველოდებით მათ საბოლოო რეკომენდაციებს. მთლიანობაში ჩვენ ამ პროექტს კანონად ვაქცევთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სრული კონსენსუსი ამ დოკუმენტთან დაკავშირებით იქნება არა მარტო ჩვენს და „ქართულ ოცნებას“ შორის, არამედ მთლიანად საზოგადოებაში. ყველას უნდა გავაგებინოთ, რომ ეს ცვლილებები რეალურად არის გარდამტეხი და შეცვლის ჩვენი ქვეყნის პერსპექტივას იმიტომ, რომ არჩევნები არის ქვაკუთხედი და არჩევნები არის საფუძველი დემოკრატიის“, - განაცხადა საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის თანათავმჯდომარემ.