ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის ანგარიში მოისმინა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს მოუსმინეს. სოზარ სუბარმა სამინისტროს მიერ გატარებულ სამუშაოებსა და სამომავლო პროექტებზე ვრცელი ინფორმაცია წარმოადგინა და პრეზენტაციის ფორმატში ბოლო წლების განმავლობაში უწყებაში განხორციელებულ სიახლეებზე ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, იძულებით გადაადგილების პირველი და ყველაზე დიდი ტალღა საქართველოში 1992-93 წლებში დაფიქსირდა, რომელსაც მეორე დიდი ტალღა 2008 წელს მოჰყვა. იძულებით გადაადგილებულთა ნაწილის განთავსება კომპაქტური ჩასახლების ცენტრებში, სკოლებში, საბავშვო ბაღებში, ქარხნებსა და ადმინისტრაციულ და სხვა შენობა-ნაგებობებში მოხდა, ნაწილმა კი პრობლემის ინდივიდუალურად მოგვარების გზა გამონახა. 2012 წლიდან კი რადიკალურად შეიცვალა მიდგომები და დევნილების პრობლემატიკა მთავრობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად იქცა. „საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2013 წლის 1 აგვისტოდან დაიწყო დევნილთა ხელახალი რეგისტრაცია, რომელიც 2014 წლის 1 ივნისამდე გაგრძელდა. რეგისტრაციის დაწყებისთვის მონაცემთა ბაზის მიხედვით სულ დევნილად რეგისტრირებული იყო 271 832 პირი. ხელახალი რეგისტრაციით დევნილთა რაოდენობამ კი 264 828 შეადგინა, სავალდებულო რეგისტრაციის გაუვლელობის გამო, დევნილის სტატუსი 14 575 პირს შეუწყდა. ასევე გამოვლინდა 858 პირი, რომელთაც დევნილის სტატუსი შესაძლოა, კანონის დარღვევით ჰქონდა მინიჭებული“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მინისტრის ინფორმაციით, 2013 წელს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავდა ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ ის პირები, რომელთაც დევნილის მოწმობის, სახელისა და გვარის გაყალბების დანაშაულობები ჰქონდათ ჩადენილი და დღევანდელი მდგომარეობით, ამნისტიით 367-მა დევნილმა უკვე ისარგებლა. მინისტრმა დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის პროცედურებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2014 წლის 1 მარტიდან ძალაში შევიდა ახალი კანონი დევნილთა შესახებ, რომლის თანახმადაც, დევნილთა უფლებების დაცვა საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდა. კანონის ახალი რედაქციით განისაზღვრა, რომ ყველა დევნილ ოჯახს უნდა გააჩნდეს საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი. ,,სამინისტროში მომზადდა და გამოიცა მინისტრის N320-ე ბრძანება „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“. ეს წესი ადგენს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცედურებს, განაწილების წესს, დამტკიცებული კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების შესაბამისად. ამასთან, გათვალისწინებულია შშმპ დევნილი ოჯახების მოთხოვნები. აღნიშნული ნორმატიული აქტის მიღებით, პროცესი გახდა გამჭვირვალე, ჩამოყალიბდა ერთიანი მიდგომა და ყველა დაინტერესებულ პირს აქვს საშუალება მიიღოს, როგორც სრული ინფორმაცია, ასევე გაასაჩივროს სამინისტროს გადაწყვეტილებები“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
დევნილთა მიმართ განსახლების პოლიტიკაზე საუბრისას, მინისტრმა ხელისუფლების დამოკიდებულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განსახლება ხდება იქ, სადაც დევნილი პირები 21 წლის მანძილზე ინტეგრირდნენ და ამ ეტაპისთვის გრძელვადიანი განსახლების პროცესი რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, 2012 წლის ოქტომბრიდან რეაბილიტირებულ და ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 2 500 - მდე დევნილმა ოჯახმა მიიღო. 2016 წლის ბოლომდე კი საცხოვრებელი ფართით 1 581 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება. ,,სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში კი სახლის შეძენაზე 525 ოჯახს ეთქვა თანხმობა, რომლიდანაც 226 სახლი უკვე შეძენილია. ,,პირველად 21 წლიანი დევნილობის შემდეგ დევნილებს ბინები თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცემათ. ამ მიმართულებით სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვან პროექტს ქართველი მენაშენეებისაგან ბინების გამოსყიდვა წარმოადგენს. ამ ეტაპზე სამინისტრომ უკვე შეისყიდა 300 - მდე ბინა თბილისში, ქუთაისსა და ბორჯომში და პროცესი კვლავაც გაგრძელდება“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
იპოთეკით დაზარალებულ დევნილ ოჯახებზე საუბრისას მინისტრმა უწყების საპილოტე პროექტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების დაფარვის“ პროექტის ფარგლებში სამინისტროს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება იმ დევნილ ოჯახებზე გაიცემა, რომლებსაც 2015 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლი/ბინა და აღნიშნული ოჯახის ერთადერთ ფაქტიურ საცხოვრებელს წარმოადგენს. საპილოტე პროექტისათვის საბიუჯეტო ასიგნებებიდან ერთი მილიონი ლარია გამოყოფილი.
სოზარ სუბარმა სამინისტროს ბენეფიციარების - ეკომიგრანტების, თავშესაფრის მაძიებლები-ლტოლვილების, მიგრანტებისა და რეპატრიანტთა საკითხებზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 2006 წლის მონაცემებით, საქართველოში 37 000-მდე ეკომიგრანტი ოჯახი აღირიცხა. თუმცა, მათ რიცხვში მოხვდნენ ისინიც, ვინც საცხოვრებელი ადგილი სოციალურ-ეკონიმიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დატოვეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტრომ დაიწყო მონიტორინგი და ბენეფიციარების რიცხვის დაზუსტება. „2012 წლის სამინისტროს მიერ საცხოვრებელ სახლით 111 ეკომიგრანტი ოჯახი დაკმაყოფილდა, ხოლო მიმდინარე წელს, დამატებით, 100-მდე ოჯახის დაკმაყოფილება იგეგმება. განსახლების ადგილისა და სასურველი სახლის მოძიების პროცესში ჩართულები არიან თავად ეკომიგრანტი ოჯახები, რომლებსაც სამინისტრო 20 000 ლარის ფარგლებში სახლს საკარმიდამო ნაკვეთთან ერთად შეუძენს“, - განაცხადა მინისტრმა.
სოზარ სუბარი მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, სამინისტროში მობილურობის ცენტრმა აქტიური ფუნქციონირება დაიწყო. 2015 წელს, პირველად საქართველოში, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად სახელმწიფო ბიუჯეტში გამოიყო თანხა (400 000 ლარი), რომელიც კონკურსის წესით 12 არასამთავრობო ორგანიზაციაზე განაწილდა. მისი განცხადებით, საგრანტო პროგრამის მიზანს ერთი მხრივ, სამშობლოში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის პროცესი და მეორე მხრივ კი არასამთავრობო სექტორის განვითარება და გაძლიერება წარმოადგენს. გამოსვლის დასასრულს, მინისტრმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკანასკნელი მონაცემებით, ლტოლვილის სტატუსი 341 პირმა, ხოლო ჰუმანიტარული სტატუსი 446 პირმა მოიპოვა.
გამოსვლის დასრულების შემდეგ, მინისტრმა კომიტეტის წევრებისა და დაინტერესებული პირების შეკითხვებს უპასუხა და რიგ საკითხებზე დამატებითი განმარტებები გააკეთა.
კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ვრცელი, მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაციის მოწოდებისთვის მინისტრს მადლობა გადაუხადა. მისი შეფასებით, იძულებით გადაადგილებულ პირთა ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით, წინა წლებში ფაქტობრივად, არაფერი კეთდებოდა, მიუხედავად უცხოელი დონორების მიერ გამოყოფილი ფულადი დახმარებისა. ეკა ბესელიას განცხადებით, საზოგადოებას კარგად ახსოვს ის პერიოდი, როდესაც დევნილებს პოლიციის ძალით გაურკვეველ, მათთვის არასასურველ ადგილებზე ასახლებდნენ. მოქმედი ხელისუფლების პირობებში კი ეს პროცესი დასრულდა და დევნილი მოსახლეობის მიმართ ღირსეული მიდგომა ჩამოყალიბდა. „სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტები დევნილი მოსახლეობის პირობებს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. კომიტეტს სამინისტროსთან კარგი თანამშრობლობის პრაქტიკა აქვს და ჩვენ ამ ფორმატში თანამშრომლობას კვლავაც გავაგრძელებთ“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.