აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლის თანაშემწეს საქართველოში მამუკა მესხს შეხვდა

შეხვედრაზე, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო, მხარეებმა ქვეყნის აგრარული სექტორის განვითარების ხელშემწყობ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს.
მამუკა მესხმა კომიტეტის თავმჯდომარეს გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წამომადგენლობის მხრიდან საქართველოში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ეს ორგანიზაცია არის ნეიტრალური, მიუკერძოებელი და შედეგებზე ორიენტირებული, რაც ამ საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას წარმოადგენს.
მამუკა მესხის განცხადებით, გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, ამ ეტაპზე 7 პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებისა და სტატისტიკის ხელშეწყობის, მთიანი რეგიონების განვითარების და სხვა.
„გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ბევრ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ჩვენი ქვეყნისათვის. ახლა, როდესაც ევროკავშირთან ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაციის კუთხით, მათ შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ამ ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გელა სამხარაულმა. მისი თქმით, დღეს, როდესაც ქვეყნის მთავრობისათვის სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და მისი განვითარებისათვის საკმაოდ ბევრი თანხაც იხარჯება, შესაბამის მიღწევებზე საუბარი ჯერ კიდევ ნაადრევია, არა და ჩვენს ქვეყანას საკმარისი რესურსი აქვს და ვალდებულიცაა ეკოლოგიურად და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის მოყვანა-წარმოებაზე გააკეთოს აქცენტი.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის კუთხით უსაზღვრო, აუთვისებელი შესაძლებლობები აქვს, რომელთა გამოუყენებლობა დანაშაულია. აქ არსებული უნიკალური ჯიშების, გენეტიკური რესურსის, არა თუ შენაჩუნება, არამედ საწარმოო დონეზე აყვანაა შესაძლებელი და ამისათვის ძალისხმევა არავინ უნდა დაიშუროს.
შეხვედრაზე საქმიანი კავშირების განვითარების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ და სამომავლო თანამშრომლობის გზები დასახეს.
FAO-ს წარმომადგენლობა საქართველოში 2004 წელს შეიქმნა, თუმცა ამ ორგანიზაციის თანამშრომლობა სათავეს გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს იღებს და ამ ხნის მანძილზე მრავალი პროექტი იქნა განხორციელებული.