ვლადიმერ კახაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე სტუდენტური პარლამენტის დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს ჯანდაცვის კომიტეტის წევრებს, მათივე თხოვნით, შეხვდა.
შეხვედრაზე სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია, ზოგადად, პარლამენტის, კერძოდ კი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის შესახებ. შეხვედრის მთავარ თემას კი სტუდენტური პარლამენტის კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჯანდაცვის საკითხები წარმოადგენდა, უფრო კონკრეტულად - „ჯანდაცვის სისტემის მოქმედება“.
სტუდენტებმა, უფროს კოლეგასთან ერთად, იმსჯელეს ამ კუთხით ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
სტუდენტური პარლამენტის წევრებმა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
სტუდენტური პარლამენტი საქართველოში არსებული სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს აერთიანებს და ეს პროექტი უკვე ოთხი წელია რაც აქტიურად ხორციელდება.