დიმიტრი ხუნდაძე: „საქართველო ნამდვილად სამაგალითოდ უმკლავდება ამ გამოწვევას“
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხილვის დაწყებამდე, დიმიტრი ხუნდაძე გამოეხმაურა მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საქართველო ნამდვილად სამაგალითოდ უმკლავდება ამ გამოწვევას.
დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საბედნიეროდ, ჩინეთის საზღვრებს შიგნით შემცირებულია როგორც ინფიცირების, ასევე ლეტალობის ფაქტებიც, მაგრამ ჩინეთის საზღვრებს გარეთ საკმაოდ არასახარბიელო ვითარებაა.
მისი თქმით, განსაკუთრებით არასახარბიელოა მდგომარეობა ევროპაში და მათ შორის ჩვენს სამეზობლოშიც და ასეთ ვითარებაში ხელისუფლებისა და მოქალაქეების კოორდინირებულ მოქმედებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
„სასურველი, საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი გვაქვს დაინფიცირებული მოქალაქეების, მაგრამ ეს სიმშვიდის საფუძველს მაინც არ იძლევა. ამიტომაცაა, რომ პრემიერის ხელმძღვანელობით ხშირად იმართება საკოორდინაციო საბჭო, სადაც ყველა უწყების ხელმძღვანელია წარმოდგენილი და არა მხოლოდ ისინი. ვითარებიდან გამომდინარე, ყოველდღე ხდება რეგულაციების კორექტირება. დღეს მიღებული რეგულაცია ხვალ შეიძლება კიდევ უფრო გაფართოვდეს და გამკაცრდეს. მთავრობა ყველაფერს აკეთებს, მაგრამ არის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. სამწუხაროდ, არის ფაქტები, როცა თვითიზოლაციის შემთხვევაში, მოქალაქეები ტოვებენ ლოკაციას და გადიან გარეთ, რაც რა თქმა უნდა, დაინფიცირების რისკს ზრდის. ამიტომ, ყველამ უნდა მოვინდომოთ, რომ ეს საკმაოდ მძიმე გამოწვევა, რასაც შესაძლოა რომ მძიმე შედეგები მოჰყვეს, ავიცილოთ თავიდან და გავუმკლავდეთ ამ სირთულეებს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
შემდეგ კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე კანონპროექტი და საკანონმდებლო წინადადება განიხილეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ I მოსმენით განსახილველად გამოიტანა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და კომიტეტის წევრებს კანონპროექტის ზოგადი პრინციპების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საპენსიო სააგენტო 2019 წლის 1 იანვრიდან ახდენს თანხების აკუმულირებას, რომლის ინვესტირებაც მან კანონისა და საინვესტიციო საბჭოს მიერ განსაზღვრული საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით უნდა განახორციელოს, საინვესტიციო საქმიანობისათვის საჭირო ერთ-ერთი კომპონენტი კი დაგროვილი აქტივების აღრიცხვა და შენახვაა, რასაც იგი სპეციალიზებული დეპოზიტარის საშუალებით ახორციელებს.
არსებული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ვალდებულებას სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევასთან დაკავშირებით, რომელიც სააგენტოს უზრუნველყოფს სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურებით შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან, კანონითვე დადგინდა გარკვეული შეზღუდვები სპეციალიზებულ დეპოზიტართან მიმართებით, მომსახურების გაწევის პროცესში ინტერესთა კონფლიქტის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად.
მომხსენებლის თქმით, კანონი ზოგიერთ შემთხვევაში სპეციალიზებულ დეპოზიტართან მიმართებით იმაზე მკაცრ შეზღუდვებს ადგენს, ვიდრე ეს აუცილებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, სქემის გამართული ფუნქციონირებისათვის და ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინებით.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ სპეციალიზებულ დეპოზიტართან მიმართებით მსგავსი ხარისხის მკაცრი შეზღუდვა არ შეესაბამება არც საერთაშორისოდ მოქმედ საუკეთესო პრაქტიკას.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, გაუქმდება ჩანაწერი, რომელიც ბლანკეტურად, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე, ზღუდავს საპენსიო აქტივების ინვესტირებას სპეციალიზებული დეპოზიტარის ან მასთან აფილირებული პირის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში და მათზე გასხვისების შეზღუდვას.
შედეგად, გაიზრდება იმ პოტენციური საინვესტიციო ინსტრუმენტების არეალი, რომლებში ინვესტირებაც შეეძლება საპენსიო სააგენტოს ან აქტივების მმართველ კომპანიას და ასევე ხელი შეეწყობა ბაზრის ლიკვიდურობის ზრდას. ამასთანავე, სპეციალიზებული დეპოზიტარი დაექვემდებარება ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელ ზოგად ჩარჩოს, რომელიც უზრუნველყოფს ინტერესთა კონფლიქტის წარმოქმნისას (მიუხედავად იმისა, რა საფუძვლით წარმოიშვა იგი) მისი შედეგების მინიმიზაციას და სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ კანონით ნაკისრი ვალდებულებების შეუფერხებლად და ჯეროვნად განხორციელებას.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ ასევე პირველი მოსმენით განსახილველად გამოიტანა საკანონმდებლო პაკეტი - კანონპროექტი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.
როგორც ეკატერინე მიქაბაძემ აღნიშნა, წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა მიზნად ისახავს სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბებას საინვესტიციო ფონდებთან დაკავშირებით.
ამგვარად, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონპროექტით წესრიგდება საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების საქართველოში დაფუძნებასთან და მართვასთან, აგრეთვე მათ მიერ ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები.
კანონპროექტის საფუძველზე ასევე განისაზღვრება პირობები, რომლებიც, თანაბარი მოპყრობის პრინციპის გათვალისწინებით, დაარეგულირებს უცხოური საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების საქმიანობას საქართველოში.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, დაიხვეწება საინვესტიციო ფონდების მარეგულირებელი ქართული კანონმდებლობა და იგი დაუახლოვდება ევროკავშირსა და IOSCO-ს წევრ ქვეყნებში მოქმედ პრინციპებსა და ჩარჩოს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის საგადასახადო კოდექსში და საუკეთესო საგადასახადო რეჟიმი შემოდის ფონდების დაბეგვრის, კერძოდ, აღარ იქნება ორმაგი დაბეგვრა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საკმაოდ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პაკეტია, რომელზეც მთავრობის ეკონომიკური გუნდი ეროვნულ ბანკთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან წლების განმავლობაში მუშაობდა და შეჯერებული ვარიანტი იქნა მიღებული.
კომიტეტის წევრებმა ორივე საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირეს.
კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ „იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „იაპონიის საზღვარგარეთთან თანამშრომლობის მოხალისეთა პროგრამის“ ფარგლებში საქართველოში მოხალისეების გაგზავნის შესახებ „ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების“ დოკუმენტს, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ წარადგინა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა კომიტეტის წევრებს პირველი მოსმენით განსახილველად წარუდგინა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა - ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.
მისი ინფორმაციით, წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანს საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შინაარსობრივი და ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილების განხორციელება და კოდექსის სრულყოფა წარმოადგენს.
აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტს კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას, გიორგი კოპაძის, კობა ლურსმანაშვილის, გოჩა ენუქიძის, ერეკლე ტრიპოლსკის, პაატა მხეიძის, არჩილ ხაბაძის საკანონმდებლო ინიციატივა განსახილველად მერაბ ქვარაიამ გამოიტანა.
ეს საკანონმდებლო ინიციატივა მოიცავს: პარლამენტის რეგლამენტის პროექტს „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და კანონების პროექტებს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
როგორც მერაბ ქვარაიამ განაცხადა, მთავრობამ წარმოადგინა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვით, თვითმმართველობის კოდექსის ჰარმონიზება ხდება დანარჩენ კანონმდებლობასთან, რის გამოც ცვლილება 172 კანონში შედის, წარმოდგენილი ინიციატივა სწორედ აღნიშნული პაკეტის დამატებას წარმოადგენს. ცვლილებები ძირითადად ტერმინოლოგიური ხასიათისაა. კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.
კომიტეტმა პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განიხილა პარლამენტის წევრის, ნატო ჩხეიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
ნატო ჩხეიძის განმარტებით, მისივე თქმით, 26 მაისი კი, ისტორიული რაკურსისა და საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის, როგორც ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტის სტატუსის გათვალისწინებით, შეიძლება რომ უკავშირდებოდეს პრეზიდენტის დღეს.
კანონპროექტებმა კომიტეტის წევრების მხრიდან აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, საბოლოოდ კი კომიტეტმა მათ მხარი არ დაუჭირა.
კომიტეტის წევრებმა ასევე იმსჯელეს რამდენიმე საკანონმდებლო წინადადებაზე, რომლებსაც კომიტეტის წევრების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.