ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სხვადასხვა კანონპროექტზე იმსჯელეს
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე უძღვებოდა, რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელეს.
კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საბოლოო - მესამე მოსმენით განიხილა.
როგორც მომხსენებელმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, კანონის 32-ე მუხლს ემატება „ე“ ქვეპუნქტი: ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, უფლებამოსილია, საქართველოში შემოსვლის ან/და ყოფნის მიზნით, შესაბამის უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა წრის მიმართ, დაადგინოს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობები და წესები.
მომხსენებლის თქმით, საკითხი ეხება მთავრობას და კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.
შენიშვნა სხდომაზე წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართ არავის ჰქონდა და ერთხმად დაუჭირეს მხარი.
კომიტეტმა მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილა ასევე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
როგორც საკითხის წარდგენისას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ განაცხადა, პირველი მოსმენის შემდეგ შენიშვნები არ ყოფილა და წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, „უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, რომლის ოდენობაც შეადგენს დიპლომატიურ სამსახურში მის მიერ დაკავებული ბოლო უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის თანამდებობრივი სარგოს მესამედს, რაც დაითვლება კომპენსაციის დანიშვნის მომენტისათვის შესაბამისი თანამდებობისათვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს ოდენობიდან“.
შენიშვნები კომიტეტის წევრებს არ ჰქონდათ და მხარი დაუჭირეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენით განსახილველად გატანას.
კომიტეტის წევრებმა ასევე მეორე მოსმენით განიხილეს კანონპროექტები: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე - „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები კომიტეტის სხდომაზე განსახილველად თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გამოიტანა.
კანონპროექტი თითქმის ერთ წელზე მეტია ინიცირებული და პირველი მოსმენით კიდეც მიღებულია, თუმცა მომხსენებლის განცხადებით, მისი საბოლოო მიღება გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო რატომღაც გაჭიანურდა.
ამიტომ, მან კომიტეტის წევრებს კიდევ ერთხელ შეახსენა კანონის მიზანი და აღნიშნა, რომ კანონპროექტი ეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების სოციალური პირობების დაცვას და გაუმჯობესებას, აგრეთვე, მათი მოტივაციის ამაღლებას და შემდგომი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.
მისი თქმით, კანონში, სადაც სპეციალური წოდებების მქონე პირები არ არის აღნიშნული, ხარვეზის გასწორება იქნება სამართლიანი, რათა ადამიანებს, რომლებიც აბსოლუტურად იგივე საქმიანობას ახორციელებენ, როგორც სხვა წოდების პირები, დაენიშნოთ ასევე კომპენსაცია 20 კალენდარული წლის ნამსახურობის შემთხვევაში.
კომიტეტის წევრებმა მომხსენებლის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები გაიზიარეს და კანონპროექტებს მხარი დაუჭირეს.
დღევანდელ სხდომაზე კომიტეტმა, ასევე II მოსმენით განიხილა პარლამენტის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლებიც სხდომაზე თავად ინიციატორმა გამოიტანა.
მომხსენებელმა კიდევ ერთხელ შეახსენა კოლეგებს, რომ სამივე კანონპროექტი ეხება სხვადასხვა მიზეზით ზედმეტად გაცემული თანხების ლეგალიზაციის და ამ თანხების უკან დაბრუნების ვალდებულებისაგან ბენეფიციარების გათავისუფლების საკითხებს.
კომიტეტმა ამ კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანასაც დაუჭირა მხარი.