დიმიტრი ხუნდაძე: ორმხრივადაა ბალანსი დასაცავი, მაგრამ რა თქმა უნდა, უპირატესი არის ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და პაციენტის უფლებები
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე უძღვებოდა, „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ კანონპროექტი III მოსმენით განიხილა.
კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის ერთი ჯგუფის, კერძოდ, პარლამენტის წევრების: სოფიო კილაძის, ირაკლი კობახიძის, შალვა კიკნაველიძის, მერაბ ქვარაიას, რატი იონათამიშვილის, დიმიტრი ცქიტიშვილის, ილია ნაკაშიძის, დიმიტრი მხეიძის, დავით მათიკაშვილის, ანრი ოხანაშვილის, პაატა მხეიძის, გია ბენაშვილის, ცოტნე ზურაბიანის, გოგი მეშველიანის, ენძელა მაჭავარიანის, სვეტლანა კუდბას, ფატი ხალვაშის, დიმიტრი ხუნდაძის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს, კომიტეტის სხდომაზე საბოლოო მოსმენით პარლამენტის წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ გამოიტანა.
სოფო კილაძის განცხადებით, კანონპროექტი მეორე მოსმენის შემდეგ რედაქციულად გასწორდა და მან კოლეგებს ეს რედაქციული ცვლილებები გააცნო.
კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.
კომიტეტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტზე მსჯელობა გააგრძელა, რომლის განხილვაც კომიტეტის წინა სხდომაზე დაიწყო.
მომხსენებელმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ კიდევ ერთხელ გააცნო კომიტეტის სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას კანონპროექტის ძირითადი პრინციპები და ის საკითხები, რასაც ცვლილებები ეხება.
მისი თქმით, ზუსტდება ფარმაცევტული პროდუქტის და ბიოლოგიურად აქტიური დანამატის ტერმინთა განმარტებანი, ცვლილებები ძირითადად პროცედურული ხასიათისა და რეგისტრაციისა და საქმის წარმოების ვადების ცვლილებას უკავშირდება. ცვლილებების მიზანია საქართველოს ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის დაშვების რეჟიმის, წესისა და პირობების დახვეწა.
სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ფარმაცევტული პროდუქტის სარეგისტრაციო ვადებთან დაკავშირებულმა საკითხმა. აღინიშნა ისიც, რომ მარეგულირებლის შესაძლებლობები გასაძლიერებელია როგორც ტექნიკური უზრუნველყოფის, ასევე პროგრამული კუთხით. კანონპროექტის ინიციატორებს კომიტეტმა თავის მხრივ, გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე, ვადებთან დაკავშირებით თავისი ვარიანტი შესთავაზა, რომელიც კანონპროექტით წარმოდგენილი ვადების შემცირებას ითვალისწინებს.
კომიტეტის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში იყო ასევე საკანონმდებლო პაკეტი - „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც კომიტეტის წინა სხდომაზე განიხილეს და კენჭისყრისთვის გადადეს.
როგორც დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, კომიტეტის შეჯერებული პოზიცია იყო, რომ საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით არ განხილულიყო, შესაბამისად კანონპროექტების განხილვა ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება. მისი თქმით, განხილვებზე შემოთავაზებული იყო წინადადებები, რომ სასამართლო არ გამოცალკევებულიყო პროცესებისაგან და ეს, მისივე თქმით, არის ნამდვილად სწორი. დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ გათვალისწინებულ იქნა ასევე რეგულირების სააგენტოს შემოთავაზებაც - წინასწარი შეტყობინების რეჟიმის გარეშე ყოფილიყო შემოწმება, რათა ზედამხედველობის საქმიანობაში ხელისშეშლის ფაქტორს არ ჰქონოდა ადგილი.
შესაბამისად, დიმიტრი ხუნდაძემ კოლეგებს გააცნო კომიტეტის შეთავაზების ფორმულირება, კერძოდ ის, რომ კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კონტროლი კვლავ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე განახორციელოს, ოღონდაც სამედიცინო დაწესებულების სავალდებულო შეტყობინების გარეშე.
„ვფიქრობ, რომ ეს არის ყველასათვის მისაღები პოზიცია და რაც მთავარია, სწორი პოზიცია და შემდეგ, რაც არის მეორე მოსმენის საკითხები, მათზე კიდევ ერთად ვიმსჯელოთ“, - მიმართა მან კოლეგებს.
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ, მოითხოვა, რომ კენჭისყრამდე სიტყვა კანონპროექტთან დაკავშირებით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის მიეცათ.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საკითხი კენჭისყრაზე იყო გადადებული და ამიტომ კომიტეტი განხილვის პროცედურას ვერ დაუბრუნდება, დაინტერესებულ პირებს კი საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ კანონპროექტების მეორე და მესამე განხილვის პროცესში.
„კომიტეტს აქვს თავისი მუშაობის წესი. საკითხი შემოვიდა დაჩქარებული წესით, კომიტეტმა არ მიიღო ეს შემოთავაზება, მიუხედავად იმისა რომ ბიუროზე იყო გადაწყვეტილი. ჩვენ ჩვეულებრივი წესით დავიწყეთ ამ კანონპროექტის განხილვა, რამე თუ საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო მოგვესმინა სხვადსხვა აზრი, დამოკიდებულება და ამისათვის ორმა კომიტეტმა დაუთმო დრო და ყველა მისცა საშუალება, რომ თავისი აზრი გამოეთქვა. ჯანდაცვის კომიტეტზე ყველა სტუმარს ჰქონდა საშუალება, რომ თავისი აზრი დაეფიქსირებინა, შემდეგ იყო კიდევ დამატებით შეხვედრა ეკონომიკის კომიტეტში, სადაც კიდევ ჰქონდათ მათ დრო, რომ დამატებით თავისი პოზიციები გამოეთქვათ და მეც ამ კომიტეტის უდიდეს ნაწილს ვესწრებოდი. შემდეგ ეს საკითხი ჯანდაცვის კომიტეტზე კენჭისყრაზე იყო დაყენებული და სწორედ კენჭისყრა გადაიდო და არა განხილვა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისი თქმით, კომიტეტს რეგლამენტით განსაზღვრული აქვს თავისი მუშაობის წესი და დღეს უნდა გამართულიყო მხოლოდ კენჭისყრა. მან კოლეგებს კიდევ ერთხელ გააცნო ის შენიშვნები, რომლებიც კომიტეტების სხვადასხვა სხდომაზე გამოითქვა და რომელთა გაზიარებასაც კანონმდებლები ითხოვენ კანონპროექტების ინიციატორებისგან.
„ვფიქრობ, აქ მრავალმხრივ იქნება დაცული ინტერესი. ინტერესი არ არის აქ მხოლოდ კლინიკების და მათი მესაკუთრეების. არსებობენ პაციენტები და მე ვფიქრობ, სწორედ პასუხისმგებელმა უწყებამ უნდა აიღოს კონტროლი იმაზე, რომ ყველაზე უპირატესი ინტერესი იყოს დაცული - მოსახლეობის ჯანმრთელობა და პაციენტის უფლებები. სისტემა, რა თქმა უნდა, მთავარ მიზანზე უნდა იყოს ორიენტირებული - უნდა იყოს პაციენტის უფლება დაცული. პაციენტის ინტერესს ექიმის გარეშე ვერ დაიცავ, მაგრამ კლინიკების ინტერესიც უნდა იყოს გათვალისწინებული, მაგრამ არ შეიძლება მხოლოდ იმის ინტერესი გადაიძალოს, რომ ვინმემ არ აღმოაჩინოს მის საპასუხისმგებლო არეალში, მის კლინიკაში რაიმე დარღვევა. დარღვევა სწორადაც უნდა იყოს აღმოჩენილი და რეგულირების სააგენტოს ჰქონდეს ამის საშუალება, მაგრამ რა თქმა უნდა სასამართლოს როლი უნდა იყოს შეუცვლელი“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ და კოლეგებს გააცნო რამდენიმე მუხლის ახლებურად განსაზღვრული ფორმულირებები.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ეს შენიშვნები აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული, რათა ბალანსი იყოს დაცული, „რომ ვინმემ, თუნდაც ცუდი ხელისუფლების პირობებში არ მოისურვოს ის, რომ კლინიკაში შევიდეს როგორც სადამსჯელო რაზმი და ასევე ის, რომ მაკონტროლებელს, მარეგულირებელს არ ჰქონდეს ბერკეტი იმისა, რომ შეამოწმოს თუ რამდენად სწორად ხორციელდება სამედიცინო საქმიანობა, რომელიც ძალიან ხშირად უკავშირდება ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. აქ ორმხრივადაა ბალანსი დასაცავი, მაგრამ რა თქმა უნდა, უპირატესი არის ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და პაციენტის უფლებები“.
საბოლოოდ, კომიტეტმა შემოთავაზებული შენიშვნებით საკანონმდებლო პაკეტს კენჭი უყარა და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
კომიტეტმა გარკვეული შენიშვნების გათვალისწინებით კენჭი უყარა ასევე კანონპროექტს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მასაც პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.
კომიტეტმა დღესვე I მოსმენით განიხილა კანონპროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები. საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: დიმიტრი ცქიტიშვილი, სოფიო კილაძე, დავით მათიკაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კობახიძე, რატი იონათამიშვილი, თამარ ხულორდავა.
კანონპროექტები ზოგადი პრინციპების დონეზე პარლამენტის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა წარადგინა.
კანონპროექტით რეგულირდება აქამდე დაურეგულირებელი ან არასრულყოფილად რეგულირებული შრომითსამართლებრივი საკითხები.
ეროვნული კანონმდებლობის ევროპული კავშირის კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, კანონპროექტი გულისხმობს შემდეგი საკითხების მოწესრიგებას: დისკრიმინაციის აკრძალვა; ზეპირი და ვადიანი შრომითი ხელშეკრულება; შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები; სტაჟიორის სამართლებრივი სტატუსი; არასრული სამუშაო განაკვეთი; სამუშაო დრო; დასვენების-შესვენების უფლება; ზეგანაკვეთური სამუშაო; ცვლაში მუშაობა; ღამით მუშაობა; ორსულობის და მშობიარობის გამო შვებულება, ბავშვის მოვლის გამო შვებულება, რომელიც ასევე მოიცავს მამების ანაზრაურებად შვებულების უფლებას; შრომის ანაზღაურება და მინიმალური ხელფასი; მასობრივი დათხოვნა; საწარმოთა გადაცემა; გაფიცვის უფლება; კოლექტიური შრომითი მედიაცია; ინფორმაცია და კონსულტაცია სამუშაო ადგილზე; შრომით უფლებებთან დაკავშირებით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება.
როგორც მომხსენებლმა აღნიშნა, კანონპროექტის მიღება იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს შრომის სამართლის ევროპულ კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოვების თვალსაზრისით. კანონპროექტი თავის მხრივ ხელს შეუწყობს, შრომითი უფლებების დაცვის სტანდარტების განვითარებას, დახვეწასა და გაუმჯობესებას.
მომხსენებელმა ასევე უპასუხა კომიტეტის წევრთა კითხვებს, საბოლოოდ კი გადაწყდა, რომ კანონპროექტის განხილვა კომიტეტში ხვალ, 1 ივლისს გაგრძელდება.