ირაკლი ბერაია გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა

მხარეებმა განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა ქართულ-ბრიტანული სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოს რეგიონების დეოკუპაცია, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი.
ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი რჩება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური მისწრაფების მტკიცე მხარდამჭერად. აღნიშნა, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და ამ კუთხით შეთანხმების გაფორმებამ თვისობრივად უფრო მაღალ დონეზე აიყვანა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები.
როგორც ირაკლი ბერაიამ განაცხადა, საქართველოსა და ბრიტანეთს განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს. წარმატებულია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. ეს პირველ ყოვლისა ეხება თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას. გაერთიანებული სამეფოს წვლილი გამორჩეულია ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება, კიბერუსაფრთხოება, კრიზისების მართვა, სტრატეგიული კომუნიკაციები. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს თანამშრომლობა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განზომილებაა საპარლამენტო თანამშრომლობა.
კომიტეტის თავმჯდომარემ ელჩს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისთვის რუსეთზე აუცილებელია გაიზარდოს საერთაშორისო ზეწოლა. აგრეთვე, მნიშვნელოვანია ნატო-ს მოკავშირეებმა დააჩქარონ საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის მიზნით პოლიტიკური გადაწყვეტილების პროცესი.
ირაკლი ბერაიამ ბრიტანელ დიპლომატს კომიტეტის პრიორიტეტები გააცნო და მასთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.