ლევან იოსელიანი გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება მიმოიხილეს და მიმდინარე პროცესები შეაფასეს.
საუბრის ძირითად თემას საარჩევნო რეფორმა და ის საკანონმდებლო ინიციატივები წარმოადგენდა, რომელიც პარტია „მოქალაქეებმა“ პარლამენტში დააინიცირეს.
ბრიტანელი დიპლომატი სასამართლო რეფორმის თაობაზე პარტიის ხედვებით და მოსაზრებებით დაინტერესდა.
ლევან იოსელიანმა ელჩს საარჩევნო და სასამართლო რეფორმის მნიშვნელობაზე ინფორმაცია მიაწოდა.
„სასამართლო რეფორმის შესაძლებლობა დღეს მოლაპარაკებების მაგიდაზე დევს და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ექვსპუნქტიან დოკუმენტშიც საუბარია აღნიშნულ თემაზე. დღეს ოპოზიციას კარგი შანსი აქვს ამ მოლაპარაკებებით მნიშვნელოვანი შედეგი მიიღოს და სასამართლო სისტემის რეფორმირება დაიწყოს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
გაერთიანებული სამეფოს ელჩთან გამართულ შეხვედრას პარლამენტის წევრი ალექსანდრე ელისაშვილი დაესწრო, რომელმაც დიპლომატს პარტია „მოქალაქეების“ წევრების პარლამენტში საქმიანობის და საკომიტეტო მუშაობაში ჩართულობის შესახებ ინფორმაცია გააცნო.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტებიც მიმოიხილეს და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრეს.