მიხეილ ყაველაშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-იაპონიას შორის არსებული თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. საუბრის ერთ-ერთ თემას მიმდინარე წელს ტოკიოში დაგეგმილი ოლიმპიური თამაშები და მისი საორგანიზაციო საკითხები წარმოადგენდა.
იაპონელმა დიპლომატმა მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან შეხვედრის წინადადებით მიმართა, რათა ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობას და ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენებს დამატებით გააცნოს ინფორმაცია თუ რა სამზადისი მიმდინარეობს იაპონიის მთავრობის მხრიდან ოლიმპიადის ორგანიზებულად ჩასატარებლად.
მიხეილ ყაველაშვილმა და აკირა იმამურამ კომიტეტსა და საელჩოს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტებზეც იმსჯელეს.
აღინიშნა, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის და სპორტული ტურიზმის კუთხით იაპონიის მხარე საქართველოსთან ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე მზაობას გამოთქვამს, რასაც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი მიესალმება.
შეხვედრაზე მხარეებმა სუმოსა და ძიუდოში სპორტსმენების გაცვლით პროგრამებსა და მწვრთნელების გადამზადების საკითხებიც განიხილეს.
შეხვედრის დასასრულს კომიტეტის თავმჯდომარე და იაპონელი დიპლომატი შემდგომი თანამშრომლობის და კომუნიკაციების მიმართულებებზე შეთანხმდნენ.