რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ ხელშეკრულებაზე იმსჯელეს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს „2015 წლის 15 ოქტომბრის „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (ქუთაისის წყალარინება) N1 ცვლილებისა და უარის თქმის წერილი“ გააცნო.
მომხსენებლის ინფორმაციით, ქუთაისის წყალარინების სისტემის და ახალი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკმა, სესხის სახით, 100 მლნ. ევრო გამოყო.
ასევე, თანადაფინანსებისთვის ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ინსტრუმენტის (NIF) ფარგლებში გამოყოფილი იქნება 4 750 000 ევროს ოდენობის გრანტი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური დახმარების სატრასტო ფონდიდან (EPTATF) ტექნიკური დახმარების მიზნით 3 250 000 ევროს გრანტი გამოყო.
მისივე განცხადებით, აღნიშნული ფინანსური რესურსის ათვისება 2020 წლის ბოლომდე უნდა მომხდარიყო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, პროექტის დაწყების თარიღმა გადაიწია.
შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, ფინანსურ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შემდეგ, პროექტის განხორციელების პერიოდად 2021-2026 წლები განისაზღვრება.
ფინანსური ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, კომენტარი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში, ქუთაისის წყალარინების სისტემის 360 კილომეტრი ქსელის რეაბილიტაცია-მშენებლობა და ახალი გამწმენდი ნაგებობის აშენება იგეგმება.
სხდომაზე კომიტეტის წევრებმა საკითხის ირგვლივ მოსაზრებები გამოთქვეს. აღინიშნა, რომ ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, როგორიც ქუთაისის წყალარინების სისტემის მშენებლობაა, უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს, რათა არ მოხდეს პროექტის კიდევ ერთხელ გადავადება და ვადები და პირობები შესრულდეს.
„მნიშვნელოვანია, რომ პროექტის განხორციელების ზედამხედველობაში აქტიურად ვიყოთ ჩართულები, რადგან ჩვენ ყველანი, ჩვენი სამშობლოს განვითარებისთვის და ჩვენი ხალხის კეთილდღეობის გაზრდისთვის, ერთ საქმეს ვაკეთებთ. მადლობა კომიტეტის წევრებს, ჩართულობისთვის და საკითხის მიმართ ასეთი დამოკიდებულებისთვის“, - განაცხადა სხდომის წამყვანმა, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა.
კომიტეტის წევრებმა სარატიფიკაციო ხელშეკრულების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.